თსუ-ში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმში სტუდენტების მეტი ჩართულობა ევროპელი პარტნიორების დახმარებით განხორციელდება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვეტილებათა მიღების და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით სტუდენტების მეტი ჩართულობა ევროპელი პარტნიორების დახმარებით განხორციელდება. შოტლანდიური ორგანიზაციის „Sparqs (Student partnerships in quality Scotland)“ წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.
პროექტის „სტუდენტთა შესაძლებლობების გაზრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობისთვის“ ძირითადი ამოცანაა თსუ-ში ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში სტუდენტების გაზრდილი თანამონაწილეობის მხარდაჭერა და სტუდენტთა თვითმმართველობის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის გაძლიერება და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული მმართველობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.
ონლაინ შეხვედრას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე, კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სტუდენტური ორგანიზაციები უფრო მეტად რომ იყვნენ ჩართულნი ხარისხის მართვაში, ხარისხზე დაკვირვებაში, მონიტორინგში, ეს არის აუცილებელი გზა, რომელიც უნდა გაიაროს ჩვენმა უნივერსიტეტმა. იმედია, ის გამოცდილება, რომელიც დაგროვილი აქვს შოტლანდიელ პარტნიორებს, გამოადგება ჩვენს უნივერსიტეტს. პროექტი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს თავად მიიღონ გამოცდილება, გაუზიარონ ერთმანეთს და შოტლანდიელ პარტნიორებს გამოცდილება, დამყარდეს კონტაქტი ორივე ქვეყნის სტუდენტებს შორის“,- განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
როგორც თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა აჩი ჯავახიშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპულ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის 15-წლიანი გამოცდილების მქონე შოტლანდიურ კომპანიასთან. ეს კომპანია ევროპაშიც ეხმარება სტუდენტებს, რათა ისინი ჩაერთონ თავიანთი უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმში.
„ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტები არ არიან ჩართულები ხარისხის მექანიზმში, არც ცენტრალურ და არც საფაკულტეტო დონეზე. ამ ორგანიზაციასთან ერთად ჩვენი მიზანი არის ყველა ფაკულტეტს და პროგრამას ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი – სტუდენტი. ჩვენ, სტუდენტებმა უკეთ ვიცით თუ რა პრობლემები გვაქვს უნივერსიტეტში და რა უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა აჩი ჯავახიშვილმა. მისივე თქმით, საპილოტე პროექტი სექტემბრიდან განხორციელდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომლის დროსაც უფრო ნათლად გამოიკვეთება თუ რა ტიპის პრობლემებია, რა უნდა შეიცვალოს და რა დარჩეს უცვლელი. 2021 წლიდან კი თსუ ყველა ფაკულტეტი ჩაერთვება პროექტში.
პროექტი განხორციელდება შოტლანდიური ორგანიზაციის „Sparqs (Student partnerships in quality Scotland)” მხარდაჭერით, რომელიც ეხმარება უნივერსიტეტებს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესები სტუდენტებთან თანამშრომლობით მოხდეს.
„მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტუდენტების ჩართულობა – ამ პროცესმა თითოეულ სტუდენტს უნდა დაანახოს საკუთარი პოტენციალი, რომელსაც სტუდენტებსა და უმაღლესი დაწესებულების პერსონალს შორის არსებული ძლიერი თანამშრომლობა იძლევა.
მე ბედნიერი ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ვმუშაობ ამ პროცესის განვითარებაში. ვიმედოვნებ, რომ შესაძლებლობა გვექნება თანამშრომლობის პირობებში გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს”, – აღნიშნა შოტლანდიური ორგანიზაციის „Sparqs (Student partnerships in quality Scotland)” – ის დირექტორმა ივ ლუისმა.
პროექტი თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და საერთაშორისო განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებთა ასოციაციის დაფინანსებით შედგა. შოტლანდიური ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტრენინგებს პროექტში მონაწილე სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის და დაეხმარება უნივერსიტეტს დანერგოს „პროგრამის წარმომადგენლის“ პრაქტიკა.
- დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი