GE

როგორ მოიხდიან სტუდენტები სამხედრო სავალდებულო სამსახურს – მთავრობის ახალი ინიციატივა

დღეს, 12 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე განსახილველად თავდაცვის ახალი კოდექსი წარმოადგინეს.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს მომავალი თაობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის მიმართულებით სიახლეს, რომელიც ახალ მომზადების პროგრამას და ამ სამსახურის მთლიანად თავდაცვის სამინისტროზე გადასვლასაც შეეხება. კერძოდ, 6-თვიანი მომზადების გავლის შემდეგ, პირს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი ექნება და განსხვავებულად რეგულირდება სტუდენტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესიც.

„აღნიშნული კოდექსი ძალიან დიდი სიახლე იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყება თავდაცვის უწყებაში. პირველი, რაც მინდა გითხრათ არის, რომ გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახური და ყველა პირი, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. მოგეხსენებათ, მანამდე ეს სამსახური იყო გაფანტული და უნდა ვაღიაროთ, არ იყო ეფექტური“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თმით, ახალგაზრდები, სავალდებულო სამხედრო სამსახურს კონკრეტული პრინციპით გაივლიან და საუბარია ინტენსიური სწავლების პროგრამაზე.

„დამატებით, შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება 6, 8 და 11 თვიანი იმისდა მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდგომში. მინიმუმ იქნება ექვსთვიანი პროგრამა. ეს არ იქნება თეორიული სწავლება, არამედ, ინტენსიური სამხედრო – საბრძოლო მომზადება და ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს ექნება მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება.

გარდა იმისა, რომ თავდაცვის უწყებას არ ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა მსურველი წვევამდელი გაატაროს და მოამზადოს, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ აუცილებელია მოქნილი სისტემის შეთავაზება სტუდენტებისთვის. შესაბამისად, სტუდენტები 23 წლის ასაკამდე, ვინც გადაწყვეტს, რომ სამხედრო წვრთნა გაიაროს სტუდენტობის პერიოდშივე, 4 წლის ვადაში მას შეეძლება, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოს. წელიწადში დაახლოებით, ერთთვიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა იქნება სამხედრო ბაზებზე, და გაივლიან იდენტურ, ან ძირითად სამხედრო საბრძოლო მომზადების პროგრამას და სტუდენტობის დასრულების შემდეგ, მათ ჩავუთვლით სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოხდილად. მათ მიენიჭებათ რეზერვის რიგითი სამხედროს წოდება“, – განმარტა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ვარაუდობს, რომ ამ ცვლილებით, ყოველ წელს 10 ათას წვევამდელს მოამზადებენ, საიდანაც ნახევარი იქნება სტუდენტები და ნახევარი იქნება ჩვეულებრივი წვევამდელები.

პრემიერის განცხადებით, გაწვევას, რომელიც იანვრიდან დაიწყება, თავდაცვის სამინისტრო კანონის ძალაში შესვლამდე განახორციელებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური