GE

თსუ-ის ინკლუზიური თეატრი ონლაინ პრემიერას გამართავს

მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი“ მაყურებელს დიდ ექსპერიმენტულ პრემიერას სთავაზობს. პრემიერა 28 ნოემბერს, 20.00 საათზე, online გაიმართება და მისი ნახვა ყველას შეეძლება facebook-ის მეშვეობით.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ინკლუზიური თეატრი მაყურებლის წინაშე პრემიერით „იდუმალი მთის მიღმა“ წარსდგება. „ასეთი ექსპერიმენტული და უჩვეულო ფორმატის არჩევა მსოფლიოში შექმნილმა პანდემიამ გვაიძულა. ეს, ერთი მხრივ, ჩვენი თეატრისთვის გამოწვევაა და, ასევე, საინტერესო გამოცდილების მიღების საშუალება,“-აღნიშნა თეატრის ხელმძღვანელმა ირა კოხრეიძემ.

„იდუმალი მთის მიღმა“ ფილოსოფიურ-შემეცნებითი ხასიათის ინკლუზიური სპექტაკლია, რომელიც დედამიწაზე მოვლენის შემდეგ ადამიანის მიერ განვლილ გზას ასახავს. გადმოცემულია ადამიანის ამბიციები, სწრაფვები, მიზნის მიღწევის ხერხები და მეთოდები. თუმცა, სპექტაკლში მოვლენები მოულოდნელად სხვანაირად ვითარდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ირა კოხრეიძის ინკლუზიურ თეატრთან“ კულტურის, ინკლუზიური განათლების და ხელოვნების სფეროში, კერძოდ, ინკლუზიური სპექტაკლების გამართვის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობს. ქართული ინკლუზიური ხელოვნების ისტორიაში პირველად, 2019 წელს ჩინეთის დრამატული ხელოვნების საერთაშორისო ფასტივალზე ინკლუზიური თეატრის სპექტაკლმა „კონტაქტი“ პირველი საერთაშორისო აღიარება და წარმატება მოიპოვა. ასევე, სპექტაკლი წარსდგა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი.“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური