GE

„ყველაფერი მიჩვევითაა, მიგვაჩვიეს ამ გამოცდებს და ჩვენც ცხვრებივით დავემორჩილეთ“ – შეფასება მასწავლებლის გამოცდიდან

9 ივლისს, 2026 წლის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე საქართველოში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში ხალხმრავლობაა.

სხვა საგანში უკვე სერტიფიცირებული და ასევე მასწავლებლობის მსურველები დღეს საგნის გამოცდებს დაწყებითი კლასების საფეხურისთვის აბარებენ (I-IV და I-VI კლასები). ნაწილი კომპეტენციის დასადასტურებელ ტესტირებაზე პირველად გადის, ნაწილს კი უკვე დაუგროვდა გამოცდილება.

გამოცდაზე შესვლამდე EDU.ARIS.GE-მ რამდენიმე საინტერესო შეფასება მოისმინა:

“ყველაფერი მიჩვევითაა, მიგვაჩვიეს ამ გამოცდებს და ჩვენც ცხვრებივით დავემორჩილეთ. წითელი დიპლომი მაქვს, მაგისტრი ვარ და სკოლაში წლებია ვმსახურობ. მე რაღა გამოცდა მინდა, ვინ უნდა გამომცადოს. ვინაა ჩემზე პროფესიონალი ჩემს საქმეში. ტყუილად დროს ვკარგავთ და ჰა, ჩავაბარებ ამასაც და შემდეგ რა იქნება, არც არაფერი”, – გვითხრა გორელმა პედაგოგმა.

მასწავლებლებს, ტრადიციულად, თავიანთი ვინაობის გამჟღავნება არ სურთ, თუმცა ვინც საუბრობს, სხვების აზრსაც ახმოვანებს.

“აბარე და იყავიო, რად მინდა ორი დიპლომი?! რაღას ვსწავლობთ წლები უნივერსიტეტში, თუ ასე უნდა ვიწვალოთ კიდევ წლები?! ასე გამოდის, რომ თუ “ზემოდან” არავინ გყავს, რამდენი დიპლომიც არ უნდა გქონდეს, მაინც არაფერს წარმოადგენ. ტყუილია ყველაფერი! ახლა ისე მეზარება აქ შესვლა, რომ რა ვიცი, მაგრამ გვთხოვენ და რა ვქნა აბა”, – გვითხრა ლუიზა მასწავლებელმა გორის საგამოცდო ცენტრში შესვლამდე.

დღეს, პირველ სესიაზე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდებს შემდეგ საგნებში აბარებენ: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI); მათემატიკა (I-VI).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გამოცხადდა 82%-ზე მეტი აპლიკანტი, დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.

ესაუბრა ნიკა გაბლიშვილი

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური