წელს 90 000-მდე გამოსაცდელია – გამოცდების ცენტრი საგამოცდო მზადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
14 ივნისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზაფხულში დაგეგმილი ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს.
უწყების ცნობით, გამოცდებისათვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს და მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე შერჩეულია 22 საგამოცდო ცენტრი.
“2022 წლის გამოცდებისათვის სულ რეგისტრირებულია 90 000-მდე გამოსაცდელი. ამ რაოდენობის გათვალისწინებით, მომზადდა პასუხების ფურცლები და ფურცლები შავი სამუშაოსათვის, ასევე დამხმარე მასალა: რუკები და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა – მიმდინარეობს მათი დასაწყობება საგამოცდო ცენტრებისთვის.
“განაწილდა ცენტრების მიხედვით ჰიგიენური მოხმარებისთვის საჭირო ინვენტარიც. შემოწმდა და ცენტრებში გასაგზავნად უკვე მზადაა ხმის გამაძლიერებლები და ყურსასმენები, კალმები, საინფორმაციო პლაკატები, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გასაწევად კი თითოეული ცენტრისთვის საჭირო მედიკამენტები. ამჟამად მიმდინარეობს გამოსაცდელების განაწილება სპეციალური პროგრამის მეშვეობით”, – განმარტავს სოფიო გორგოძის უწყება.
ცენტრის ინფორმაციით, შემოწმდა და სპეციალური პროგრამით აღიჭურვა ყველა ის კომპიუტერი, რომლებიც გამოყენებული იქნება 2022 წლის გამოცდებისათვის. მათ შორის, უცხოური ენების მოსმენის დავალებებისათვის საჭირო კომპიუტერებიც. მომზადების პროცესშია საგამოცდო სერვერებიც.
ზემოხსენებული ინვენტარი საგამოცდო ცენტრებში გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე გაიგზავნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამზადისი უშუალოდ საგამოცდო ცენტრებში გადაინაცვლებს.
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა და ტესტირების შედეგად შეარჩია ის მეთვალყურე-კურატორები, რომლებიც ცენტრის სხვა თანამშრომლებთან ერთად პროცესს საგამოცდო ცენტრებში ადგილზე წარმართავენ. უკვე შერჩეულია საგამოცდო ცენტრების მიხედვით ადმინისტრატორ-კოორდინატორები, IT მენეჯერები, თანაშემწეები და სხვა ტექნიკური პერსონალი, რომლებიც პროცესში ადგილზე ჩაერთვებიან”, – აღნიშნულია “ნაეკის” ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის
- არსებითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე