„საქართველოში დღეს ყველას უნივერსიტეტი ჰქვია და ასე ვეღარ იქნება“ – გიორგი შარვაშიძე უმაღლესების დაფინანსების ახალ მოდელზე და არამხოლოდ
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვისას, საქართველოში უმაღლესების დაფინანსების მოდელზე იმაზე მეტი გვითხრა, ვიდრე დღემდე მოდელის შემუშავებაში მონაწილე რომელიმე მხარემ. მეტიც, ვიღაცებისთვის გიორგი კაკაურიძის ეს კომენტარები ძნელად დასაჯერებელიც კი აღმოჩნდა, ჩათვალეს, რომ მათ მსგავსად, ისიც ვერ ისაუბრებდა.
„დიდი ხანია გვესმის, რომ დაფინანსების არსებული სისტემა შეიცვლება, რაც კარგია, ოღონდ დაფინანსების ცვლილების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს ეროვნული გამოცდების სისტემაც“ – ამ მოსაზრებას კი, EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოდელის მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით აფიქსირებს. დაფინანსების ცვლილებაზე სხვადასხვა ოფიციალური უწყების წარმომადგენლებისა და ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით შექმნილი ჯგუფი უკვე კარგა ხანია მუშაობს, რაზეც ფინანსები მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 90 მილიონი ევროდან იხარჯება, თუმცა, კონკრეტულად რა მოდელები განიხილება და როგორ სიახლეებს უნდა ველოდოთ, ეს არც საზოგადოებამ იცის და როგორც აღმოჩნდა, დეტალებს ამ დრომდე არ უმხელენ არც ისეთი დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, როგორიც გიორგი შარვაშიძეა, რომელიც აცხადებს, რომ ჯგუფის მუშაობის შედეგი, წესით, მალე უნდა დაიდოს (წლის ბოლომდე ავტ.), თუმცა დაფინანსების რომელ მოდელზე გადასვლა ელით უნივერსიტეტებს, მისთვის, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც გიორგი შარვაშიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, მას, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტის რექტორს, სამუშაო ჯგუფის წევრები ორჯერ გაესაუბრნენ და დაფინანსების მისაღებ მოდელთან დაკავშირებით მისი მოსაზრება მოისმინეს. თუმცა, კომუნიკაცია ამით დასრულდა და უშუალოდ მოდელის შემუშავების პროცესში იგი ჩართული არ არის. შესაბამისად, შედეგს ისიც ისევე ინტერესით ელის, როგორც ჩვენ, რიგითი მოქალაქეები.
ინტერვიუში შარვაშიძე დეტალურად საუბრობს ამჟამინდელი სისტემის იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც, მის გამართულად მუშაობას ხელს უშლის და იმ გამოსავლებზეც მიანიშნებს, რომლებიც, მისი ხედვით, უმაღლესი განათლების სფეროს დახვეწასა და უნივერსიტეტების რეალურ ავტონომიას შეუწყობს ხელს.
– ბატონო გიორგი, როგორ დაიწყო თსუ-მ 2021-2022 სასწავლო წელი?
– გიორგი შარვაშიძე: წელს ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. პირველ რიგში ის, რომ სტუდენტების უპრეცედენტო რაოდენობა მივიღეთ – 6500-მდე ბაკალავრი და მაგისტრი შემოგვიერთდა. საქართველოში, ყოველი მესამე სტუდენტი, ვინც სახელმწიფო გრანტი მიიღო, თსუ-ს სტუდენტი გახდა. ყოველმა მესამე აბიტურიენტმა თსუ, როგორც პირველი არჩევანი შემოხაზა. ეს იმას ნიშნავს, რომ თსუ-ს რეპუტაცია და პოპულარობა იზრდება. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ – მათ შორისაა რეაბილიტირებული მეორე კორპუსი, სადაც ძირითადი სამუშაოები დამთავრებულია. პანდემია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოვიყენეთ. მათ შორისაა საგამოცდო ცენტრები, სოციალური სასწავლო სივრცეები, ბიბლიოთეკა და ა.შ. საერთოდ, ვაპირებთ 2023 წლის ბოლომდე ყველა ძირითადი სასწავლო და კვლევითი სივრცე ევროპული სტანდარტის გახდეს.
– მისაღებ გამოცდებში მცირეოდენი ცვლილებები შევიდა. თუმცა, საგამოცდო სისტემის ცვლილებაზე საუბარი ჯერ არ დაწყებულა. ფიქრობთ, რომ ამის დრო მოვიდა?
– როგორც განათლების სპეციალისტს, არ მგონია, რომ მისაღები გამოცდების ეს ფორმა სწორია. თავის დროზე ძალიან კარგი ფუნქცია შეასრულა, კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი იყო. თუმცაღა, ახლა მგონია, რომ ასეთი სახის მისაღები გამოცდები შეიცვლება, თუკი დაფინანსების სისტემა შეიცვალა. ეს ყველაფერი ბმაშია. დღეს რაც უნივერსიტეტების დაფინანსების მხრივ ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ესაა სისტემა, რომელიც მოსაწონი ნამდვილად ვეღარ იქნება. არც ერთ ქვეყანაში უმაღლესი სკოლა არ ფინანსდება ისე, როგორც საქართველოში. ასეთი სახის დაფინანსების არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს. ეს ქართული ნოუ-ჰაუა.
დიდი ხანია გვესმის, რომ დაფინანსების არსებული სისტემა შეიცვლება, რაც კარგია, ოღონდ დაფინანსების ცვლილების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს ეროვნული გამოცდების სისტემაც. მე, როგორც ექსპერტს, მიმაჩნია, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები უნდა არსებობდეს და არა უმაღლესში მისაღები. გამოსაშვები გამოცდებით უნდა დადასტურდეს, რომ ახალგაზრდას, რომელიც საშუალო სკოლას ამთავრებს, მართლაც საშუალო განათლება ეძლევა, რომელიც მას ცხოვრების განმავლობაში გადაწყვეტილებების ადვილად მისაღებად სჭირდება. საშუალო განათლება კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა ყველა საგანი უნდა ისწავლოს. არ უნდა იყოს ისე, რომ ადრეული ასაკიდანვე ან ჰუმანიტარული მიმართულებით განვითარდეს, ან-ტექნიკური. ამ გადაწყვეტილებას რაც უფრო გვიან მიიღებს, მით უკეთესი.
ამდენად, ვფიქრობ, რომ როგორც აშშ-სა და ბევრ სხვა ქვეყანაშია, უნივერსიტეტი სკოლის დამამთავრებელი გამოცდების შემდეგ უნდა ერთვებოდეს, რომელსაც თავისი მოთხოვნები ექნება.
– რა პოზიცია გქონდათ, თავის დროზე, გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით?
– ის გამოსაშვები გამოცდები არაფრისმომცემი იყო, წონა არ ჰქონდა. კი, ატესტატის მიღების საშუალება იყო, მაგრამ წონა აქვს იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესში მიღებასთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა ეს სისტემა კვლავ ცენტრალიზებული დარჩეს, ოღონდ სკოლაში უნდა ჩავიდეს, რათა სასკოლო განათლებას ფასი დაედოს. ახალგაზრდამ გაუთავებლად კი არ უნდა ირბინოს რეპეტიტორებთან, რათა ის სამი გამოცდა ისწავლოს რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად სჭირდება, არამედ სასკოლო, საშუალო განათლება უნდა მიიღოს.
– დაფინანსების ცვლილების საკითხი ახსენეთ, განათლების სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს ამუშავებს. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ? რა იცვლება და მოისმინეს თუ არა თქვენი პოზიციები?
– მე ორ შეხვედრას ვესწრებოდი. ერთი ონლაინშეხვედრა იყო, მეორე კი – ჰიბრიდული. ამ შეხვედრებზე მიმდინარეობდა სხვადასხვა მოდელების განსჯა იმ ჯგუფთან, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით მუშაობს. შეხვედრა მქონდა უცხოელ ექსპერტებთანაც, რომელთაც ინტერვიუ ჩამიტარეს. საუბარი იყო იმაზე, თუ რა მოდელები იქნება. რა მეთოდი შეირჩა და როდის იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან სწრაფად უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, განაცხადი ასეთი გაკეთდა, რომ წლის ბოლომდე რაღაც მოდელი უნდა შემოგვთავაზონ.
აქ არიან ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, ადგილობრივი ექსპერტებიც ჩართულები გახლავთ. ძალიან რთული ამოცანა აქვთ, რადგან დაფინანსების მოდელის შეცვლა მთელს სისტემაში ძალიან ბევრ ცვლილებას მოითხოვს. ეს დომინოს პრინციპი და ჯაჭვური რეაქციაა. დაფინანსების მოდელის შეცვლით უნდა შეიცვალოს ვაუჩერული სისტემა, მისაღები გამოცდები, გრანტის გადანაწილების წესი და ა.შ. ყველა ეს კომპონენტი უნდა გავითვალისწინოთ. ნებისმიერი სისტემის კრიტიკა ძალიან ადვილია, ახლის შემოთავაზება და შემოტანა კი – რთული.
– ერთ-ერთ ვარიანტად აქტიურად განიხილება შედეგზე/შესრულებაზე ორიენტირებული დაფინანსება რა იცით ამის შესახებ?
ჯერ-ჯერობით, რასაც ვხედავ, ერთ-ერთი მოდელი, რომელიც განიხილება, ეს არის. თუმცაღა, ბევრი ნიუანსია და ვერ გეტყვით რა იქნება ამ განხილვების შედეგი. მე ჩემი ნაწილი ვიცი – როცა შემხვდნენ, მესაუბრნენ. სხვებსაც ხვდებიან და იმედია, სამსჯავროზე მალე გამოვა. ამის შემდეგ გვექნება საშუალება უნივერსიტეტში ვიმსჯელოთ რა მოგვწონს და რა – არა.
თუ ეს რეზულტატზე ორიენტირებული მოდელი იქნება, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში დღეს ყველას უნივერსიტეტი ჰქვია და ასე ვეღარ იქნება. უნივერსიტეტი არის უმაღლესი დაწესებულება, რომელიც ასწავლის და ამავდროულად, სამეცნიერო კვლევას ეწევა. თუ ამის რეზულტატს ითვლი, გასაგებია, რომ აქ შეიძლება გაითვალისწინო ციტირება, პატენტების გამოყენების რაოდენობა, საერთაშორისო თანამშრომლების კოეფიციენტი და სხვა ობიექტურად განსაზღვრადი, თვლადი ინდიკატორები, რომელთაც შედარებით ადვილად დაითვლი. თუმცა, აქაც არის სირთულე, რადგან არის მიმართულება, რომელსაც ბევრი ციტირება მოაქვს და არის მიმართულება, რომელსაც ბევრი ციტირება არ მოაქვს. დისციპლინას გააჩნია. ერთ დისციპლინაშიც კი, მაგალითად, თეორიულ ფიზიკასა და კვანტურ ფიზიკაში, იგივე დონის ნამუშევრის წონა, ციტირების მიხედვით, სხვადასხვა იქნება. ამასთანავე, ამას ვერ მოსთხოვ ისეთ უნივერსიტეტს, რომელიც კვლევას საერთოდ არ ეწევა და მხოლოდ სასწავლო უნივერსიტეტია, რომელსაც მესამე საფეხური საერთოდ არ აქვს. იქ მხოლოდ სწავლება და სწავლების რეზულტატი უნდა შეაფასო. რეგიონალური უნივერსიტეტების ამოცანა კიდევ უფრო სხვა უნდა იყოს, ვიდრე დიდი, საჯარო უნივერსიტეტების, როგორებიცაა, მაგალითად თსუ, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ილიაუნი და ა.შ. ესაა ის, რაც გასათვალისწინებელია. ის, თუ ვინ შეიმუშავებს ამ შედეგების შეფასების კრიტერიუმებს და როგორ, ჩემთვის დეტალებში ცნობილი არ არის. ველოდებით, რომ რაღაცას დადებენ.
– შეგიძლიათ დაგვიხასიათოდ როგორი მოდელი უნდა იქნას შემოღებული, რომ უნივერსიტეტში მისაღები ის სისტემა ამოქმედდეს, რომელზეც ზემოთ საუბრობდით?
– მსოფლიოში დაფინანსების ბევრი მოდელი არ არის, სულ რამდენიმეა და ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს გამეორება გვიწევს. ამ მოდელების გადახედვა და ჩვენს რეალობაზე მორგება შეიძლება. ეს დიდად რთული ამოცანა არ არის. თუმცაღა, სისტემური ცვლილება მოითხოვს არა ერთი ლოკალური მიმართულების შეცვლას, არამედ ძალიან ბევრ კომპონენტს. ზოგადად, გადასაწყვეტია მისაღები გამოცდები გვინდა, თუ გამოსაშვები გამოცდები. ეს განსჯის საგანია. მგონია, რომ ეს ძალიან ღია და გამჭვირვალე პროცესი უნდა იყოს, მაღალი ჩართულობით. არ ვიცი როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ხედვა სხვადასხვანაირია.
ზოგ ქვეყანაში ე.წ. ტრადიციული ბიუჯეტი არსებობს – ფიქსირებული თანხით. მაგალითად ახლახანს, უნგრეთში, დაფინანსების მოდელი და, საერთოდ, უნივერსიტეტების სტატუსი ძალიან საინტერესოდ შეიცვალა: სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად დარჩა, მაგრამ მართვის სისტემა შეიცვალა და საშუალება მიეცათ კერძო სექტორიდან მეტი თანხა მოიზიდონ. თუმცა, იქ პროპორცია სხვანაირია – დაახლოებით 80% სახელმწიფოს დაფინანსებაა, დანარჩენი კი თავად უნივერსიტეტის მიერ მოპოვებული. ჩვენთან პირიქითაა. საინტერესოა როგორ განახორციელეს ეს, რადგან ძალიან სერიოზული რეზულტატები ჩანს. უმაღლესების დაფინანსების მოდელი ბევრმა ქვეყანამ, შეცვალა. ჩვენნაირი ზომისა და GDP-ს მქონე ქვეყნებში დიდი ცვლილება არ მომხდარა. აქ საქართველო ლიდერთა შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, როგორც ყოველთვის, კმაყოფილები არ ვართ. ამ მხრივ საქართველო გაცილებით წინ არის, ვიდრე ჩვენი მეზობლების – სომხეთის, აზერბაიჯანის, ან, თუნდაც, უკრაინის უმაღლესი სკოლები.
– ელით, რომ ამ ცვლილების შედეგად, როგორიც არ უნდა იყოს იგი, უნივერსიტეტების დაფინანსება გაიზრდება?
– უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ ახლა დაფინანსება საკმაოდ მწირია. დაპირებები არის, რომ გაიზრდება და ველით. ამდენი წლის განმავლობაში არ შეცვლილა ვაუჩერის მოცულობაც -2250 ლარი. ვერ მივაგენი ადამიანს, რომელიც ამიხსნიდა რა ლოგიკაა ამ 2250 ლარში. ეს თანხა უნდა გეყოს სამედიცინოზეც, ბიოქიმიაზეც და ნებისმიერ სხვა მიმართულებაზეც, რომელიც გაცილებით ძვირია. თან, წლების განმავლობაში არ იცვლება, რაც წარმოუდგენელია. გინდა – არ გინდა, სახელმწიფო სექტორში, სტუდენტზე, მის მიერ შემოტანილ თანხაზე ხარ დამოკიდებული. ამიტომ, ჩვენ სტუდენტების რაოდენობას ვზრდით.მისაღები კონტიგენტი 60 %-ით გაიზარდა. როგორ ფიქრობთ, ეს კარგია, თუ ცუდი?
თუ ხარისხის ხარჯზე არ იზრდება, ალბათ, კარგია…
კი ბატონო. ავტორიზაცია გავიარეთ და დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 23 ათასი სტუდენტზე მეტია. შეგვიძლია ეს რაოდენობა კიდევ უფრო გავზარდოთ, მაგრამ ვამბობ, რომ დაფინანსება სტუდენტების რაოდენობაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ეს ყველაზე რთული ამბავია. დღეს, ნებისმიერ სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერმა პროფესორმა კარგად იცის, რომ თუ სტუდენტების გარკვეული რაოდენობა არ ეყოლება, მისი მიმართულება არ გაიხსნება. ერთ-ერთი, რასაც აკრედიტაციის ექსპერტი ყურადღებას აქცევს, ფინანსური მდგრადობაა. თუ ეს ვერ აჩვენე, აკრედიტაციას ვერ მიიღებ. ამდენად, პროფესორი დაინტერესებული არ არის, რომ სტუდენტების განთესვა მოხდეს.
– თუკი ცვლილებების შედეგად ფინანსები ასე ძალიან აღარ იქნება დამოკიდებული სტუდენტების რაოდენობაზე, რამდენი პროცენტით შეამცირებდა თსუ მიღებას ხარისხის გასაზრდელად?
– ძალიან მძიმე შეკითხვაა. პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვიცი. ჩვენ ვიღებთ იმდენს, რამდენიც შეგვიძლია რომ მივიღოთ. იმას, თუ რამდენი შეგვიძლია მივიღოთ, ძალიან მკაცრი ავტორიზაცია გვისაზღვრავს. ეს ყველაფერი გავლილია და ვიცით, რომ ჩვენი მაქსიმუმი, პირობითად, 25 ათასია. თუკი გვინდა, რომ მისაღები კონტიგენტი გავზარდოთ, ეს პროცესი თავიდან უნდა გავიაროთ. თუმცა, უნდა დავადასტუროთ, რომ გვაქვს საამისო ადამიანური, ინფრასტრუქტურული და მატერიალური რესურსი. ესაა მოდელი, რომელიც ჩვენთან მოქმედებს.
იმ მოდელში, რომელიც მე აღვწერე, ფინანსდება არა სტუდენტი, არამედ პროგრამა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი სტუდენტი სპეციალობას შეიცვლის, მისთვის გამოყოფილი თანხა ამ მიმართულებაზე რჩება. ამ შემთხვევაში მოთხოვნა და თამასა მაღალი იქნება, რადგან აღარავის ექნება შიში, რომ სტუდენტს დაკარგავს. სტუდენტი რომც დაკარგოს, თანხას არ დაკარგავს და უმუშევარი არავინ დარჩება. ეს ლოგიკური ჯაჭვი, მთელ ამ პროცესში, აუცილებლად დასანახია.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება