GE

ცნობილია რა სიახლეები დახვდებათ 2022 წლის აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – დეტალები

როგორც EDU.ARIS.GE უკვე წერდა, 2022 წლის აბიტურიენტებისთვის მისაღებ გამოცდებზე ცვლილებები განხორციელდა და ამის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას ველოდით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ ისაუბრეს.

ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის, გარდა მათემატიკის ან ისტორიისა, მეტი არჩევანის შესაძლებლობება მიეცემათ.

როგორც სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

რა მიმართულებაზე რა საგნის ან საგნების ჩაბარება მოუწევთ 2022 წლის აბიტურიენტებს – მინისტრის ბრძანება

მაგალითისათვის, აბიტურიენტებს საბუნებისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის მესამე სავალდებულო საგნად შესაძლებლობა აქვთ, გარდა მათემატიკისა და ისტორიისა, აირჩიონ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. ხოლო სახელოვნებო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, ისტორიისა და მათემატიკის გარდა, არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება ლიტერატურას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას შორის და ა.შ.

“აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს გაუზრდის მათთვის სასურველი ჩასაბარებელი საგნების არჩევანის შესაძლებლობას და დაეხმარება უნივერსიტეტში სწავლის პროცესში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის უკეთ ათვისებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებში გაზრდის ინტერესს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა საგნის მიმართ”, – განმარტავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

რაც შეეხება საგამოცდო ტესტებში დაგეგმილ ცვლილებას, როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, 2022 წელს დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხება გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.

ტესტებში შესული ცვლილებების თაობაზე მეტი დეტალის გარკვევას EDU.ARIS.GE უკვე ცდილობს.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური