ვის შეუძლია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო ფონდით სარგებლობა?
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. ფონდის მიზანი ნიჭიერი და წარჩინებული სტუდენტების წახალისება და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაა. ფონდი აბიტურიენტებს, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან, სხვადასხვა სახის დაფინანსებას და სტიპენდიას სთავაზობს.
KIU-ს ფონდის ფარგლებში დაფინანსდება:
- სწავლის გადასახადი;
- სტუდენტურ საცხოვრებელის გადასახადი;
- სტუდენტური სტიპენდია;
- KIU ბარათი (KIU ბარათი იმოქმედებს საუნივერსიტეტო კამპუსზე არსებულ სხვადასხვა ობიექტში).
ფონდის დაფინანსება შეიძლება გაიცეს საგანმანათლებლო პროგრამის მთლიანი ხანგრძლივობის ვადით, საბაკალავრო პროგრამაზე ოთხი წლით.
იმისათვის, რომ სტუდენტმა დაფინანსება შეინარჩუნოს, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის შიდა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0) და არანაკლებ 55 კრედიტი წინა სასწავლო წლის განმავლობაში. გრანტის აღების და დაფინანსების მოთხოვნისთვის აუცილებელია, აბიტურიენტი დარეგისტრირდეს KIU-ს პროგრამებზე 2020 წლის 30 აპრილამდე KIU-ს სარეგისტრაციო ნომრით 197 და შეავსოს შესაბამისი საგრანტო განაცხადი (www.kiu.edu.ge).
უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე EDU.ARIS.GE–სთან საუბარში ამბობს, რომ სტუდენტური გრანტების ფონდის შექმნის მთავარი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობაა.
„ფონდის მიზანია, სტუდენტებს დავუფაროთ სწავლის გადასახადი, სტუდენტური საცხოვრებლის საფასური, საუნივერსიტეტო სტიპენდია და უზრუნველვყოთ KIU ბარათით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კვების დაფინანსება კამპუსის ტერიტორიაზე. სტუდენტური გრანტების ფონდში მოქმედებს სოციალური გრანტების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდებიან სტუდენტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, შშმ პირები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლები. სრული სიისთვის შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებ გვერდი kiu.edu.ge. უნივერსიტეტში იმოქმედებს აკადემიური მიღწევების პროგრამაც. პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მოცულობით, დაფინანსდებიან წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოხვდებიან საუკეთესო 100, 200 და 300 სტუდენტის სიაში, საშუალო განათლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები, მათემატიკის, პროგრამირებისა და საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული, მათემატიკური კონკურსის „Mვექტორი“ და ათასწლეულის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები სტუდენტები“, – აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი.
მისივე თქმით, დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტებმა მაღალი აკადემიურ მოსწრება უნდა აჩვენონ.
„საუნივერსიტეტო დაფინანსება ბაკალავრიატის საფეხურზე განსაზღვრულია სწავლის 4 წლის განმავლობაში, რომლის შესანარჩუნებლადაც სტუდენტებმა უნდა აჩვენონ მაღალი აკადემიური მოსწრება და წელიწადში მოაგროვონ მინიმუმ 55 სასწავლო კრედიტი. იმედი გვაქვს, საუნივერსიტეტო დაფინანსება ჩვენს სტუდენტებს იდეალურ პირობებს შეუქმნის, რათა მიიღონ უმაღლესი განათლება სასურველი პროგრამის ფარგლებში და ჩაუყარონ საფუძველი წარმატებული მომავლის შექმნას“,- ამბობს ალექსანდრე თევზაძე.
საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის, რომლებიც გრანტის მოპოვებას ვერ შეძლებენ, სწავლის გადასახადი წელიწადში 2250 ლარი იქნება. უნივერსიტეტი დაეხმარება სტუდენტებს როგორც ინდივიდუალური გადახდის გეგმის შედგენაში, ასევე საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვებაში სწავლისა და საცხოვრებლის გადასახადის დასაფარავად. გარდა ამისა, აღნიშნული თანხის დაფინანსების მოპოვება, როგორც ვიცით სახელმწიფო გრანტის მოპოვებითაცაა შესაძლებელი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის შიდა გრანტებსაც გამოყოფს.
სტუდენტური გრანტებისთვის განცხადებების საბოლოო დამტკიცება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისა და KIU-ში ჩარიცხვის შემდეგ მოხდება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ KIU სტუდენტური გრანტების ფონდის სახელმძღვანელო www.kiu.edu.ge.
- მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი