GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის ბოლო, სადღესასწაულო შეხვედრა გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, საახალწლოდ, 2017 წლის ბოლო, სადღესასწაულო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოების თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე, საზოგადო მოღვაწე როინ მეტრეველი, ცნობილი ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლები.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა და ღონისძიების დასაწყისშივე მისი თხოვნით, წუთიერი დუმილით საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. რექტორმა უნივერსიტეტის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე განვლილ პერიოდზე, დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

საუნივერსიტეტო ჰიმნ „Alma mater“-ის გაჟღერების შემდეგ, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თამარ ბელქანიამ, აუდიტორიის წინაშე 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების სლაიდშოუ და პრეზენტაცია წარმოადგინა. ისაუბრა მნიშვნელოვან კონტაქტებზე, პარტნიორებზე, უნივერსიტეტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა სტუმრობაზე, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის წარმოჩენას, გააჟღერა სასიხარულო სიახლე – უნივერსიტეტისთვის უზურფრუქტის წესით, მიმდებარე, საკმაოდ მოზრდილი მიწის ნაკვეთების გადმოცემის შესახებ. ასევე ისაუბრა საზოგადოებისთვის ცნობილი მეცნიერების მიერ უნივერსიტეტში ჩატარებული საჯარო ლექციების და სტუდენტთა საკლუბო (დიპლომატთა, ისტორიკოსთა, ჰუმანიტართა, იურისტთა კლუბები) ღონისძიებების მნიშვნელობის შესახებ. მან მადლობა გადაუხადა მედიის ყველა წარმომადგენელს, ვინც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მხარში ედგა და უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშექებდა.

ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი როინ მეტრეველი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით საპატიო დოქტორად აირჩიეს. რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ბატონ როინს „ქართული მეცნიერებისა და უმაღლესი სკოლის განვითარებაში სასწავლო, სამეცნიერო – კვლევითი მუშაობისა და ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ სიგელი გადასცა და საპატიო დოქტორის მანტიით შემოსა.

„მრავალი საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ვარ, მაგრამ ამ უნივერსიტეტის დოქტორობა ჩემთვის განსაკუთრებით დიდი სიხარულია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალზედ ახლობელი და მშობლიურია. მასთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს. აქ ბევრი ჩემი კოლეგა ასწავლის და დღეს მე ამაყად ვირგებ ამ მანტიას“, – განაცხადა როინ მეტრეველმა და უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ საბჭოს და მთელ კოლექტივს ამ საპატიო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.

როინ მეტრეველის ბიოგრაფიაზე, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, მის პიროვნულ ღირსებებზე სსუ-ს პროფესორებმა ოთარ ჟორდანიამ და ზურაბ პაპასქირმა, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ქალბატონმა ნანა ხაზარაძემ და ცნობილმა ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ ისაუბრეს.

აუდიტორიის წინაშე აგრეთვე სსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ნინო თავაძე წარსდგა და ისაუბრა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მან რამდენიმე სტუდენტს ფასიანი საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებაზე საპატიო სიგელებით აგრეთვე დააჯილდოეს უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი და უხუცესი პროფესორები. დასასრულ, რექტორმა სტუდენტებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

საღამო მუსიკალურად უნივერსიტეტის სტუდენტურმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა: ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მირონი“ (ხელმძღვანელი, ბატონი დავით ნადარეიშვილი) და ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა „სნო“ (ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთევან წიკლაური) გააფორმეს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ 2018 წელს ახალი გეგმებით და შემართებით ხვდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური