GE

თსუ-ის ორგანიზატორობითა და მონაწილეობით საერთაშორისო სიმპოზიუმი „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ ჩატარდა

„აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ – ამ თემას ეძღვნება მე-14 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, რომელშიც 12 ქვეყნის ასზე მეტი მეცნიერი ონლაინ მონაწილეობს. ღონისძიების ორგანიზატორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციაა (GCLA).

სიმპოზიუმის მონაწილეებს თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ასეთ რთულ სიტუაციაში სიმპოზიუმი რომ არ გადაიდო და მისი ჩატარება ონლაინ ფორმატში მაინც მოხერხდა.

„ყველა უნივერსიტეტი, ყველა სამეცნიერო დაწესებულება დგას დიდი გამოწვევების წინაშე. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ერთიანი ძალებით ვახერხებთ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონტაქტების შენარჩუნებას და ტრადიციის გაგრძელებას. გასული წლების განმავლობაში გამოცემულ კრებულებში საკმაოდ საინტერესო სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნდა. იმედია, რომ კიდევ ბევრი სამეცნიერო პუბლიკაცია, ერთობლივი კვლევა გაჩნდება ამ თანამშრომლობის შედეგად“, – აღნიშნა თსუ-ის რექტორმა.

დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, ლიეტუვას, ესტონეთის, თურქეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ყაზახეთის, სომხეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის მეცნიერები, აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან ონლაინ სიმპოზიუმზე წარმოადგენენ მოხსენებებს.

სიმპოზიუმის მიზანია, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მიაქციოს ქართულ ფოლკლორს და, ზოგადად, ფოლკლორს როგორც ხალხთა არქეტიპული აზროვნების მოდელსა და მხატვრულ-ლიტერატურულ ინსპირაციას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური