„სურვილის შემთხვევაში, სტუდენტური საცხოვრებლები სრულად შეძლებენ 2020-21 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების დაბინავებას“- KIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება. უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში წელს მათ გაზრდილი არჩევანი აქვთ, რადგან ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ ერთი სასწავლებელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაემატა.
უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია სწავლების დისტანციურ რეჟიმში წარმართვისთვის, რაც სწავლის პროცესში უცხოეთის წამყვანი პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობის შესაძლებლობას იძლევა. როგორია უნივერსიტეტში მიღების მოთხოვნები და რა სხვა რა შეთავაზებები ელოდებათ სტუდენტებს, ამ საკითხზე EDU.ARIS.GE -ს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ესაუბრა.
-2020-2021 სასწავლო წლებში რა პროგრამებზე აცხადებს მიღებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და რომელი საგნების ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?
-ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020-21 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას სამ საბაკალავრო პროგრამაზე – ესენია მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. პროგრამებზე ჩასარიცხად აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. და უნდა დაძლიონ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული კომპეტენციის ზღვარი. უნივერსიტეტში ჩასარიცხად აბიტურიენტები 30 აპრილამდე უნდა დარეგისტრირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად და აირჩიონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროგრამა კოდით 197.
-რამდენ სტუდენტს მიიღებს ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი და ეროვნული გამოცდების გარდა, რაიმე დამატებითი შიდა კონკურსის გავლა ხომ არ იქნება საჭირო?
-2020 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტი არ აწესებს მიღების რაიმე დამატებით პირობას. ეს ნიშნავს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდების შედეგების საფუძველზე 100 სტუდენტი შეძლებს ჩაირიცხოს მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე, 250 სტუდენტი კომპიუტერულ მეცნიერებასა და 650 სტუდენტი მენეჯმენტის პროგრამაზე.
-ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აბიტურიენტებს აინტერესებთ როგორ განისაზღვრა ერთი წლის სწავლის საფასური და როგორია გადახდის მეთოდები? ასევე იქნება თუ არა შიდა გრანტებით სარგებლობის შესაძლებლობა?
-უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობით, რაც შეადგენს 2 250 ლარს წელიწადში. 100 პროცენტიანი დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტების სწავლის გადასახადს სრულად დაფარავს სასწავლო გრანტი. ამის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი. ფონდის ამოცანაა წაახალისოს მაღალი აკადემიური მიღწევები და დაეხმაროს სტუდენტებს სოციალური პროგრამების საშუალებით. დაფინანსებაში იგულისხმება სწავლის გადასახადისა და საუნივერსიტეტო კამპუსის გადასახადის დაფარვა, საუნივერსიტეტო სტიპენდიები და რექტორის სტიპენდიები განსაკუთრებული მიღწევებისათვის. ჩვენი ამოცანაა დავაფინანსოთ ყველა სტუდენტი ვისაც გააჩნია უნივერსიტეტში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის სურვილი და შესაბამისი კომპეტენცია. დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.kiu.edu.ge
-KIU მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორია, რა უპირატესობას მისცემს ეს სტუდენტებს, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შედარებით?
-მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომ სტუდენტებს შესთავაზოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები და თანამედროვე სტუდენტური სივრცე. KIU იქნება უნიკალური სტუდენტური კამპუსი და პროგრამები, სადაც სწავლება წარიმართება ევროპული სტანდარტებით. თანამედროვე პროგრამები და კურსები საშუალებას მისცემენ უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაერთონ საერთაშორისო სტაჟირების და გაცვლით პროგრამებში, ისარგებლონ მობილობის შესაძლებლობით და რაც მთავარია მიიღონ დარგობრივი განათლება და იყვნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.
-შეეძლებათ თუ არა 2020-2021 სასწავლო წლებში სტუდენტებს უკვე სარგებლობა საერთო საცხოვრებლით, რამდენ ადამიანზეა გათვლილი და როგორი იქნება მისი სარგებლობის ღირებულება?
–2020 წლის შემოდგომაზე სტუდენტებს დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები. ეს იქნება კომფორტული ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სრულად აღჭურვილი სამზარეულო კუთხით, თანამედროვე ავეჯით და უწყვეტი ინტერნეტ-კავშირით. სტუდენტები შეძლებენ აირჩიონ როგორც ინდივიდუალური, ასევე ორადგილიანი სტუდენტური სტუდიოები. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტური საცხოვრებლები სრულად შეძლებენ 2020-21 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების დაბინავებას. უნივერსიტეტში ასევე მოქმედებს სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსების გრანტები.
-რადგან უნივერსიტეტი არის საერთაშორისო და სასწავლო პროცესში ჩართულები იქნებიან უცხოელი სპეციალისტები, რა ენაზე წარიმართება სწავლება? რაც შეეხება ქართველ პროფესორ–მასწავლებლებს, რა კრიტერიუმებით ხდება მათი შერჩევა?
-2020 წლის შემოდგომაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე. ეს ნიშნავს, რომ სწავლების პროცესი მთლიანად წარიმართება ინგლისურ ენაზე. ერთის მხრივ, ეს საშუალებას მოგვცემს პროცესში ჩაერთოს უცხოელი აკადემიური პერსონალი. მეორეს მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესში ჩართული იყვნენ ქართველი პროფესორები, რომლებიც დაეხმარებიან სტუდენტებს ინგლისურენოვან საგანმანათლებლო სივრცეში ადაპტაციაში. უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალი შეირჩევა ღია კონკურსის საფუძველზე. შეირჩევიან დარგის წამყვანი სპეციალისტები საქართველოდან და უცხოეთიდან.
-ამ ეტაპზე რა სამუშაოებს ახორციელებს ფონდი „ქართუ“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში?
-საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ სრულიად უზრუნველყოფს უნივერსიტეტის დაფინანსებას, მის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას. დღეისათვის მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები იმ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც ჩაერთვება უნივერსიტეტის სტრუქტურასა და აკადემიურ პროცესში უკვე მომდევნო 2021-22 სასწავლო წლიდან.
- მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი