GE

აწსუ-ში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

5 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ოქროს საწმისის ქვეყანა“, რომელიც განსაკუთრებულ ისტორიულ თარიღს – ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორია-არქეოლოგიისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტების ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ გახსნა. რექტორმა ხაზი გაუსვა ამ თარიღის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში. მან აღნიშნა, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ განაზღვრა საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი, ხოლო მსგავსი მასშტაბის სამეცნიერო ფორუმები უმნიშვნელოვანესია ეროვნული მეხსიერებისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის აკადემიურ ჭრილში სიღრმისეულად გასააზრებლად.

კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ქალაქ ქუთაისის მერი, დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია და სხვა საპატიო სტუმრები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მათ შორის, უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ცნობილმა თურქმა ქართველოლოგმა და მთარგმნელმა ჰარუნ ჩიმქემ პლენარულ სხდომაზე „ქართლის ცხოვრების“ თურქულენოვანი თარგმანი წარადგინა. გამომსვლელებმა ერთსულოვნად გაუსვეს ხაზი ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობას, ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობასა და უნივერსიტეტის გამორჩეულ როლს ეროვნულ-სულიერი ფასეულობებისა და სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.

ფორუმმა ერთ სივრცეში გააერთიანა აკადემიური წრეები, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები და ცნობილი მკვლევრები. ეს მრავალმხრივი ჩართულობა ნათლად ადასტურებს ეკლესიის, სახელმწიფოსა და საგანმანათლებლო ინსტიტუციების იმ მჭიდრო კავშირს, რომელიც აუცილებელია ეროვნული მეხსიერების, კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის წარმოსაჩენად.

კონფერენციის ფარგლებში უნივერსიტეტის I კორპუსის სამკითხველო დარბაზს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სახელი მიენიჭა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღრმა პატივისცემა ეროვნულ-სულიერი ღირებულებებისა და პატრიარქის მრავალწლიანი სულიერი ღვაწლის მიმართ.

მეცნიერებასა და ქვეყნის სულიერ-კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი გამორჩეული წვლილის აღსანიშნავად, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის სიგელები გადაეცათ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესა და ცნობილ ეთნოლოგსა და ისტორიკოსს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს,პროფესორ როლანდ თოფჩიშვილს.

საზეიმო კონცერტისა და ოფიციალური მისალმებების შემდეგ, კონფერენციის მუშაობა ნაყოფიერად გაგრძელდა სამეცნიერო სექციების მიხედვით. მომხსენებლებმა საქართველოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სიღრმისეული კვლევები წარმოადგინეს.

კონფერენციის მეორე დღე სრულად დაეთმობა ქუთაისის მდიდარი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად დაგეგმილ ტურს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი განაგრძობს სამეცნიერო და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს ეროვნული მემკვიდრეობის კვლევასა და აკადემიური დიალოგის გაღრმავებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური