GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული უნივერსიტეტის რექტორი ესტუმრა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს სტუმრად, თვალსაჩინო ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე ესტუმრა.

შეხვედრის ორგანიზატორი ისტორიის მიმართულების სტუდენტების მიერ ახლად შექმნილი „ახალგაზრდა ისტორიკოსთა ლიგა“ გახლდათ. მათ ღონისძიება სამოციქულო ეკლესიის ღირსშესანიშნავ თარიღებს: ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიუძღვნეს. სპეციალურად, ლექციაზე დასასწრებად დუშეთიდან ჩამოვიდა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი – სალომე ლაზვიაშვილი, რომელიც დუშეთის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია და თან თავისი ხუთი მოსწავლე ჩამოიყვანა. 

სერგო ვარდოსანიძე აუდიტორიის წინაშე „ახალგაზრდა ისტორიკოსთა ლიგის“ პრეზიდენტმა, გიორგი კაციამ წარადგინა. სტუმარს მიესალმნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე; ყოფილი რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია და უნივერსიტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, ისტორიკოსი, პროფესორი ზურაბ პაპასქირი.

სერგო ვარდოსანიძემ საჯარო ლექცია საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემაზე: „მოსაყდრის ინსტიტუტი და მოსაყდრეობა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში“ წაიკითხა. მან მოკლედ მიმოიხილა მეოცე საუკუნის საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები და პროცესები, მოკლე ისტორიული ექსკურსი ჩაატარა თუ როდის გაჩნდა პირველი ჩანაწერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის შესახებ, ვინ ამტკიცებდა ჩანაწერს, რა გარემოებების დროს ინიშნებოდა პატრიარქის მოსაყდრე, რა შემთხვევაში შეიძლებოდა მოსაყდრის ინსტიტუტის გაძლიერება, დასუსტება ან გაუქმება. მან ასევე საეკლესიო კრებებსა და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ყველა პატრიარქისა და მათი მოსაყდრეების ისტორიების, ბიოგრაფიებისა და ბედის შესახებ ისაუბრა.

ღონისძიების დასასრულს კი „ახალგაზრდა ისტორიკოსთა ლიგის “ წევრებმა, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების III კურსის სტუდენტებმა: ხატია ჯალაღონიამ, მირანდა მოლაშხიამ და ლელა ტყავაძემ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სლაიდშოუ წარმოადგინეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური