თსუ-ში ერთობლივი ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
ახალი ერთობლივი ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად უნიკალურ შანსს აძლევს. თსუ-სა და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, პროგრამის ხელმძღვანელი, თსუ-ის პროფესორი იოსებ ხელაშვილი, სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ქართულ-ფრანგული პროგრამის კურსდამთავრებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, რეგიონში პირველებმა მიიღონ თსუ-ის ტურიზმის მაგისტრის და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის – ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრის ორმაგი დიპლომი. მისი თქმით, მომავალში დამატებით რამდენიმე ახალი ქართულ-ფრანგული ერთობლივი პროგრამის განხორციელებაა დაგეგმილი. „ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პროგრამის პრაქტიკული ნაწილი საფრანგეტში ტურისტულ კომპანიებში განხორციელდება. ეს იქნება თსუ-ის სტუდენტებისთვის უნიკალური საშუალება – გაეცნონ ფრანგული ტურიზმის ინდუსტრიას და მიღებული გამოცდილება გადმოიტანონ ქართულ რეალობაში“,- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, თსუ-სა და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს ტურიზმის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას.
„ვულოცავ თსუ-ს ამ შესანიშნავ პროგრამას ტურიზმის სფეროში და ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის დარგში. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რაც დღეს ტურიზმს მთელ მსოფლიოში და საქართველოში ხვდა წილად, ეს სფერო კვლავაც იქნება დინამიური და წარმატებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალი, ევროპული სტილით განათლებული და კვალიფიციური კადრები შეემატოს ამ სფეროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წამოწყება იქნება წარმატებული“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
პროგრამაზე ჩარიცხვა მიულოცა სტუდენტებს და თსუ-სთან აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა. „საქართველოს არჩევანი – განავითაროს თანამედროვე, მაღალი ხარისხის, მწვანე ტურიზმი, არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომელსაც აქვს პერსპექტივა იყოს წარმატებული და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში მეც ვარ ჩართული“,- განაცხადა დიეგო კოლასმა.
პროგრამის ხელმძღვანელის, თსუ-ის პროფესორის, იოსებ ხელაშვილის განცხადებით, სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი“ ხელს შეუწყობს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას: „გადავწყვიტეთ, რომ პროგრამისთვის მიგვეცა უფრო პრაქტიკული მხარე და შეგვერჩია საუკეთესო პრაქტიკა ლიონის მხრიდან. სამაგისტრო პროგრამა არის ძალიან საინტერესო, მის შემუშავებაზე საკმაოდ დიდი დრო დავხარჯეთ. ჩვენთან ისწავლება ახალი, ინოვაციური საგნები, რომელთა საქართველოში სწავლების პრაქტიკაც არ არსებობს. ეს საგნები სტუდენტს კონკრეტულ უპირატესობას შესძენს ბაზარზე.“
ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე პირველი ნაკადი (13 სტუდენტი) თსუ-მ წელს მიიღო. ნათია გოგუაძე ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ 13 სტუდენტს შორის ერთ-ერთია. მისი თქმით, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა მას და დანარჩენ სტუდენტებს მისცემს საშუალებას, უპასუხონ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს: „ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება ისეთ უნივერსიტეტში, როგორიც არის ლიონ 2. დღეს, ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია კომპეტენტური, პროფესიონალი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე კადრების მომზადება და მათი ჩართვა ტურიზმის ინდუსტრიაში.“
- დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი