GE

მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურის ორგანიზებით, კვირეული ჩატარდა. მოეწყო შემეცნებითი აქტივობები, გაიმართა საჯარო ლექცია და პრეზენტაცია.

მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა:

  • სტუდენტური აქცია „იფიქრე, როგორც მეცნიერმა“;
  • საჯარო ლექცია/დისკუსია „ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ხედვის ტენდენციები საუნივერსიტეტო სივრცეში“;
  • პრეზენტაცია „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ეპოქა: გავლენა ინსტიტუციური კვლევის პრაქტიკაზე“ (Erasmus+-ის ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული ტრენინგის მასალების პრეზენტაცია);
  • სკოლიდან საუნივერსიტეტო აკადემიურ სივრცემდე: „ივანე ჯავახიშვილი – 150“;
  • ონლაინ ვიქტორინა „მეცნიერება და ჩვენ“.

10 ნოემბერს სტუდენტური აქციის „იფიქრე, როგორც მეცნიერმა“ ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტუდენტთა საისტორიო საზოგადოების წევრებმა აკადემიურ პერსონალსა და თანატოლებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო თვალსაჩინოებები დაურიგეს.

11 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრმა წარმოადგინა საჯარო ლექცია „ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ხედვის ტენდენციები საუნივერსიტეტო სივრცეში: გლობალური პერსპექტივები და ქართული რეალობა“. ლექციას ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა ყიფიანი უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ეპოქა: გავლენა ინსტიტუციური კვლევის პრაქტიკაზე“ (ცენტრის სპეციალისტი ნინო წურწუმია).

ლექციაზე ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებაზე, მის გავლენაზე უმაღლესი განათლების სისტემასა და სამეცნიერო კვლევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივებს, მათ შორის შეფასების სისტემების მოდერნიზაციას, აკადემიური პერსონალის გადამზადებას, პრომპტ-ინჟინერიის მნიშვნელობასა და ქართულენოვანი დიდი ენობრივი მოდელების (LLMs) შექმნის აუცილებლობას.

13 ნოემბერს სტუდენტთა სამეცნიერო წრისა და ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის ისტორიის წრის წევრების ერთობლივი ღონისძიება „ივანე ჯავახიშვილი – 150“ გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს.

შეხვედრა გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ივანე ჯავახიშვილის განსაკუთრებულ დამსახურებაზე ქართული მეცნიერებისა და განათლების განვითარებაში, ასევე ისაუბრა სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ახალგაზრდა თაობაში ცოდნისა და სამეცნიერო ინტერესების გაღრმავების პროცესში.

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა აუდიტორიას ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ისტორიები გაუზიარეს. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს მეცნიერის წვლილზე ქართული ისტორიოგრაფიისა და უნივერსიტეტის დაარსების საქმეში, ასევე იმ ფასეულობებზე, რომლებიც დღესაც აქტუალურია ახალგაზრდა თაობისთვის.
პროექტის მიზანი საუნივერსიტეტო და სასკოლო სივრცეების დაახლოება და მოსწავლეების აკადემიურ გარემოში ჩართვა იყო. მსგავსი ერთობლივი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას ისტორიისა და სამეცნიერო საქმიანობის მიმართ, ასევე სკოლასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

13 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოეწყო ონლაინ ვიქტორინა „მეცნიერება და ჩვენ“, რომლის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილმა კვირეულმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მეცნიერების მნიშვნელობას, ცოდნის გაზიარების, ინოვაციური იდეების განვითარებისა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის აუცილებლობას. მრავალფეროვან აქტივობებში სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობამ ხელი შეუწყო სამეცნიერო ინტერესის გაღვივებას, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის კიდევ უფრო გააქტიურებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური