სტატუსშეჩერებული სტუდენტების აქცია და განათლების სამინისტროს პასუხი
დღეს სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გაამრთეს. მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებს განათლების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი შეხვდა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სოციალურ პროგრამას. ასევე, სამინისტროს მხრიდან იყო დაპირება, რომ შემოდგომიდან იქნება გარკვეული შეღავათები არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი, არამედ სხვა სტუდენტებისთვისაც.
„ისინი გვესაუბრნენ სხვადასხვა სოციალურ პროგრამაზე, გვესაუბრნენ მათ მომავალ გეგმებზე. ყველაფერს მაშინ ვირწმუნებთ, როდესაც რეალური შედეგი იქნება. რაც შეეხება დაპირებას, რომ განათლების მინისტრის მოადგილე უნივერსიტეტის რექტორებთან ისაუბრებს, პანდემიის პირობებში, სწავლის საფასურის გადავადება იქნებ მოხერხდეს, ამას შევხედავთ და დაველოდებით“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, პანდემიის დასაწყისიდან სამინისტრომ ყველა ის საჭიროება განსაზღვრა, რომლებიც სტუდენტების წინაშე წარმოიშვა. მისივე თქმით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დღევანდელი შეხვედრის დროს ამ საჭიროებების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
„პანდემიის გამოცხადების პირველი დღიდან სამინისტრომ განსაზღვრა ყველა ის საჭიროება, რომლებიც სტუდენტების წინაშე წარმოიშვა. რეალურად, იცით, რომ ეს გახლდათ გამოწვევა როგორც განათლების სისტემის წინაშე, ასევე მთლიანად საზოგადოების.
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პირველი დღიდან თანამშრომლობს თითოეულ უნივერსიტეტთან. მინისტრის ინიციატივით, გაიმართა რექტორთა საბჭო, სადაც განისაზღვრა ის გადავადების სქემები და გრაფიკები, რომლებიც ინდივიდუალურ დონეზე ითვალისწინებდა საჭიროებებს და გაზაფხულის სემესტრში ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული იყო უნივერსიტეტების მხრიდან.
როგორც მოგეხსენებათ, მოხერხდა სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადავადება. სამინისტროში მუშაობს სოციალური პროგრამები და დღეს არის 13 კატეგორია მოწყვლადი ჯგუფებისა განსაზღვრული, რომელთათვისაც გათვალისწინებულია სწავლის საფასურის სრული სასწავლო გრანტის შესაბამისი დაფინანსება. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ პრემიერის ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც 33 ათასზე მეტ სტუდენტს შეეხო და მათი სწავლის საფასური შემოდგომის სემესტრში განსაზღვრული სოციალური ჯგუფისთვის სრულად იქნება დაფარული და ამასთან ერთად, 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრის დავალიანებაც სრულად ექნებათ დაფარული. ამასთან ერთად, სამინისტრო აცხადებს, რომ თანამშრომლობისთვის დღეს გაიმართა შეხვედრა სტუდენტების წარმომადგენელ ჯგუფთან და ჩვენ მომავალი თანამშრომლობის გეგმა დავსახეთ. კიდევ იქნება განსაზღვრული ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტების წინაშე. ვისურვებთ, არ იყოს ვირუსის მეორე ტალღა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს ასევე გარკვეულ შეღავათებს და დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან, ისე რომ განათლების სამინისტრო გახსნილია ყველა თანამშრომლობისთვის და მზად ვართ, სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან და ერთად განვსაზღვროთ ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტის წინაშე და მთლიანად უმაღლესი განათლების წინაშე“, – განაცხადა ნუნუ მიცჩკევიჩმა.
ამასთან, კითხვაზე, ის სტუდენტები, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველები, სამსახურები დაკარგეს და არ შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა, სექტემბრიდან გააგრძელებენ თუ არა სწავლას, მიცკევიჩი კითხვას ასე პასუხობს:
„დღევანდელ შეხვედრაზე ვერ მოხდა გამოკვეთა მიზნობრივად რომელი ჯგუფი იყო წარმოდგენილი. ჩვენ შევხვდით მათ წარმომადგენლებს და ჩავნიშნეთ შემდგომი შეხვედრა, სადაც ისინი განსაზღვრავენ, თუ რომელ ჯგუფზეა საუბარი და რა საჭიროებები აქვთ მათ. რასაკვირველა, შემოდგომის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლება ექნება ყველა სტუდენტს, ჩვენ ვიმუშავებთ გადავადების სქემებზე უნივერსიტეტებთან და ისინი დაშვებულები იქნებიან, მაგრამ აქვე შევთანხმდეთ, რომ მთავარი არის აკადემიური მოსწრება და ჩვენ უმაღლესი განათლების ხარისხზე ვზრუნავთ და ყველა სტუდენტი იმ პასუხისმგებლობასთან ერთად, რომ მან მოიპოვოს სწავლის საფასური, უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, რომ მან შეასრულოს ყველა ის კრედიტი, ისწავლოს ყველა იმ მოცემულობაში, რომელიც მას აქვს საუნივერსიტეტო სივრცეში. სწავლას გააგრძლებს ყველა ის სტუდენტი, რომელსაც დღეს რეგულაციებით ამის უფლება ეძლევა. არანაირი წინასწარი სტატუსით შეჩერება, რასაკვირველია, არ მოხდება“, – აღნიშნა მიცკევიჩმა.
წყარო: 1tv
- გაიარეთ სასწავლო პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT, SEU-ს სრული დაფინანსებით და გახდით უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრი by მასმედია
- „პედაგოგებს დავარწმუნებთ, რომ საქართველოში არსებობს გაერთიანება, რომელიც მასწავლებლების უფლებებისთვის რეალურად იბრძოლებს“ by მასმედია
- სტიქიის გამო ფოთში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი დროით შეჩერდა by მასმედია