GE

თსუ-ის წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. შვიდი ფაკულტეტის წარჩინებულ ბაკალავრებს და მაგისტრებს: ალეკო სამადაშვილს, ბელა ცომაიას, მარიამ ორაგველიძეს, გია ქუთელიას, თამარ შავგულიძეს, ანდრანიკ მინასიანს, ქეთო გიგინეიშვილს, მარიამ მაღალდაძეს, ნატო ლაღიძეს, სანდრო ტაბატაძეს, ეკატერინე ჯანიაშვილს, თამარ კაცაძეს, ირინა ნოზაძეს და ნინო ნარმანიას თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესორებმა სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მომავალი წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ასეთივე წარმატებულნი იქნებიან მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი სახელები კიდევ ბევრჯერ გაიჟღერებს ხმამაღლა და მათი მიღწევებით არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არამედ მთელი ქვეყანა იამაყებს“,- აღნიშნა თსუ-ის რექტორმა.

„ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის მაგისტრატურა, ვინაიდან შევიცვალე ფაკულტეტი და მიმართულება. ბაკალავრიატზე ვსწავლობდი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მაგისტრატურაში – განათლების პოლიტიკის მიმართულებით და გადავწყვიტე, რომ სადოქტორო საფეხურზეც გავაგრძელო სწავლა თსუ-ში. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღე გახდეს ტრადიცია და ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულები შეიკრიბონ ყოველთვის, ხოლო უნივერსიტეტი კი გამოხატავდეს მათი მხარდაჭერის მზაობას“,- განაცხადა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ.

COVID-19 გამო მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება ორ ნაწილად დაიყო: ძირითადი ნაწილი ონლაინ ფორმატში აგვისტოში გაიმართა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, წელს უნივერსიტეტი 3500-მდე სტუდენტმა დაამთავრა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი გამოშვება 1922 წელს ჰყავდა. ამ ხნის მანძილზე, თსუ-ს 300 ათასზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა.

ახალ 2020-2021 სასწავლო წელს თსუ-მა 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე 5082 პირველკურსელი მიიღო (წინა წელთან შედარებით 200-მდე პირველკურსელით მეტი), მათ შორის, 24 უცხოენოვან პროგრამაზე. უახლოეს მომავალში სასწავლო პროგრამებს კიდევ 10 უცხოენოვანი პროგრამა დაემატება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური