რა პრობლემები დაგხვდებათ შვილის საბავშვო ბაღში მიყვანის დროს და როგორია სააღმზრდელო დაწესებულების შერჩევის გზები
2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის საჯარო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია გრძელდება. როგორც EDU.ARIS.GE-ს 8 აგვისტოს, თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, უკვე დარეგისტრირებულია 54 265 აღსაზრდელი და აქვთ 6 786 თავისუფალი ადგილი. სააღმზრდელო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით სექტემბერში დაიწყება.
საქართველოს სკოლამდელი განათლების სისტემაში არაერთი პრობლემა გამოვლინდა ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე. 2015 წელს, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში 3-5 წლის ბავშვების 62% დადიოდა საბავშვო ბაღში. 2019 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის და სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგმა გამოააშკარავა სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები: სველი წერტილებში თბილი წყლის არ არსებობა, სხვადასხვა ინვენტარის (საწოლები, სათამაშოების და ა.შ.) დანაკლისი, მცირე ფართი, შშმ არასრულწოვნების საჭიროებებთან ადაპტირების პრობლემა და სხვა.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო წლების განმავლობაში აღიარებდა სკოლამდელი განათლების სისტემაში დაგროვებული ისეთი პრობლემების არსებობას, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, კვალიფიციური ადამიანური რესურსის ნაკლებობა, განათლების კომპონენტის განუვითარებლობა. ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, მშობლებს ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რაზე გაამახვილონ ყურადღება, როდესაც გადაწყვეტენ შვილის ბაგა-ბაღში მიყვანას. როგორ შეაფასონ რამდენად არის უსაფრთხო გარემო უზრუნველყოფილი, ექნება თუ არა ბავშვს კონკრეტულ ბაღში განვითარების პირობები. ასევე რომელი სახელმწიფო უწყებების ვალდებულებაა სკოლამდელი განათლების სისტემის პრობლემების გადაჭრა. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ბავშვთა უფლებების დამცველს, სკოლამდელი განათლების ექსპერტს, ორგანიზაცია Civitas Georgica-ს წარმომადგენელს, მაია ნასრაშვილს.
– რა რეკომენდაციები გექნებათ მშობლებთან, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვს შვილი მიიყვანონ ბაღში? რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ბაღის შერჩევის დროს?
– დავიწყებ იმით, ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ბავშვის ცხოვრების საუკეთესო საწყისია, რომელიც ბავშვის სწავლისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა. ბაღი ეხმარება ბავშვს განვითარებაში და ქმნის საფუძველს, რომელიც მომავალი ცხოვრებისთვის გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში სკოლამდელი აღზრდა და განათლება უფასოა და საბავშვო ბაღში უზრუნველყოფილია კვება.
რაც შეეხება კონკრეტულად ბაღის შერჩევას, მშობლებს უჭირთ არა მხოლოდ ბაღის შერჩევა, არამედ ხშირად არ იციან როგორ მოამზადონ ბავშვი ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის. ბავშვისთვის უცხო გარემოში დარჩენა, სადაც უცხო წესები და რეჟიმია, ასევე მშობლებთან დაშორება, შიშის მომგვრელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის მომზადება ბაღში მისვლამდე ბევრად ადრე დაიწყოს. აუცილებელია ბავშვის ინფორმირება იმის შესახებ თუ რა ხდება ბაღში, ვინ იქნებიან მასთან და რა არის ის ძირითადი, რაც იქ უნდა გააკეთოს. ბაღის შერჩევის პროცესში ბავშვის ჩართულობა საუკეთესო გამოსავალია ამ არჩევანის გასაკეთებლად. წინასწარ ვიზიტი ბაღში, აღმზრდელ-პედაგოგის გაცნობა, აღსაზრდელების ჯგუფისთვის გამოყოფილი სივრცის დათვალიერება, ეზოსთან ადაპტაცია, გაუადვილებს ბავშვს ახალ გარემოში სტრესის გარეშე ყოფნას. (როგორც EDU.ARIS.GE-მ 8 აგვისტოს გაარკვია, მშობელს, ბაღის ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებით, აქვს უფლება, მოითხოვოს როგორც აღმზრდელის, ისე საბავშვო ბაღის გაცნობა. აღნიშნული შეზღუდული იყო კოვიდრეგულაციების პერიოდში. ავტ.)
მშობლისთვის ბაღის შეფასების მთავარი ინდიკატორი ბაღში ბავშვზე მორგებული, ძალადობისგან თავისუფალი გარემო უნდა იყოს. მშობელს შეუძლია მოითხოვოს ბაღის შენობაში არსებული ყველა სივრცის: საპირფარეშოს, სამზარეულოს, ბავშვების საძინებელი ოთახის დათვალიერება. შენობის გარდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეზოს, სადაც ბავშვი ამინდის მიუხედავად, დიდ დროს უნდა ატარებდეს. ასევე, მნიშვნელოვანია როგორი რესურსებია ბავშვისთვის განსავითარებლად. მნიშვნელობა არ აქვს მეორადი მასალისგანაა დამზადებული სათამაშო, თუ მაღაზიაშია ნაყიდი, მთავარია თავისი ფუნქცია შეასრულოს. სასურველია მშობელმა ყურადღება გაამახვილოს რამდენი ბავშვია ჯგუფში და არის თუ არა ამ ბავშვებისთვის შესაბამისი რაოდენობის აღმზრდელ-პედაგოგები გათვალისწინებული. პრაქტიკაში ხშირია, რომ ჯგუფში 30-40 ბავშვია და ერთი აღმზრდელ პედაგოგი, რაც გარდა იმისა, რომ სტანდარტის დარღვევაა, მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვებისთვის უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
– თქვენი ინფორმაციით, როგორია ბაღებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაცია? რამდენად არის გადამზადებული სკოლამდელი განათლების პერსონალი ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით?
– მნიშვნელოვანი გამოწვევებია პერსონალის კვალიფიკაციის ნაწილში. აღმზრდელ-პედაგოგების გარკვეული ნაწილისთვის ბაღი კვლავ მხოლოდ სააღმზრდელო დაწესებულებად აღიქმება. სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვზე მორგებულ გარემოს, რომელშიც იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე ემოციური გარემო, რომელიც ბავშვს დაცულობისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. საქართველოში უკვე გვაქვს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა ფლობდეს აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასებისთვის. კომპეტენციების მოთხოვნის მიუხედავად, სამწუხაროდ, პერსონალი ხშირად მარტო რჩება ამ მოთხოვნებთან და საჭირო დახმარება კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით არ მიეწოდებათ. აღარაფერს ვამბობ ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებზე. ანაზღაურების საკითხი სერიოზული პრობლემაა განსაკუთრებით რეგიონებში, ისევე როგორც სამუშაო პირობები, რომელიც საკმაოდ მძიმეა და დატვირთულია.
სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობის შემთხვევებში რეაგირება. ბაგა-ბაღი არის პასუხისმგებელი ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების პროცედურების განხორციელებაში. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, აღმზრდელ-პედაგოგები არ იცნობენ დეტალურად რეფერირების პროცედურებს. პრობლემურია თავად ძალადობის ამოცნობის კომპეტენციები და მიმართვიანობის საკითხიც.
– უკვე დავასახელეთ არა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც მშობლები წააწყდებიან საბავშვო ბაღის შერჩევისას. რომელ სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობაა სკოლამდელი განათლების სისტემის გამართული ფუნქციონირება? ვის უნდა მიმართონ მშობელმა არსებული პრობლემების გადასაჭრელად?
– სკოლამდელი განათლების რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაწილი – ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის მიღება იყო 2016 წელს, რომელიც 2017 წლიდან სტანდარტების მიღებით გაგრძელდა. სახელმწიფო პოლიტიკას სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მიმართულებით ცენტრალურ დონეზე ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას და ძირითად მიმართულებს, ხოლო ბაღების ადმინისტრირების საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაა. ამდენად, ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტა მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაა, ხოლო სასწავლო და აღმზრდელობითი პოლიტიკის კუთხით არსებული პრობლემები განათლების სამინისტრომ უნდა გადაჭრას.
სკოლამდელი განათლების სფეროში მნიშვნელოვანი გამოწვევები ძირითადად ჯერ კიდევ დაუძლეველია, მიუხედავად იმისა, რომ დონორების მხრიდან მხარდაჭერა მაღალია. ამის მიზეზი ისიცაა, რომ სკოლამდელი განათლება მაინც არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი და საზოგადოების მხრიდანაც არ აღიქმება მნიშვნელოვნად. მშობლების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ვერ იაზრებს რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის ბაღში სიარული და იქ შესაბამისი გარემო. სახელმწიფო პოლიტიკის სისუსტე და საზოგადოების პასიურობა განსაკუთრებით COVID-19-ს პანდემიის დროს გამოვლინდა, როდესაც შეზღუდვებისა და რეგულაციების შემოღებისას 1 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ბაღები მხოლოდ 3-5 კვირის განმავლობაში მუშაობდა.
სკოლამდელი განათლების სფეროში წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებთან გამკლავებას სჭირდება ფინანსური რესურსების გაზრდა, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემური ზრუნვა. თუ ვსაუბრობთ თანამედროვე სკოლამდელ განათლებაზე, უმნიშვნელოვანესია, რომ როგორც სისტემური პრობლემის მოგვარებაში, ასევე ცალკეული ბაგა-ბაღების საქმიანობაში, მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფილი იყოს.
ასევე იხილეთ:
ავტორი კონსტანტინე ჩაჩიბაია
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- რა წერია განათლებაზე კანონში, რომელიც 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა და პედაგოგიური წრეების კრიტიკას იწვევს by ARIS.GE-განათლება
- სტუდენტებისა და თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის თეატრალური უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა by ARIS.GE-განათლება