„დიპლომების განათლება კი არა, ცოდნის განათლება უნდა გვქონდეს“, – განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი სისტემაში არსებულ პრობლემებზე და 2022 წლის სამოქმედო გეგმაზე
„დღეს ჩვენ გვაქვს ბევრი სამუშაო ადგილი, სადაც, სამწუხაროდ, განათლების სისტემა ვერ ახერხებს, რომ მიაწოდოს კადრები დამსაქმებელს“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, სადაც, როგორც ამილახვარი ამბობს, არცერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღეს განათლების სისტემაშია, გამორჩენილი არ არის.
„2022 წლის ჩვენს სამოქმედო გეგმაში ჩართული იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უკლებლივ ყველა წევრი, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. ეს არის დიდი ფასილიტაციით გაკეთებული გეგმა. ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღეს განათლების სისტემაში გვაქვს ყველა საფეხურზე, ჩვენს სამოქმედო გეგმაში არის ასახული და არცერთია ყურადღების მიღმა დარჩენილი. იქნება ეს მოკვლევის, მოსმენის თუ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში“, – გვითხრა გიორგი ამილახვარმა, რომელიც კომიტეტის ყველაზე ამბიციურ გეგმად განათლებისა და მეცნიერების კოდექსზე მუშაობას მიიჩნევს.
2022 წლის გეგმაში წერია, რომ კომიტეტმა, პარლამენტის კვლევითი ცენტრის ჩართულობით, 2021 წელს მოამზადა განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კოდექსის შექმნის საჭიროების კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა ხსენებული კოდექსის შემუშავების მნიშვნელობა და საჭიროება. კოდექსის მომზადების საბოლოო ვადად, კომიტეტის გეგმაში 2022 წლის დეკემბერია ჩანიშნული.
„ყველაზე მთავარი და ამბიციური რაც არის, ეს არის განათლებისა და მეცნიერების კოდექსზე მუშაობის პროცესის განსაზღვრა. როგორ, რა ფორმატით, რა სისტემით და რა გეგმით ვიმუშავებთ, ეს უკვე გვიდევს სამოქმედო გეგმაში. დავიწყებთ მოდელის შემუშავებას, რომ წარმოვადგინოთ სამოქმედო გეგმა თუ რა პრინციპებით მოხდება განათლებისა და მეცნიერების კოდექსზე მუშაობა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სამოქმედო გეგმის მიხედვით, შეიქმნება საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებლის გადამზადების 60 კრედიტიანი პროგრამის საბაკალავრო საფეხურის ფარგლებში ინტეგრირების შესაძლებლობას. დაგეგმილია ასევე თემატური მოკვლევა პროფესიული განათლების და სახელმძღვანელოების ეფექტიანობის მიმართულებით. თემატური მოკვლევა მოხდება ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლის კუთხითაც.
„გვაქვს ასევე სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ეხება დისტანციური და ჰიბრიდული საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგებას. ესეც სიახლე იქნება, ვინაიდან უმაღლეს განათლებაში გვაქვს ძალიან აქტიური საკომუნიკაციო გეგმა და ვგეგმავთ, რომ არ დავტოვოთ ჩვენი არცერთი ბენეფიციარი უყურადღებოდ, იქნება ეს რეგიონებში, მაღალ მთაში სკოლები, პროფესიული სასწავლებელი თუ უმაღლესი. აქტიურად ვაპირებთ სიარულს, რომ ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას და შესაბამისი რეაგირება გვქონდეს“, – ამბობს ამილახვარი.
განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი დღეს განათლების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად პანდემიის გავლენას მიიჩნევს. ამილახვარი თვლის, რომ აუცილებელია, პროფესიული და უმაღლესი განათლება დავახლოოთ ჩვენი შრომითო ბაზრის მოთხოვნებს.
„ყველაზე აქტუალური საკითხი, რაც დღეს განათლების სფეროშია, პანდემიის გავლენაა განათლებაზე. ვინაიდან ვიცით, რომ პანდემიის გამო გვაქვს დანაკარგები და ამას სჭირდება აღდგენითი პროცესების დაგეგმვა, როდესაც მორჩება პანდემია. პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით. აუცილებელია, განათლების ხარისხის განვითარება, როგორც სასკოლო, ასევე პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე. ასევე, აუცილებელია, რომ პროფესიული და უმაღლესი განათლება დავაახლოოთ ჩვენს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, უსმენდეს განათლება ეკონომიკას და დიპლომების განათლება კი არა, არამედ ცოდნის განათლება გვქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოვახდინოთ პროფესიული განათლების პრიორიტეტიზაცია. ეს არის მთავარი საკითხი, ვინაიდან დღეს ჩვენ გვაქვს ბევრი სამუშაო ადგილი, სადაც, სამწუხაროდ, განათლების სისტემა ვერ ახერხებს, რომ მიაწოდოს კადრები დამსაქმებელს. ამიტომ, პროფესიული განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, სადაც ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს დამსაქმებლებთან ერთად. პრობლემები და გამოწვევები ბევრია, მაგრამ არის მზაობა რომ ყველა პრობლემას სისტემურად შევხედოთ და სისტემური რეფორმები გავატაროთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
სხვა საკითები, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2022 წელს განიხილავს:
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია
- ჰიგიენის სტანდარტები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
- ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილება
- საქართველოს ისტორიის სწავლება
- მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა
- სკოლებისთვის მოტივაციის გაზრდის მექანიზმების დანერგვა
- ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
- STEM მიმართულების გაძლიერება ზოგადი განათლების საფეხურზე
- პანდემიით გამოწვეული დანაკარგების შეფასება და გამოწვევების დაძლევის გზების განსაზღვრა
- პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელი
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა შრომის ბაზრისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებთან
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა რეგიონების საჭიროებებთან
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური და ჰიბრიდული საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება
- უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი
- სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურებზე საგანმანათლებლო პრიორიტეტებისა და დაფინანსების ახალი მოდელების ჩამოყალიბების შესაძლებლობების კვლევა და განხილვა
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით საკომიტეტო მოსმენების გამართვა
ასევე იხილეთ:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება