„უნივერსიტეტი მზად არის გამოცდა როგორც ონლაინ, ისე სააუდიტორიო სივრცეში ჩაატაროს“ – როგორ მიმდინარეობს სწავლება KIU-ში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა სამი კვირის წინ დაიწყო და იგი ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს. როგორც ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის პროცესის მართვისა და სტუდენტური სერვისების მენეჯერი, ვალერი გობრონიძე აღნიშნავს, სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. ხოლო უნივერისტეტში დაცულია ყველა არსებული რეკომენდაცია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით აქვს გაცემული ჯანდაცვის სამინისტროს.
მისივე თქმით, არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ჰიბრიდული მოდელის საშუალებით სწავლება, როგორც ონლაინ, ისე სააუდიტორიო რეჟიმში მიმდინარეობს. სტუდენტებს, სააუდიტორიო მეცადინეობა კვირაში ერთხელ უტარდებათ, ხოლო დანარჩენ დღეებში სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი ნაკადში საგანმანათლებლო პროგრამებზე 246 სტუდენტი მოხვდა. სასწავლო პროცესი ჩვენ 5 ოქტომბერს დავიწყეთ ონლაინ რეჟიმში, რასაც წინ უძღოდა აკადემიური და ადმინისტრაციული საორიენტაციო ღონისძიებები ონლაინ რეჟიმში. თუმცა, რეგულაციებიდან გამომდინარე 19 ოქტომბრიდან უფლება მოგვეცა, რომ საგანმანათლებლო პროცესი გაგრძელებულიყო ჰიბრიდული მოდელით. რა თქმა უნდა, სწავლების პროცესში გათვალისწინებულია, კოვიდ ვირუსის გავრცელების რისკების პრევენციისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნები.
აკრედიტებული პროგრამით განსაზღვრული სწავლების ფორმატები, როგორიც არის ლექცია, ცენტრალური სავარჯიშო, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობა თეორიული მიდგომით ტარდება ონლაინ ფორმით, უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. სწავლების ისეთი კომპონენტები, როგორიც არის ტუტორინგი, ტესტი, უკუკავშირი უკვე ხორციელდება სააუდიტორიო ონლაინ ფორმატში, სადაც არსებობს სტუდენტების რაოდენობისა და საკონტაქტო საათების გათვალისწინებით დაწესებული გარკვეული შეზღუდვები.
ვინაიდან გვაქვს ჰიბრიდული მოდელი, ჩვენ შევთავაზეთ სტუდენტებს, მათი სურვილის შემთხვევაში განთავსებულიყვნენ კამპუსში. დღეისათვის დაახლოებით 160 სტუდენტი იმყოფება უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი ერთვებიან ონლაინ სწავლების რეჟიმში, ასევე კვირაში ერთხელ აქვთ სააუდიტორიო მეცადინეობა, ხოლო დანარჩენი სტუდენტები ასევე კვირაში ერთხელ მოდიან კამპუსის ტერიტორიაზე სააუდიტორიო მეცადინეობებზე დასასწრებლად“, – განაცხადა ვალერი გობრონიძემ.
ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის პროცესის მართვისა და სტუდენტური სერვისების მენეჯერი აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში ცხოვრება საინტერესოა, როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
„ბუნებრივია, რომ კამპუსში დაცულია კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე ყველა სტანდარტი. მოგეხსენებათ საქართველოში მაინცდამაინც არ ვართ განებივრებულები საუნივერსიტეტო კამპუსების სიმრავლით, ამიტომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრება ვფიქრობ, ყველა სტუდენტისთვის, ისევე როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის არის გარკვეული სიახლე და ცხოვრებისეული გამოწვევა. შეიძლება ითქვას, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება სასიამოვნო რეჟიმში მიმდინარეობს. სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი სწავლისა და დასვენებისთვის და ვიმედოვნე, რომ არსებულ სიტუაციას შევინარჩუნებთ სასწავლო პროცესის დასრულებამდე.
რაც შეეხება შუალედური და საგამოცდო პროცესის წარმართვას, ვალერი გობრონიძე აღნიშნავს, ფინალური გამოცდები 10 იანვრიდან იწყება. უნივერსიტეტი კი მზად არის გამოცდა როგორც ონლაინ, ისე სააუდიტორიო სივრცეში ჩაატაროს.
„მიმდინარე სასწავლო კვირიდან სტუდენტებს შუალედური წერა ეწყებათ. სასწავლო პროცესი დეკემბრის ბოლომდე წარიმართება, ხოლო 10 იანვრიდან სტუდენტებს ფინალური გამოცდები ექნებათ.
ჩვენ მზად ვართ სწავლების ყველანაირი მოდელისთვის. თავიდანვე გათვლილი იყო, როგორც სრულად დისტანციური, ისე სრულად სააუდიტორიო და შერეული, ჰიბრიდული სწავლების მოდელები. ვინაიდან უნივერსიტეტი უკვე სარგებლობს ონლაინ პლატფორმებით, საჭიროების შემთხვევაში გამოცდები სრულად ონლაინ რეჟიმში ჩატარდება“,- აღნიშნავს უნივერსიტეტის პროცესის მართვისა და სტუდენტური სერვისების მენეჯერი.
- მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი