ცნობილია ლიტერატურული პრემია „საბა“ 2024-ის გამარჯვებულების ვინაობა
ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს “საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე “საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში.
სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს.
ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პასუხისმგებლობას აორმაგებს და ვინაიდან წელს საბას დაჯილდოება ვერ ჩატარდება, თიბისის მხარდაჭერით, დაჯილდოების ცერემონიისთვის განსაზღვრულ თანხას სრულად მივმართავთ ფულად პრიზებზე არა მხოლოდ გამარჯვებულებისათვის, არამედ ყველა ფინალისტისთვისაც.
ლიტერატურული პრემია “საბა” 2024-ის ჟიურიში იმუშავა: პროზაიკოსმა ბიძინა მაყაშვილმა; პოეტმა პაატა შამუგიამ; მთარგმნელმა თამარ ჯაფარიძემ; ლიტერატორმა გვანცა ჩხენკელმა; პოეტმა ლია ლიქოკელმა.
ჟიურიმ განიხილა 250-მდე წიგნი და გამოავლინა ათ სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული:
- “წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი”: აინე მერმე, “ეუარა“ (ინდიგო);
- “წლის საუკეთესო კრიტიკა”: ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (გამომცემლობა ინტელექტი);
- “წლის საუკეთესო პიესა”: გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო);
- “წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა”: ზაზა ბურჭულაძე, “ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
- საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ დაწესებული ჯილდო “საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში”: ლაშა ბუღაძე, “საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა);
- “წლის საუკეთესო ქართული თარგმანი”: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის “ფოტოგრაფია“ (გამომცემლობა დიოგენე);
- “წლის საუკეთესო პროზაული კრებული”: მარი ბექაური, “ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
“წლის საუკეთესო პოეტური კრებული”: ბესიკ ხარანაული, “ეს საქართველოა“ (გამომცემლობა ინტელექტი); - ნომინაციაში “წლის საუკეთესო რომანი” წელს ორი დამოუკიდებელი “საბა” გაიცა, გამარჯვებულები გახდნენ: ბესო სოლომანაშვილი, “ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა) და დავით ქართველიშვილი, “მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (გამომცემლობა პალიტრა L);
ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “საბა” გადაეცემა ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს.
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE
- საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერები by ინფოLIFE
- დააკავეს პირი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში ჩართვასა და ვიზებს მოტყუებით ჰპირდებოდა by ინფოLIFE