ქვეყანას განათლების სექტორისთვის საჭირო ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს – ფინანსთა მინისტრის პასუხი დეპუტატებს
„ვერ იქნება სრულად დაფარული ეს საჭიროებები, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდია შესაძლებლობებსა და საჭიროებებს შორის ზღვარი“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, 17 თებერვალს, განათლების სფეროს დაფინანსების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, როცა მას საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილმა ფინანსთა მინისტრს ჰკითხა, განათლების კონკრეტული სფერო, რომელსაც დაწყებული რეფორმების გამო, სერიოზული სახსრების მობილიზება სჭირდება, რამდენად იყო მათთვის პრიორიტეტული.
„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ეხება სკოლამდელი განათლების საფეხურზე ბაღებში სწავლა-სწავლების და ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ასეთივე რეფორმა იწყება სკოლებთან მიმართებაში. შესაბამისად, საქმე ეხება ათასობით სკოლას, საბავშვო ბაღს. უშუალოდ 2022 წელი მეტწილად დაკავშირებული არის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხებთან, რომელიც უკვე განსაზღვრულ კონკრეტულ სახსრებს ეხება. თუმცა, მომდევნო წლები – 2022-ის შემდეგ, 2026 წლამდე მაგალითად, – სკოლებთან მიმართებაში იქნება ძალიან აქტუალური და მოითხოვს სერიოზული, მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრების მობილიზებას განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. აქედან გამომდინარე, მე მაქვს კითხვა, რამდენად ითვალისწინებს ამას და რამდენად არის პრიორიტეტი – შემოხაზული და გახაზული ფინანსთა სამინისტროს მიერ“, – იკითხა ტალიაშვილმა.
ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ მართალია, განათლების სფეროში დიდი ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა საჭიროებებს აღნიშნული შესაძლებლობები მაინც ვერ ფარავს.
„განათლების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ მსოფლიო ბანკთან ერთად, რომელიც მოიცავს 400 მილიონი დოლარის ინვესტირებას საქართველოში და, მათ შორის, განათლების სექტორში. ამ მიმართულებით დარგობრივი სამინისტრო და დარგობრივი კომიტეტიც, რამდენადაც ვიცი, აქტიურად არის ჩართული… საჭიროებები, რაც ამ სექტორის გააჩნია, ბუნებრივია, ამითაც ვერ იქნება სრულად დაფარული იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდია შესაძლებლობებსა და საჭიროებებს შორის ზღვარი. გარკვეულწილად იქნება დაკმაყოფილებული“, – ამბობს ხუციშვილი.
კიდევ ერთი კითხვა, რაც გარკვეულწილად განათლების სფეროს ეხება, ფინანსთა მინისტრს პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ დაუსვა. დეკანოიძეს აინტერესებდა, როდის გამოსწორდება რეგიონებში ინტერნეტიზაციის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც ეპიდემიის პირობებში ბავშვებზე უმძიმესად მოქმედებს.
„ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2016 წელს და შემდეგ უკვე 2018 წელს ფონდი „ქართუს“ მეშვეობით დააანონსა სკოლის პროგრამები და ეს დაწყებული იყო 2012 წელს. მე მაშინ გახლდით განათლების მინისტრი… ამიტომ, მაინტერესებს, რა ბედი ეწია ინტერნეტიზაციის პროგრამას, სად არის გაჩერებული, რამდენ ბავშვს მიეცით თქვენ ინტერნეტი, იმიტომ, რომ ეპიდემიის პირობებში არის უმძიმესი ვითარება“, – თქვა ხატია დეკანოიძემ.
ლევან ხუციშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერნეტიზაცია 2025 წელს დამთავრდება და ამ შემთხვევაში ფული პრობლემას არ წარმოადგენს.
„სოფლებში ინტერნეტის გაყვანის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ამ მიმართულებით ჩვენ გვყავს ორი მნიშვნელოვანი დონორი. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკი და მსოფლიო ბანკი და ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით მინდინარეობს, რომელიც გააჩნია ქვეყანას, რომ 2025 წლამდე დასრულდეს სოფლების ინტერნეტიზაცია. დღეის მოცემულობით, ამის დასრულებას არანაირი შეფერხება არ ემუქრება… ამ მიმართულებით დიზაინზე სწორედ ახლა მიმდინარეობს მუშაობა და დარგობრივი კომიტეტებია ჩართული… ფულიც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, პროექტი შემდგარია“, – ამბობს ლაშა ხუციშვილი.
ასევე იხილეთ:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება