GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა

5 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართვის მიზნით, „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ ჩატარდა.

უნივერსიტეტის მიერ 8 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური სტრუქტურების, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩართულობით გაიმართა.

ღონისძიებებსა და საგამოფენო სივრცეებში მიმდინარე აქტივობებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასთან, უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროს მაია შუხოშვილთან, მეცნიერების დეპარტამენტის უფროს ქეთევან ქოქრაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაზა ლომინაძესთან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახემწიფო უნივერსიტეტის რექტორ ტიტე აროშიძესა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ღონისძიებები მიზნად ისახავდა მეცნიერებისა და ინოვაციების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ეროვნული, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენას, კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერასა და ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას. ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონებში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას, ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებასა და უნივერსიტეტებს, სკოლებს, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ღონისძიებების თემატური მიმართულებები იყო: მრავალდარგობრივი კვლევები, ქართველოლოგიური მემკვიდრეობა, ცოდნის ტრანსფერი და ინოვაცია.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა:

  • ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია;
  • STEM ინოვაციების პლატფორმა – „კვლევა, პრაქტიკა, პარტნიორობა“;
  • საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ “BRAIN”-ის რედაქტორებთან – აკადემიური კვლევების ინტერნაციონალიზაცია და სარედაქციო სტანდარტი.
  • სამეცნიერო პანელები:
  • „ქართველოლოგიური დიალოგები: გლობალური გამოწვევები და კვლევის ახალი პარადიგმები“ „ქართველოლოგიური დიალოგები: კვლევის ინტერდისციპლინური ჰორიზონტები“;
  • „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო შესაძლებლობებზე;
  • კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მინი ლექცია ხელნაწერების შესახებ და სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია.

საღამოს დასარულს გაიმართა კონცერტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული დასებისა („ადილა“, „კოლხა“) და საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულების სტუდენტთა მონაწილეობით.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური