თსუ ილია ჭავჭავაძის მედლით დაჯილდოვდა
ქართული იდენტობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ილია ჭავჭავაძის მედალი გადაეცა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას, რომელიც ილიაობის დღესასწაულის ფარგლებში საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზუმში გაიმართა, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, პროფესორები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, პირველი ინსტიტუცია, რომელსაც ილია ჭავჭავაძის მედალი გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ისტორიული მნიშვნელობის ჯილდო მიიღო – ილია ჭავჭავაძის მედალი. ყველაფერი, რაც საქართველოში განათლებასთან, განსაკუთრებით კი უმაღლეს განათლებასთან არის დაკავშირებული, უპირველესად ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება. ამდენად, ძალიან სიმბოლურია, რომ ილიაობის დღესასწაულზე ილია ჭავჭავაძის მედლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაჯილდოვდა,“ – განაცხადა თსუ რექტორმა.
ილია ჭავჭავაძის მედლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაჯილდოვების გადაწყვეტილება ილიას ფონდის მზრუნველთა საბჭომ და ილიას სახლ-მუზეუმის მესვეურებმა ერთობლივად მიიღეს. სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის ანდრო ბედუკაძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ ჯილდოს ღირსია. „ილია ჭავჭავაძის მედლით უნდა დაჯილდოვებულიყო ის გამორჩეული ინსტიტუცია, რომელიც ილიას მემკვიდრე და მისი გზის გამგრძელებელია. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ დაგვეჯილდოვებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვინ უნდა დაჯილდოვებულიყო თუ არა ისეთი ეროვნული ინსტიტუცია, როგორიც არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,“ – აღნიშნა ანდრო ბედუკაძემ.
საგურამოში დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას უნივერსიტეტის, ლიტერატურის სფეროს, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პოეტ ტარიელ ხარხელაურის თქმით, ეს ჯილდო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უნივერსიტეტის კედლებში სწავლობდა და სწავლობს. „მე მაქვს სიამაყის განცდა, რომ უნივერსიტეტი ამ ჯილდოს იმსახურებს,“ – აღნიშნა ტარიელ ხარხელაურმა.
ილია ჭავჭავაძის მედალი, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის მიერაა შექმნილი ისეთ გამორჩეულ ინსტიტუტიციას ან პიროვნებას გადაეცემა, რომელსაც საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.
- დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი