სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებაზე პარლამენტში იმსჯელებენ – „ყველა ბავშვი სრულყოფილად უნდა სწავლობდეს თავისი ქვეყნის ისტორიას“
„ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ერი ვართ და ისტორია და რელიგია ჩვენი იდენტობის მთავარი ნაწილია. ადამიანი რომ ჩამოყალიბდეს სწორედაც რომ ეროვნულ საწყისებზე, პირველ რიგში, ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია“, – უთხრა 22 თებერვალს EDU.ARIS.GE-ს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმაში წერია, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხს შეისწავლის. გიორგი ამილახვარი EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რატომ დადგა აღნიშნული საკითხის შესწავლის საჭიროება, პასუხობს, რომ კომიტეტს ისტორიკოსებმა მიმართეს და აცხადებენ, თითქოს სკოლებში საქართველოს ისტორია შესაბამისად აღარ ისწავლება.
„კომიტეტი მოსმენას გამართავს საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრებმა დააყენეს საკითხი და გვინდა, შევისწავლოთ, თუ როგორ არის მოცემული სასწავლო გეგმაში ეს საგანი, რა დოზით ისწავლება და თუ რამე კორექტირებას საჭიროებს, შესაბამის კონსულტაციებს გავმართავთ სამინისტროსთან.
მოსაზრებას, რომ საქართველოს ისტორია ცალკე საგნად აღარ არის და ის მსოფლიო ისტორიის ქოლგის ქვეშ არის მოქცეული, მე ვერ დავადასტურებ, რადგან ჯერ არ გავცნობივარ ამ საკითხს და სწორედ მისი შესწავლა და ნახვა გვინდა, რადგან ჩვენ ისტორიკოსებმაც მოგვმართეს თხოვნით, რომ შეგვესწავლა აღნიშნული საკითხი. ამიტომაც მოხვდა ის ჩვენს სამოქმედო გეგმაში და აუცილებლად ჩავუღრმავდებით, შევისწავლით და თუ დავინახეთ, რომ საქართველოს ისტორია არ არის ისე წარმოჩენილი სასწავლო გეგმაში, როგორც ამას თავად ეს საგანი და ჩვენი ისტორია იმსახურებს, მაშინვე შესაბამისი კონსულტაციები და რეკომენდაციებიც გვექნება სამინისტროსთან“, – უთხრა ამილახვარმა EDU.ARIS.GE-ს.
გიორგი ამილახვარი თვლის, რომ სამშობლოს ისტორიის კარგად შესწავლის საკითხი მისთვის პრიორიტეტულია, რადგან ისტორია და რელიგია ჩვენი იდენტობის ნაწილია.
„ყველა ჩვენმა ბავშვმა უნდა იცოდეს ის ისტორია, რაც საქართველომ გაიარა. ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ერი ვართ და ისტორია და რელიგია ჩვენი იდენტობის მთავარი ნაწილია. ადამიანი რომ ჩამოყალიბდეს სწორედაც რომ ეროვნულ საწყისებზე, პირველ რიგში, ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია და ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ყველა ბავშვი სრულყოფილად სწავლობდეს თავისი ქვეყნის ისტორიას. თუ არსებობს მოსაზრება ან მართლა ასეა, რომ ეს ცალკე საგანი აღარ არის და სხვა ქოლგის ქვეშ არის მოქცეული, ვფიქრობ, ამ საკითხის გადახედვა აუცილებლად დაგვჭირდება“.
გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ საქართველოს ისტორიის სკოლებში სწავლების შესწავლის საკითხი ძალიან არ გაიწელება და საგაზაფხულო სესიებისთვის განათლების კომიტეტს უკვე ექნება საკუთარი პოზიცია.
ასევე იხილეთ:
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება