„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
უმაღლეს განათლებაში დაანონსებული ცვლილებებით შეშინებულ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს, ამ ეტაპზე, შეუძლიათ, შვებით ამოისუნთქონ. EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი ხდება, რომ დიდი ალბათობით, უნივერსიტეტში 2026 წლის ჩარიცხვებთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება, რაც გამოსაცდელებისთვის დამაბნეველია, ვერ ესწრება და შესაბამისად, სიახლეები ამ წლის აბიტურიენტებს არ შეეხებათ.
აღნიშნულ ინფორმაციას ბოლო დღეების განმავლობაში, პირად საუბრებში გვიზიარებენ და გვიდასტურებენ როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტის ინფორმირებული წარმომადგენლები, ისე თავად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები.
ჩვენი არაერთი წყაროს თქმით, დიდი ალბათობით, ეს ცვლილებები თებერვლამდე ვერ მოესწრება, შეუძლებელია, ამ დროში მოხერხდეს. ახლა საკითხავი მხოლოდ ის რჩება, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობას უთხრას და დაამშვიდოს.
საზოგადოება თანხმდება, რომ განათლებაში ცვლილებები აუცილებელია, თუმცა ისიც ცალსახაა, რომ კონცეფციის დასახვა და მისი პრაქტიკაში განხორციელება ორი სხვადასხვა რამ არის. უმაღლესი განათლების მრავალკომპონენტიანი კონცეფციის რეალობად ქცევას კი, თუნდაც მხოლოდ აბიტურიენტებისა და უმაღლესში ჩარიცხვების ჭრილში, ობიექტურად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სამი თვე. ასევე, რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად ბევრი ადამიანის მონდომება, პასუხისმგებლობა და დარგის არაერთი სპეციალისტია აუცილებელი.
ამას მოწმობს ისიც, რომ 16 ოქტომბრის შემდეგ EDU.ARIS.GE-ს რედაქციაში არ წყდება 2026 წლის აბიტურიენტებისა თუ მათი ოჯახის წევრების ზარები. კითხვები ასეთია: “მართალია, რომ წელს მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის და ერთი ფაკულტეტის არჩევის უფლება გვექნება და მეტის არა?”, “წელს აბარებს ჩემი შვილიშვილი ეროვნულ გამოცდებს, მართლია, რომ რეგიონში მოგვიწევს სწავლა და ცხოვრება, რადგან თბილისში ნებისმიერი ფაკულტეტის არჩევას ვერ შევძლებთ?”, “თუ ადრე არერთი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის არჩევა შემეძლო, ახლა რა მეშველება, მართალია, რომ კერძო უნივერსიტეტებში იურიდიული ფაკულტეტი საერთოდ არ იქნება?…” .
EDU.ARIS.GE იმედს იტოვებს, რომ ამ და სხვა არაერთ მნიშვნელოვან კითხვას დაუყოვნებლივ გაეცემა პასუხი, ან ცალსახად გამოცხადდება, რომ მთავრობა უმაღლეს განათლებაში დაგეგმილი სააბიტურიენტო ცვლილებების განხორციელებას გადაწევს.
მოკლედ გავიხსენოთ დღემდე არსებული მოვლენების ქრონოლოგია:
2025 წლის 16 ოქტომბერს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რას გულისხმობს მთავრობის უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია.
არაერთი საკითხი, რომელიც კონცეფციაშია დასახელებული, წლევანდელი და მომდევნო წლების აბიტურიენტებისა და მათი მშობლების ინტერესის საგანი გახდა. მათ შორის, პრინციპი ერთი უნივერსიტეტი ერთი ფაკულტეტი და 3-წლიანი ბაკალავრიატი/ერთწლიანი მაგისტრატურა.
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი
ამას ისიც დაემატა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, 3+1 სისტემა, რომელიც 3-წლიან ბაკალავრიატს და 1-წლიან მაგისტრატურას გულისხმობს, არ შეეხებათ მათ, ვისაც დღეის მდგომარეობით სტუდენტის სტატუსი აქვთ, მაგრამ მთავრობის გეგმით, 3+1 სისტემაზე გადასვლა მოუწევთ წლევანდელ აბიტურიენტებს [პირებს, რომლებიც მომავალ წელს სტუდენტები გახდებიან]:
ითქვა ისიც, რომ უმაღლეს სასწავლებლებში აქამდე არსებული ჩარიცხვის სისტემა აბიტურიენტებს შორის კონკურენციას აქვეითებს და ეს გამოსასწორებელია:
გარდა ამისა, 6 ნოემბერს, განათლების მინისტრისა და მისი მოადგილის მონაწილეობით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ რექტორთა საბჭოზე, დამსწრე რექტორის ინფორმაციით, ითქვა შემდეგი: დაგეგმილია, რომ დაანონსებული ცვლილებების პირველი ეტაპი დაიწყოს 2026 წლის თებერვლამდე – თებერვალში უკვე უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა პროგრამები უნივერსიტეტებში. ამ ცვლილებებით:
- სახელმწიფო უნივერსიტეტებს განესაზღვრებათ პროფილები, რომელ პროგრამებზე ექნებათ აბიტურიენტების მიღების უფლება სახელმწიფოს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში. შესაბამისად, სხვა პროგრამების განხორციელების უფლება არ ექნებათ.
- საბაკალავრო პროგრამები, გარდა გამონაკლისისა, გახდება სამწლიანი. რომელი იქნება გამონაკლისი, ჯერ უცნობია და თებერვლამდე უნდა დადგინდეს.
ასევე იხილეთ:
საჯარო სკოლებში ფორმების შემოღება იგეგმება – როგორია მოქალაქეების განწყობა და ხედვა თბილისში
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება