არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრაქტიკა არაერთი ხარვეზით ვითარდება – სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის აპარატი მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
“აღნიშნული კვლევის მიზანი იყო, რომ სასამართლო სხდომებზე დაკვირვების გზით, სასამართლო პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი, ასვე მოწმე და დაზარალებული ბავშვების უფლებების დაცვის ხარისხი შესწავლილიყო”, – აცხადებენ სახალხო დამცველი აპარატში.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კვლევის მიმდინარეობისას გამოვლინდა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტები. დადებით კონტექსტში უნდა შეფასდეს ის, რომ როგორც წესი, ყველა მონაწილე სუბიექტი არასრულწლოვან ბრალდებულთან, დაზარალებულთან და მოწმესთან შემხებლობაში არის სპეციალიზირებული. მათ აქვთ სპეციფიკური ცოდნა, რაც საჭიროა ბავშვთან კომუნიკაციაში. განსაკუთრებით დადებითად გამოავლინა თავი რამდენიმე მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატმა, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ ესაუბრათ ბავშვთან მისთვის გასაგები ფორმით და ენით, პროცესის მთავარ სუბიექტად წარმოეჩინათ არასრულწლოვანი და ყოფილიყვნენ მისი საუკეთესო ინტერესის დაცვაზე ორიენტირებულნი.
ასევე კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა და მიდგომებისა, პრაქტიკა მაინც არაერთი ხარვეზით ვითარდება, რაც დაუყოვნებლივ აღმოფხვრასა და გამოსწორებას საჭიროებს.
„როგორც წესი, კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა სასამართლო განხილვის ეტაპზე ნომინალურია, ფსიქოლოგების ჩართულობის მაჩვენებელი/სიხშირე კი ძალიან დაბალი. არ არსებობს უწყებაც, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფსიქოლოგებისა და საპროცესო წარმომადგენლების (როგორც წესი, სოციალური მუშაკების) გადამზადებაზე (სპეციალიზაციაში). ხშირი იყო სასამართლო სხდომების გადადებისა თუ დაგვიანების ფაქტები. რიგ შემთხვევებში, გამოვლინდა პროცესის მონაწილე სუბიექტების კვალიფიკაციისა თუ სათანადო უნარ-ჩვევების ნაკლებობის მაგალითები. ასევე, პროცესის მონაწილე პირების მხრიდან არ არის დამაკმაყოფილებელი საერთაშორისო პრინციპების ცოდნისა თუ გამოყენების, ასევე სათანადოდ დასაბუთების ხარისხი”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
კვლევის ერთ-ერთი ნაწილი სასამართლო ინფრასტრუქტურის მონიტორინგსაც მოიცავდა. გამოვლენდა, რომ სასამართლოში ყოველთვის დაცული არ იყო ბავშვის პერსონალური ინფორმაციის და კონფიდენციალურობის პირობები, ასევე სასამართლოების ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული შშმ ბავშვებისთვის, პატიმრობაშეფარდებული არასრულწლოვნები კი არ თავსდებიან სტანდარტების დაცვით მოწყობილ ოთახებში.
სასამართლო განხილვების მონიტორინგი, 2019 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, სამ დიდ ქალაქში, კერძოდ, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში ჩატარდა.
ა.წ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE