GE

რა ხდება, თუ წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი დაკისრებული ფუნქციის შესრულებისას უარყოფით შეფასებას მიიღებს? – ექსპერტის განმარტებები

ავტორი: მაია ლაპიაშვილი, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტი

როგორც 27 ნოემბერს მაია ლაპიაშვილმა EDU.ARIS.GE-ს დაუდასტურა, იმ კომისიების წევრების ტრენინგები, რომლებიც წინსვლის მსურველ პედაგოგებთან გასაუბრებებს ჩაატარებენ, უკვე დაწყებულია. რაც შეეხება გასაუბრების გამოცხადებას, სავარაუდოდ, დეკემბრის თვიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც ვხედავ, ბოლო დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები ვრცელდება. ზოგიერთის მტკიცებით, უარყოფითი შეფასება მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლებას გამოიწვევს.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №641 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, ფუნქციის შესრულების უარყოფითად შეფასების შემთხვევაში:

1. მასწავლებელს ეკისრება პროფესიული განვითარების ვალდებულება იმ მიმართულებით, რომელშიც მისი საქმიანობა უარყოფითად შეფასდა;

2. მასწავლებელს უნარჩუნდება შესაბამისი ფუნქციის შესრულების ვალდებულება. პროფესიული განვითარების პროცესის პარალელურად მან იმავე მიმართულებით უნდა გააგრძელოს ფუნქციის შესრულება.

3. სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს პროფესიული განვითარების აქტივობების ხელმისაწვდომობა და პროცესის მონიტორინგი.

4. უარყოფითი შეფასების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მენტორი მასწავლებლებისთვის ანალოგიურ შედეგებს ითვალისწინებს სქემის 21-ე მუხლი.

რას ნიშნავს ეს?

ფუნქციის შესრულების უარყოფითი შეფასება, თავისთავად, არ გულისხმობს მასწავლებლის ავტომატურად გათავისუფლებას ან სტატუსის ჩამორთმევას.

რეგულაცია ამ შემთხვევაში ითვალისწინებს პროფესიული განვითარების ვალდებულებას და ფუნქციის შესრულების გაგრძელებას.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფუნქციის შესრულება არჩევითია ან რომ მისი შეუსრულებლობა ყოველგვარი სამართლებრივი შედეგის გარეშე დარჩება. შრომითი ურთიერთობის საკითხები ცალკე კანონმდებლობითაც რეგულირდება.

ასევე, ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს უკვე დაკისრებული ფუნქციის შესრულების შეფასება და კარიერული წინსვლის მიზნით განხორციელებული საქმიანობის შეფასება. ეს განსხვავებული პროცედურებია.

ჩემი რჩევაა, შეშფოთებასა და მოარულ ხმებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანას სჯობს, მოქმედ რეგულაციას გავეცნოთ.

მით უმეტეს, როცა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს უარყოფითი შეფასების შედეგებს.

წავიკითხოთ, გავიაზროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავავრცელოთ ინფორმაცია! პირველწყარო: საქართველოს მთავრობის №641 დადგენილებით დამტკიცებული სქემა, მუხლები 17 და 21.

ასევე იხილეთ:

რამდენ სკოლაში შეძლებს მასწავლებელი ფუნქციური დანამატის მიღებას – ცვლილებები ანაზღაურების შესახებ ბრძანებას შეეხო

სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური