„ასეთი მასწავლებლები სანიმუშო მაგალითები არიან თავიანთი მოსწავლეებისათვის” – ასერტული მასწავლებელი
მანანა ჯინჭარაძე, მასწავლებელი, ტრენერი
ძალიან მინდა, დირექტორობის ახალგაზრდა მსურველებს, გამოცდის წინ, რაღაცით დაგეხმაროთ. ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ ამ წამს მომაგონდა, რომ რაღაც ინფლუენსერობის მსგავსი პოზიცია შეიძლება მოვირგო და მოკლე ამონარიდები ვწერო განათლების შესახებ, რომელიც თუ დირექტორობაზე არა, – მასწავლებლობაზე, თუ მასწავლებლობაზე არა, მშობლობაზე მაინც დაგეხმარებათ. მოკლედ დაზარალებული არცერთ შემთხვევაში არ ხართ.
სკოლის დირექტორობის მსურველთათვის:
ამონარიდი 5: ბოლო ხანს, ძალიან ხშირად ისმის ასერტული მასწავლებლის შესახებ. იგი ერთგვარად სამაგალითოც გახდა და მისათითებელი.
ასერტული ადამიანი/მასწავლებელი თავდაჯერებული და თავაზიანია; ის ისე იქცევა, როგორც შეხედულება კარნახობს და პასუხს აგებს თავის ქცევაზე. არის თავდაჯერებული, პატივს სცემს საკუთარ თავს და სხვა ადამიანებსაც.
ასერტულობა გულისხმობს, რომ დაამტკიცო შენი სიმართლე და დაიცვა შენი უფლებები.
ასერტული მასწავლებელი არაფერს აკეთებს ვიღაცის, მათ შორის დირექტორის/მშობლის გულის საამებლად: ის ღიად გამოხატავს თავის გრძნობებს, თუ უხარია ან გაბრაზებულია.
არასოდეს ეთანხმება დირექტორს მარტო იმიტომ, რომ დირექტორია – გამოთქვამს თავის პოზიციას, თუ ვინმეს არ ეთანხმება და არ გაჩუმდება.
მას გრძნობების გამოხატვა არავერბალურადაც შეუძლია – ტირის, როცა ეტირება ან იღიმის, როცა უხარია. აუცილებლად გამოხატავს კმაყოფილებას, როცა აქებენ და ცხოვრობს აწმყოში: დღეს და ამ წუთას.
ასერტული მასწავლებელი თვლის, რომ აქვს უფლება, როგორც თავად ფიქრობს, ისე ასწავლოს მოსწავლეებს, განსაზღვროს რა არის საუკეთესო მათთვის და მისი შეხედულებისამებრ მიეხმაროს მოსწავლეებს ცოდნის დაუფლებაში.
ასერტული მასწავლებელი არც პასიურია, არც დამთმობი და არც დიქტატორი. იგი არ დასცინის მოსწავლეებს, არ იყენებს უხეშ გამონათქვამებს, მოქმედებს კლასში მიღებული წესებით, რომელიც კონკრეტული, ნათელი და განხორციელებადია. მიზნის მისაღწევად იყენებს თანმიმდევრულ მოქმედებას, გადაცდომის შემთხვევაში კი – დასჯასაც. თუმცა დასჯა არ არის სასტიკი. იგი შეიძლება იყოს დროებითი ტაიმაუტი, მშობელთან კონტაქტი, საკლასო აქტივობიდან გამოთიშვა და სხვ.
ეს მასწავლებლები სანიმუშო მაგალითები არიან თავიანთი მოსწავლეებისათვის; მაქსიმალურად ერიდებიან სტერეოტიპულ შეხედულებებს და მხოლოდ პოზიტიური მოლოდინებით ხასიათდებიან, რითაც ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას უყრიან საფუძველს: უსმენენ მოსწავლეებს, პატივისცემით და სამართლიანად ექცევიან, თბილი დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეთა მშობლებთან, – აქებენ და მადლობას უხდიან მათ შვილის მისაღები ქცევის დროს. მოსწავლის ურთიერთობა ასერტულ მასწავლებელთან პოზიტიურ ჭრილში განიხილება და სისტემურ მიდგომას ეყრდნობა.
ასერტულობა არის პოზიტივზე დაფუძნებული პროგრამა, თუ სწორად და ზუსტად განახორციელებს მასწავლებელი.
აღსანიშნავია, რომ ასერტულობა ყველა პრობლემას ვერ ჭრის, თუმცა საწყის ეტაპზე ძალიან ეხმარება მასწავლებელს.
მნიშვნელოვანია, რომ დასჯილი მოსწავლე მხოლოდ იმ დღესაა დასჯილი და სხვა დღეებზე მის მიერ ჩადენილი გადაცდომა არ ვრცელდება. მოკლედ, მასწავლებელი მუდმივად არ უსაფრდება მოსწავლეს გადაცდომისათვის, 12 წლის მანძილზე არ ახსენებს მის მოქმედებას: ,,შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყვული წყენა-ო’’, არ აკლებს ქულას საქციელისთვის, არ ლანძღავს, შეურაცხყოფას არ აყენებს, ფიზიკურ ძალას არ იყენებს, სხვა მასწავლებლებთან არ საუბრობს ამ გადაცდომის შესახებ ნეგატიურ ჭრილში და ყოველ დღეს სუფთა ფურცლიდან იწყებს.
დირექტორისთვის ასეთი პროგრამა და მიდგომა ნიშნავს ინკლუზიურ და სამართლიან სკოლას, უსაფრთხო და თანასწორ გარემოს, ობიექტურ მიდგომებს, ნაკლებ შეცდომებს, კმაყოფილ მშობელს, დაცულ უფლებებს და ბევრ პოზიტივს სწავლა-სწავლების პროცესში.
წარმატებას გისურვებთ ყველას!
შევხვდებით საგანმანათლებლო სამყაროში!
„ომს იგებენ დედები და მასწავლებლები!“ – მასწავლებლის შეგონება
“შენ გინდა, რომ პირველკლასელივით თვალებში გიყურებდნენ”– მიმართვა მასწავლებლებს
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“ by განათლებული ბლოგი