„ჩვენ გვაინტერესებს, ვნახოთ, რა ხდება ამ კუთხით“ – განათლების კომიტეტი უმაღლესების დაფინანსების მოდელზე კვლავ სამინისტროს პასუხს ელის
„უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი უკვე მომწიფდა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა. განათლების კომიტეტი ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხს კვლავ სამინისტროსგან ელოდება.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უკვე დამტკიცებულ 2022 წლის სამოქმედო გეგმაში წერია, რომ მოსმენების ნაწილში კომიტეტს მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს ოთხი თემატური მოკვლევა, რომელთაგან ერთ-ერთი უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელია.
როგორც კომიტეტის გეგმიდან ვიგებთ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოც იმუშავებს ისეთ საკითხზე, როგორიცაა უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი.
„უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი უკვე მომწიფდა, მიმდინარეობს რეფორმა და ამიტომ, ჩვენ გვაინტერესებს, ვნახოთ, რა ხდება ამ კუთხით და რა გადაწყვეტილებას მიიღებს განათლების სამინისტრო. ყველა კომპონენტში, იქნება ეს კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო თუ საკომუნიკაციო, კომიტეტი აქტიურად აპირებს მუშაობას და გადაწყვეტილების მიღებას“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან გიორგი ამილახვარი, რომელმაც ჩვენს კითხვაზე, იცის თუ არა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე განათლების სამინისტროში, გვიპასუხა, რომ თავად მათ უნდა ვკითხოთ.
სამინისტროს კი, როგორც ჩანს, ისევ არსად ეჩქარება და ისევ დუმს. უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე უკვე 5 წელზე მეტია საუბრობენ. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული და უკვე დასრულებული პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გადახედვა, შესაბამის სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა და ახალი მოდელის შემუშავება იყო უმაღლესი განათლების მიმართულებით.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება