მსოფლიო ბანკის ფულით შემუშავებული უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი
განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებას მომავალი წლისთვის გეგმავს, მაგრამ რა იცვლება არსებულ წესში და როგორი იქნება ახალი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმაც კი არ იციან.
ახალი მოდელის საკითხი პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე 12 ოქტომბერს, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააქტიურდა, სადაც დეპუტატებმა მთავრობის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მოითხოვეს.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, ფინანსური თვალსაზრისით, მისი სამინისტრო მოდელის ამოქმედებისთვის მზად არის, თუმცა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება.
განათლების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ კი, მხოლოდ ის განაცხადა, რომ მოდელი შემუშავებულია, „მაგრამ კიდევ სჭირდება დამუშავება უნივერსიტეტებთან ერთად“, რადგან „რიგ უნივერსიტეტებში რესურსების შემცირებას გამოიწვევს“. ამის გამო კი, როგორც ის აღნიშნავს, უნივერსიტეტებთან შეთანხმების პროცესი გაჭიანურდა, მიუხედავად იმისა, რომ „ახალი მოდელი შედეგზეა ორიენტირებული და კონკურენციას გაზრდის“.
ეს არის ის ინფორმაცია, რაც დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით გაცხადდა, მაგრამ, ცხადია, არანაირ კონკრეტულ წარმოდგენას არ იძლევა თავად მოდელის არსზე.
აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა იყოს მსოფლიო ბანკის ფულით დაფინანსებული უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ხელმისაწვდომი უნივერსიტეტებისთვის განათლების სამინისტროსთან კულუარული მოლაპარაკებისთვის და სახვეწარი გაუხდეთ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომელთა თხოვნა პროექტის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე, განათლების მინისტრის მოადგილე გობრონიძემ ისევ უპასუხოდ დატოვა.
ბოლოს კი, კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი გააფრთხილა, მოდელი მომავალი წლისთვის რომ ამოქმედდეს, ამისთვის დეკემბრის ბოლომდე პარლამენტმა მისი დამტკიცება უნდა მოახერხოს, რაც ცხადია, სამი მოსმენით განხილვებისთვის დროს მოითხოვს.
უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელით გათვალისწინებულია რამდენიმე კომპონენტი:
- სტუდენტების სწავლის გადასახადი – აქ იგულისხმება, როგორც ბიუჯეტიდან გაცემული სასწავლო გრანტი, ასევე სტუდენტის (ოჯახის) მიერ პირადად გადახდილი თანხა;
- უნივერსიტეტებში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსება;
- ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაფინანსება;
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება, რაც მოიცავს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გაცემულ თანხებს.
ამ მოდელის ცვლილებაზე საუბარი წლების წინ დაიწყო. 2021 წლის გაზაფხულზე მინისტრის მოადგილე აცხადებდა, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტით დღემდე შემუშავებული მოდელების ვარიანტებს “ცოტა ხანში წარმოადგენდნენ”. მსოფლიო ბანკის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის Georgia I2Q – Innovation, Inclusion and Quality დაფინანსება 2019 წელს დაიწყო.
ასევე იხილეთ:
მოამზადა რუსა მაჩაიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება