ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები
ადრეული განათლების პრაქტიკოსებისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის სსიპი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს აცხადებს. საბუთები მიიღება 17 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა – შერჩევის კრიტერიუმები:
უმაღლესი განათლება, დადასტურებული 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (ბოლო 5 წლის განმავლობაში) ადრეული განათლებისა და ადრეული ჩარევის მიმართულებით.
კერძოდ:
- საბავშვო ბაღების/გაერთიანებების მეთოდისტები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტები, რომელთაც აქვთ სკოლამდელი განათლების მიმართულებით ზრდასრულთა სწავლების/ კონსულტირების გამოცდილება;
- საბავშვო ბაღების მენეჯერები, საგანმანათლებლო პერსონალი, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ სკოლამდელი განათლების მიმართულებით ზრდასრულთა სწავლების/კონსულტირების გამოცდილება;
- ადრეული განვითარების პროგრამის სპეციალისტები რომელიც მუშაობენ 6 წლამდე ბავშვებთან არაფორმალური განათლების ან აბილიტაცია – რეაბილიტაციის სფეროში და აქვთ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა სწავლების ან კონსულტირების გამოცდილება;
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად – პირველ ეტაპზე მოხდება საბუთების გადარჩევა, მეორე ეტაპზე გაიმართება გასაუბრება.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს: განცხადება, CV, დიპლომი, ცნობა სამუშაო ადგილიდან, პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა, სამოტივაციო წერილი. 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
პირები, რომელთა მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება დადასტურებული იქნება წარმოდგენილი დოკუმენტებით, გადავლენ გასაუბრების ეტაპზე.
კომისიის მიერ შერჩეული პირები გაივლიან 6-თვიან გადამზადების პროგრამას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. შერჩეული პირებისთვის, სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, შემუშავდება მათი ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმა. პროგრამაში მონაწილეობის აქტივობები მოიცავს ყოველკვირეულად 5-10 საათიან დატვირთვას.
სამოტივაციო წერილში დასაბუთებული უნდა იყოს, თუ რატომ სურს აპლიკანტს გახდეს ადრეული განათლების მიმართულებით ტრენერი/ქოუჩი/პრაქტიკაში მხარდამჭერი სპეციალისტი, მოყვანილი უნდა იყოს ადრეული განათლების/ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების მიმართულებით მუშაობის ერთი წარმატებული მაგალითი და სხვა.
შერჩეული სპეციალისტები გადამზადების წარმატებით გავლის შემთხვევაში 2023 წლიდან შეუერთდებიან ცენტრის ტრენერთა/პრაქტიკაში მხარდამჭერი სპეციალისტების გუნდს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ასევე იხილეთ:
- BTUAI დარგის პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის, ცოდნის მიღების ახალი სტანდარტი by მასმედია
- SEU-ს სამაგისტრო პროგრამები, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს – ფინანსური ტექნოლოგიები და ბიზნეს ანალიტიკა by მასმედია
- საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ექსკლუზიური შეთავაზებები აბიტურიენტებს by მასმედია