„ეს კონკურენციას აქვეითებს“ – განათლების მინისტრი აცხადებს, რომ აბიტურიენტები ჩაბარებას „უშრომელად, ძალიან დაბალი ცოდნის ხარისხით“ ახერხებენ
„დღეს, ფაქტობრივად, უმაღლეს სასწავლებლებში ადგილის მოპოვებაზე კონკურენცია არ არის“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში მთავრობის მიერ დასახელებულ იმ გამოწვევაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით, უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის კავშირი სუსტია.
განათლების მინისტრმა, კონკურენციის „დაქვეითების“ მიზეზად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ მისაღებ ადგილებსა და ამ ადგილებზე მოხვედრის მსურველი აბიტურიენტების რიცხვს შორის დიდი სხვაობა დაასახელა.
გივი მიქანაძის აზრით, სწორედ ამიტომ, აბიტურიენტები, უნივერსიტეტებში ადგილის მოპოვებას „ფაქტობრივად, უშრომელად, ძალიან დაბალი ცოდნის ხარისხით“ ახერხებენ.
„წელს, 37 ათასი აბიტურიენტი გვყავდა და 64 უნივერსიტეტს გამოცხადებული ჰქონდა 45 ათასი ადგილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილების რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე კონკრეტული განმცხადებლების, აბიტურიენტების, ვისაც სურთ, რომ ადგილები მოიპოვონ. რა თქმა უნდა, ეს კონკურენციას აქვეითებს. ერთი და იგივე ფაკულტეტები არის ძალიან ბევრ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამიტომ, მე თუ ვარ აბიტურიენტი და განაცხადის დროს ყველა იმ სახელმწიფო უნივერსიტეტს შემოვხაზავ, სადაც ჩემთვის სასურველი ფაკულტეტია, შემდგომში არ ჩავიჭრები გამოცდებზე და მინიმალურ ქულებს ავიღებ, მე, დიდი ალბათობით, რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვხვდები და ადგილს მოვიპოვებ. ფაქტობრივად, უშრომელად, ძალიან დაბალი ცოდნის ხარისხით მოვიპოვე უმაღლეს სასწავლებელში ადგილი. ეს, რა თქმა უნდა, კონკურენციას აგდებს“, – აღნიშნავს განათლების მინისტრი.
გივი მიქანაძის განმარტებით, ამ გამოწვევის პასუხი იქნება „სახელმწიფო დაკვეთა, რომელიც მიუთითებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ყოველწლიურად, კონკრეტულ პროფესიებზე რამდენი პოზიცია უნდა გამოცხადდეს“.
„ამის საფუძველზე, გარკვეულ მიმართულებებზე, სადაც ჭარბი რაოდენობის კურსდამთავრებული გვყავს, ადგილების რაოდენობას შემცირდება. თუმცა, გარკვეულ მიმართულებებზე, სადაც დეფიციტი არსებობს და კონკრეტულ პროფესიებზე მოთხოვნა მაღალია, შეიძლება ადგილების რაოდენობა გაიზარდოს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას, 27 ოქტომბერს.
შეგახსენებთ, უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას 16 ოქტომბერს გააცნო. კონცეფციაში მთავრობის მიერ წარმოდგენილ შვიდ მთავარ გამოწვევასა და ამდენივე ამოცანას შორის, სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის, რიგით მეხუთე გამოწვევად არის დასახელებული.
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღებისას, კვოტების რაოდენობრივი განაწილება არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. შედეგად, პრაქტიკაში აღინიშნება თვისებრივი რაოდენობრივი შეუსაბამობა უნივერსიტეტების მიერ გამოშვებული სტუდენტების კვალიფიკაციასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის“, – ნათქვამია კონცეფციაში.
აღნიშნული გამოწვევის მოგვარების გზად კი მთავრობას შრომის ბაზრის ანალიზი და სახელმწიფო დაკვეთა ესახება.
„კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, უნდა განხორციელდეს შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი, რომელსაც დაეფუძნება სახელმწიფო დაკვეთა უნივერსიტეტებზე კვოტების რაოდენობრივი განაწილებისას“, – ვკითხულობთ კონცეფციის დოკუმენტში.
ასევე იხილეთ:
რატომ „არა“ უმაღლესი განათლების რეფორმას? – სიმონ ჯანაშიას მოსაზრება
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება