GE

თსუ-ში წიგნის „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ ახლებური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

1988 წელს გამოცემული წიგნის, „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ ახლებური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სერგო ჯორბენაძის წიგნში, რომელიც უნივერსიტეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, ასახულია უნივერსიტეტის ისტორიული პერიოდი დაწყებული 1907 წლიდან, გაგრძელებული მისი დაარსებით, პირველი საჯარო ლექციით, სხვადასხვა ფაკულტეტების შექმნითა და დასრულებული ყველა იმ აქტივობით, რომლითაც ასწლოვანი უნივერსიტეტი წლების მანძილზე იწონებდა თავს.

“ეს არის ბრწყინვალე ნაშრომი და ეხება უნივერსიტეტის ისტორიას დაარსების დღიდან 1988 წლამდე. კარგია რომ მკითხველს ექნება საშუალება კიდევ ერთხელ გაეცნოს უნივერსიტეტის შექმნის ისტორიას. ყველა ის ფაქტი, რომელიც მოყვანილია წიგნში არის უაღრესად საინტერესო და იგრძნობა რომ დიდი სიყვარულით არის დაწერილი”, – აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ-ის პროფესორის სერგი ჯორბენაძის თქმით, 2021 წელს სერგო ჯორბენაძის კიდევ ერთი წიგნის “ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა” (1983 წელი) ახლებური ვერსია გამოიცემა და მიეძღვნება ივანე ჯავახიშვილის 145 წლის იუბილეს.

“ჩემთვის ეს მოვლენა განსაკუთრებულია ორი ფაქტორის გამო, პირველი, თსუ ჩემთვის არის ალმა მატერი, რომელიც სარგებლობს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. ამას გარდა, მან არაერთი ქართველი პროფესიონალის ჩამოყალიბებაში ითამაშა უდიდესი როლი. წიგნი არის ბაბუაჩემის გამოშვებული და გახლავთ მისივე ავტორი. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც განსაკუთრებით დააინტერესებს მკითხველს არის ის პრეისტორია,რომელიც დაფუძნებამდე არსებობდა. წიგნში ჩანს თუ რამხელა წინააღმდეგობა იყო უნივერსიტეტის დაარსებისას კონკრეტული პირების და სახელმწიფოს მხრიდან”, – განაცხადა თსუ-ის პროფესორმა სერგი ჯორბენაძემ.

„თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორიის“ ახლებური ვერსია უნივერსიტეტის იუბილეს მიეძღვნა და მისი რედაქტორები სერგი ჯორბენაძე და დიმიტრი გეგენავა არიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური