GE

„თუ ეს ასეა, საჭიროა სკოლებში დაინერგოს საკუთარი რელიგიის სწავლება, დაბალი კლასებიდან“ – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სკოლებში ქრისტიანობა უნდა ისწავლებოდეს.

დეკანოზის თქმით, აუცილებლად საჭიროა საქართველოს მართლმადიდებელი ბავშვებისთვის, სკოლებში დაინერგოს საკუთარი რელიგიის სწავლება, დაბალი კლასებიდან. მისი თქმით საქართველოს სჭირდება ფანატიზმისგან თავისუფალი, ინტელექტუალური, ტოლერანტული შეგნების თეოლოგიის აკადემიურად მცოდნე მასწავლებლები.

„გუშინ პრემიერს ბრიფინგზე წამოსცდა ან განზრახ თქვა, რომ საქართველო მართლმადიდებელი სახელმწიფოაო. თუ ეს ასეა, აუცილებლად საჭიროა საქართველოს მართლმადიდებელი ბავშვებისთვის, სკოლებში დაინერგოს საკუთარი რელიგიის სწავლება, დაბალი კლასებიდან. ვიცი, რომ ბევრი გაბრაზდა ახლა (ეგღა გვაკლიაო), მაგრამ, ნუ აღშფოთდებით, სულ სხვა რამეს ვგულისხმობ.

ჩვენ გვჭირდება რამდენიმე ასეული, ფანატიზმისგან და წილხვდომილური ამპარტავნებისგან სრულიად თავისუფალი, ინტელექტუალური, საღი გონების, ტოლერანტული შეგნების, ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიურად მცოდნე მასწავლებელი, რომელთაც სკოლებში დაევალებათ მართლმადიდებელი რელიგიის სწავლება.

რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მომავალმა ქრისტიანმა მოქალაქეებმა, ბავშვობიდანვე სწორად, აკადემიურად და წიგნიერად იცოდნენ თუ რა არის ქრისტიანობა და წიგნზე (სახარებაზე) დაფუძნებული მათი კაცთმოყვარე სარწმუნოება, რათა შემდგომში ყურიც არ ათხოვონ ათასი ჯურის მქადაგებელს, ფანტაზიორს და გაუნათლებელს, რომელიც დღეს ქრისტიანობის ცოდნას იბრალებს და ამახინჯებს მართლმადიდებელ სარწმუნოებას. მწამს, რომ მოვა ეს დრო ჩვენს სამშობლოში“, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

ფორმულა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური