ირინე დარჩია: „პროექტი დასრულებულია, ჩვენი მისია შევასრულეთ!“, ჩხენკელის უწყება კი უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე ისევ დუმს
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავების პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა. უფრო სწორად, წესით, უნდა შესულიყო. წესით იმიტომ, რომ უკვე დასრულდა წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც მსოფლიო ბანკისგან სახელმწიფო ვალის სახით გამოყოფილი თანხებიდან დაფინანსდა და რომლის ფარგლებშიც, არაერთი ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტის ჩართულობით შექმნილმა ჯგუფმა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო შეასრულა (პროექტი ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD). მათ შეისწავლეს დაფინანსების არსებული მოდელი, მისი ხარვეზები, არაერთი შეხვედრა ჩაატარეს ყველა მხარესთან და ერთობლივი დასკვნები და რეკომენდაციები, დაფინანსების მოდელის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამინისტროს მიაწოდეს.
ამის შემდეგ, ჯგუფი პროცესს გამოეთიშა და შესაბამისად, ახლა სრულიად უცნობია რას უპირებს ამ რეკომენდაციებს სამინისტრო, აპირებს თუ არა დაფინანსების წესის ცვლილებას და თუ აპირებს – როგორ. გაითვალისწინებს მათ მიერ გაწეული სამუშაოს შედეგებს, თუ ყველაფერი ფუჭად ჩაივლის. ამის შესახებ საქმის კურსში აღარც სამუშაო ჯგუფის წევრები არიან, არც უნივერსიტეტები და რაღა თქმა უნდა, არც საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ვერსიის გასაჯაროება წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი, ჯერ-ჯერობით ჰორიზონტზეც კი არაფერი ჩანს.
პროექტს (ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) , მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი, განათლების სამინისტროს შენობაში გადმობარგებული ყოფილი განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის ხელმძღვანელობით ახორციელებს. პროექტი 5 ძირითად კომპონენტს მოიცავს, რომლის განხორციელებაც 2020-2025 წლებშია დაგეგმილი, ხოლო დაფინანსება 90 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, პროექტის მიზანია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება.
შექმნილი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ერასმუს+ -ის ოფისის უმაღლესი განათლების ექსპერტი ირინე დარჩია იყო. მან EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა მთელ იმ სამუშაოზე, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებული ჯგუფის მიერ, სამინისტროსთვის, უმაღლესი განათლების ხელსაყრელი მოდელების შესათავაზებლად იქნა გაწეული. თუმცა, აქვე ისიც დასძინა, რომ ახლა უკვე მისთვისაც უცნობია რას აპირებს სამინისტრო.
ირინე დარჩია: უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული სისტემა ის იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც ყველა ვთანხმდებით – სახელმწიფოც, უნივერსიტეტებიც, განათლების სფეროს სპეციალისტებიც და საერთაშორისო ექსპერტებიც. დღეისათვის, უმაღლესი განათლების დაფინანსების, ძალიან რთული და კომპლექსური სისტემა გვაქვს, სადაც წამყვანი კომპონენტი ვაუჩერული დაფინანსება და ე.წ. უფასო სპეციალობების დაფინანსებაა. აგრეთვე, სტუდენტებისთვის არსებობს სოციალური მხარდაჭერის პროგრამები, სამეცნიერო კვლევების დაფინანსება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჭიროებისთვის არსებობს კალათა, საიდანაც დაფინანსება ხდება, ეს საკმარისი არ არის. მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ გამოყოფილი თანხები არასაკმარისია და საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩება. ამას შემდეგი პრობლემა მოყვება – რამდენად ეფექტიანად ნაწილდება თანხები. არსებობს საერთაშორისო ექსპერტებისა და სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომ პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსების მექანიზმმა მოლოდინები არ გაამართლა. შესაბამისად, ამ მიმართულებით დახარჯული თანხები მიანცდამაინც ეფექტიანი არ არის. მათ უკან რეალური პრიორიტეტები არ დგას და თავად ამ პროგრამების ჩამონათვალის შედგენის პროცესიც საკმაოდ გაუმჭვირვალეა.
რაც შეეხება სხვა პრობლემებს, ვაუჩერების მოცულობა, წლების განმავლობაში, არ შეცვლილა. იგი ერთი და იგივეა სხვადასხვა სპეციალობის შემთხვევაშიც, ბაკალავრიატზეც და მაგისტრატურაზეც, მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ინფლაცია იყო და ლარის მსყიდველობითი უნარი მნიშვნელოვნად დაცემულია. ზოგი დარგი მეტად ხარჯიანია, მაგალითად მედიცინა, საბუნებისმეტყველო სპეციალობები, მთელი რიგი სახელოვნებო მიმართულებები. ის თანხა, რაც ექიმის, ქიმიკოსის, ან მხატვრის მომზადებას სჭირდება, იურისტის მოსამზადებლად საჭირო არ არის. ევროპაში სტუდენტის მომზადება, ყოველწლიურად, 7-8 ათასი ევროდან იწყება და 50 ათას ევრომდეც კი ადის, ქვეყანას გააჩნია. ჩვენ კი, გამოდის, რომ წელიწადში, დაახლოებით, 700 დოლარს ვახარჯავთ და ლოგიკურია, რომ ისეთი ხარისხი არ გვაქვს, როგორიც უნდა იყოს.
უნივერსიტეტები სტუდენტების რაოდენობის მიხედვით ფინანსდებიან. ისინი მოტივირებულები არიან, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მოიზიდონ, რადგან მათი შემოსავლები სტუდენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. რაოდენობის გაზრდა კი ხარისხზე ცუდად აისახება. ესაა ის არსებითი პრობლემები, რომლებიც დაფინანსების სისტემაშია გამოკვეთილი.
– ვიცით, რომ განათლების სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს ამუშავებს და ამ პროცესში თქვენც იყავით ჩართული. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
– უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე საუბარი დიდი ხანია მიდის. წლების განმავლობაში ამ საკითხს არაერთი პროექტი მიეძღვნა. 2016, 2019 და 2021 წლებში, მსოფლიო ბანკის მიერ, სხვადასხვა მასშტაბის სამი პროექტი განხორციელდა. ბოლო პროექტში მეც ვიყავი ჩართული. ეს პროექტი უკვე დასრულდა. ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, სხვადასხვა მიმართულებით, რეკომენდაციების მთელი პაკეტი შეიმუშავეს. ამ პროექტში სიტუაციური ანალიზის გარდა, წარმოდგენილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა შესრულებაზე/შედეგებზე ორიენტირებულ დაფინანსებასთან დაკავშირებით. იგი ძალიან კარგ ინსტრუმენტად ითვლება უნივერსიტეტების ინსტიტუციური განვითარების, ხარისხობრივი მაჩვენებლების გაძლიერებისა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აი, ამის შესახებ წერია ამ პროექტში. თუმცა, ჩვენთვის უცნობია რა იქნება განათლების სამინისტროსთვის მისაღები კონკრეტული რეკომენდაციებიდან. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში გამზადებული მოდელი იქნა შეთავაზებული. შეთავაზებულია რეკომენდაციები და შესაძლებლობები, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს უკეთესი მოდელი.
– ახალი მოდელი უნივერსიტეტების დაფინანსების შემცირებას ხომ არ გამოიწვევს?
– მოსაზრებას, რომ ახალი მოდელი უნივერსიტეტების დაფინანსების შემცირებას გამოიწვევს, პრინციპულად არ ვეთანხმები. იმ პროექტში, რომელიც მსოფლიო ბანკის ფარგლებში დასრულდა, არსად არის მითითება იმის შესახებ, რომ რომელიმე ინსტიტუციას თანხები უნდა მოაკლდეს. ჩვენ სამინისტროს შევთავაზეთ ისეთი მოდელი, რომელიც დაფინანსებას არ შეამცირებს. უბრალოდ, ფინანსების მიღების პრინციპი შეიცვლება. მხოლოდ სტუდენტების რაოდენობაა აღარ იქნება განმსაზღვრელი. ისინი დაფინანსებას სხვადასხვა აქტივობებისთვის უნდა იღებდნენ – საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობისთვის, ხარისხის განვითარებისთვის. ანუ, ეს მოდელი დაფინანსების შემცირებას არ გულისხმობს, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა.
– კარგია, რომ შემცირებას არ გულისხმობს, თუმცა, გაზრდას თუ მოიაზრებს?
– არ ვიცი, არ მინდა ამ პროექტთან დაკავშირებით არასწორი მოლოდინები იყოს. როგორი იქნება მოდელი კონკრეტულად, ეს განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული – რას გაითვალისწინებს შემუშავებული რეკომენდაციებიდან და რას – არა. თუმცა, თანხის შემცირებაზე საუბარი, ამ პროექტში, არ არის. თანხები უნდა გაიზარდოს. როგორ ვთხოვთ უნივერსიტეტებს კონკურენტუნარიანები იყვნენ საერთაშორისო მასშტაბით, როცა ერთი სტუდენტის მომზადებაში 700 დოლარამდე თანხას იღებენ, ერთი წლის განმავლობაში? მესმის, რომ მათ ვერ დავაფინანსებთ ისე, როგორც გერმანია, საფრანგეთი, ან სკანდინავიის ქვეყნები. დაფინანსება, დიდწილად, GDP-ზეა დამოკიდებული, რეალისტები უნდა ვიყოთ. მთავარია, რომ თანხა, რომელსაც უნივერსიტეტები იღებენ, მაქსიმალურად ეფექტიანად იქნეს გამოყენებული, არა უბრალოდ დიპლომიანი ადამიანების რაოდენობის გასაზრდელად, არამედ რეალური, ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად.
– შესრულებაზე ორიენტირებული დაფინანსება ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება, თუ ძირითადად ამ მოდელზე ხდება ფოკუსირება?
– მხოლოდ ეს მოდელი არავითარ შემთხვევაში არ იქნება. მსოფლიოში ამის პრეცედენტი არ არსებობს და ვერც ჩვენთან მოხდება. შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების წილი, დაახლოებით, 3, 5, ან მაქსიმუმ 7% შეიძლება იყოს. შესაძლოა სამინისტრომ უფრო მაღალი პროცენტიც გამოიყენოს, თუ ასე გადაწყვეტს. ეს მთლიანად მასზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, რჩება ვაუჩერული დაფინანსება, ეს სტუდენტზე ორიენტირებული დაფინანსებაა. ამის ცვლილებაზე საუბარი არ არის. ექსპერტებს მისი მოდიფიკაციის თაობაზე მოსაზრებები აქვთ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თანხები რჩება. იმედია, რომ გაიზრდება კიდეც. უბრალოდ, საუბარი დამატებითი მექანიზმის შემოტანაზეა.
– და რა იქნება ეს დამატებითი მექანიზმი? როგორც ახსენეთ, არსებული მოდელიდან გარკვეული კომპონენტები დარჩება, ასევე დაემატება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება. კიდევ რა ტიპის მოდელს შეიძლება მოიაზრებდეს იგი?
– აქ საუბარი არ არის არსებული მოდელის მთლიანად ჩანაცვლებაზე. საუბარი არსებულ მოდელში გარკვეული კომპონენტის მოდერნიზაციაზეა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ შესრულებაზე ორიენტირებული მოდელის შემოტანა მოხდება. შესაძლებელია ასევე დაემატოს საბაზო დაფინანსების კომპონენტი, ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია.
– რა იგულისხმება შედეგებში/შესრულებაში და როგორ უნდა გაიზომოს ის?
– ჩვეულებრივ, შესრულებაზე დაფუძნებული მოდელის ინდიკატორები ყველასთვის საერთო არ არის ხოლმე. ინდიკატორების ფართო ჩამონათვალი არსებობს და სხვადასხვა კატეგორიად იყოფა. ამაში შეიძლება შედიოდეს სამეცნიერო საქმიანობა, საგანმანათლებლო საქმიანობა, კვლევა, ინტერნაციონალიზაცია, კურსდამთავრებულთა რაოდენობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საერთაშორისო სტიპენდიები და გრანტები, პუბლიკაციები, პატენტები, ციტირების ინდექსი, აკრედიტებული პროგრამების რაოდენობა, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების რაოდენობა, კონფერენციებში მონაწილეობა და ა.შ. ინდიკატორები, შესაძლოა, შემუშავდეს კონკრეტული დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე. ჩვეულებრივ, როცა რომელიმე ქვეყანა დაფინანსების არსებულ მოდელს შესრულებაზე დაფუძნებულ მოდელს ამატებს, ინსტიტუციებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ხშირად, ინდივიდუალური ხელშეკრულებები მუშავდება მათი პოტენციალიდან, შესაძლებლობებიდან და სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე. მერე უკვე ის მოწმდება, თუ რამდენად გავა ინსტიტუცია შეთანხმებულ შედეგებსა და მიზნებზე. ინდიკატორებში ჩადებულია ხოლმე სახელმწიფოს სტრატეგიული ამოცანები. მაგალითად, შესაძლოა სახელმწიფო დაინტერესებული იყოს აგრარული სფეროს განვითარებით და ინდიკატორად ამ მიმართულებით გარკვეული კვლევების წარმოება, ან სტუდენტების მომზადება ჰქონდეს განსაზღვრული. იმ ქვეყნებში, სადაც შესრულებაზე დაფუძნებული მოდელი არსებობს, ინდიკატორების შემუშავების პროცესი გამჭვირვალეა და გათვალისწინებულია სტრატეგიული ამოცანები. ეს არ არის ის, რისი შემოტანაც გადაწყვეტილია. ესაა ის, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს მოდელი ევროპის ქვეყნებში.
– რამდენად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი მოდელის შემოღების შემდეგ უნივერსიტეტები თანაბარ პირობებში იქნებიან? დიდი თუ მცირე, სახელმწიფო თუ კერძო…
– ამ კითხვაზე პასუხის ვერ გაგცემთ, რადგან არ ვიცი რა მეთოდს შესთავაზებს მათ სახელმწიფო. თუმცა, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი იძლევა საშუალებას, რომ ინსტიტუციები თავიანთი სტრატეგიული მიზნებისა და პოტენციალის შესაბამისად განვითარდნენ.
– როგორი იყო თქვენი და სხვა ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების ჩართულობა ამ ჯგუფში? კონკრეტულად რა სახის სამუშაოს ასრულებდით?
– ჩვენ ჩავატარეთ ვორქშოფი, სადაც 100 მეტი მონაწილე გვყავდა: სახელმწიფო, კერძო და რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, კურსდამთავრებულები, პოტენციური დამსაქმებლები, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. ძალიან ბევრი შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა ფოკუს ჯგუფთან. ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან. პროექტის ყველა ძირითად ეტაპზე მათ ძირითად მიგნებებს, რეკომენდაციებს ვუზიარებდით. იყო დისკუსია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მთელი ეს პროცესი საკმაოდ ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. მეორე ვორქშოფი საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა გამართულიყო, თუმცა გადაწყდა, რომ ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებულიყო. შედეგები კი სამინისტროს წარვუდგინეთ. მათ გადაწყვიტეს, რომ ამ პროექტის შედეგებს დაინტერესებულ მხარეებს თავად გააცნობდნენ.
– რა ეტაპზეა ახლა პროცესი? თქვენი ჩართულობა დასრულდა და ჯერი უწყებაზეა?
– დიახ, პროექტი დასრულებულია, ჩვენი მისია შევასრულეთ – პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვანაირი გზა შევთავაზეთ. ახლა სამინისტროზეა დამოკიდებული რა მოდელს ჩამოაყალიბებს. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ინფორმაცია რა ეტაპზეა ახალი მოდელის შემუშავება. პროექტის იმპლემენტაციის ვადები, მთლიანად სამინისტროზეა დამოკიდებული.
– მსოფლიო ბანკის მიერ არანაირი ვადები არაა დაწესებული?
– არა. იმისათვის, რომ ეს რეკომენდაციები საქმედ იქცეს, აუცილებელია ჯერ გადაწყვეტილების კონცეპტუალურად მიღება, თუ რას ვიღებთ ამ რეკომენდაციებიდან, შემდეგ საკანონმდებლო პაკეტი, მერე მისი დამტკიცება და ბოლოს – იმპლემენტაცია. ეს კარგად გააზრებული და თანმიმდევრული პროცესი უნდა იყოს. დიდი სამუშაოა შესასრულებელი.
– როგორია ამ ყველაფერში მსოფლიო ბანკის როლი? მას ერთგვარი მაკონტროლებლის ფუნქცია აკისრია? როგორ უნდა შემოწმდეს შესრულდა თუ არა მიზანი?
– მსოფლიო ბანკი დონორია, რომელმაც სახელმწიფოს, აღებული ვალის ფარგლებში, ფინანსები გამოყო, უცხოელი და ქართველი ექსპერტები მოიძია და სახელმწიფოსთვის ინტელექტუალური პროდუქტი შეიმუშავა. სამინისტრო მსოფლიო ბანკის წინაშე ანგარიშვალდებული ნამდვილად არ არის. სამინისტრო საზოგადოების, ჩემსა და თქვენს წინაშეა ვალდებული. თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგების იმპლემენტაცია არ მოხდეს. უბრალოდ, დასაწყისში როგორც მოგახსენეთ, არსებული პრობლემებიდან გამომდინარე მართლაც საშური საქმეა, რომ დაფინანსების წესი დროულად შეიცვალოს. მალე, თუმცა ფრთხილად, თანმიმდევრულად და გააზრებულად. დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, გამჭვირვალე კომუნიკაციით და ამავე დროს, გარკვეული პრინციპების განუხრელად დაცვით.
– როგორ უნდა შემოწმდეს და გაკონტროლდეს ის, რომ მსოფლიო ბანკისგან აღებულმა ვალმა და ამ სამუშაომ ფუჭად არ ჩაიაროს?
– ამისთვის არსებობს პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოება, ფართო საზოგადოება და ამისთვის არსებობენ უნივერსიტეტები.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება