GE

“ცოდნის ფონდი“ კახა ბენდუქიძის ქვრივს განცხადებით პასუხობს

კახა ბენდუქიძის მიერ დაფუძნებული “ცოდნის ფონდი” ბენდუქიძის ქვრივის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. Aris.ge- განათლება ფონდის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“კახა ბენდუქიძის მიერ 2007 წელს დაფუძნებული ცოდნის ფონდის ამოცანაა განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობა ქველმოქმედების გზით. ცოდნის ფონდი არის აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების დამფუძნებელი არამომგებიანი, არასამეწარმეო, საქველმოქმედო ორგანიზაცია.

ბატონი კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ანდერძის არარსებობის და მემკვიდრის დაუდგენლობის პირობებში ცოდნის ფონდთან მიმართებაში შეიქმნა შემდეგი ვითარება: 1. პოტენციურ მემკვიდრეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავები, 2. აქედან გამომდინარე ცოდნის ფონდის დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის, უფლებამონაცვლე არ არის განსაზღვრული და შესაბამისად, შეუძლებელია ცოდნის ფონდის დირექტორის და/ან ფონდის წესდების ცვლილება.

არსებულ ვითარებაში ცოდნის ფონდის წინაშე დგას შემდეგი ამოცანა: შეინარჩუნოს ცოდნის ფონდისა და მისი დაფუძნებული თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მდგრადობა და რეპუტაცია მემკვიდრის და კახა ბენდუქიძის უფლებამონაცვლის გარკვევამდე.

ცოდნის ფონდი ემიჯნება ოჯახური დავის პროცესს და არ ერევა არსებულ დავაში. ასევე თხოვნით მივმართავთ პოტენციურ მემკვიდრეებს და დაინტერესებულ პირებს, ნუ გამოიყენებენ ცოდნის ფონდსა და თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს კერძო ინტერესებისათვის, ნუ დააზიანებენ უნივერსიტეტების რეპუტაციას და იმოქმედონ ბატონი კახას მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მათთვის მემკვიდრის ფორმალური უფლებამოსილების მინიჭებამდე.

მემკვიდრეობის საკითხების გარკვევის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ცოდნის ფონდში ფინანსური, სტრუქტურული და ინსტიტუციური საკითხების გადაწყვეტის უფლება მიენიჭება იმ პიროვნებას/პიროვნებებს, რომლებიც გახდებიან ბატონი კახა ბენდუქიძის უფლებამონაცვლეები. ცოდნის ფონდის დირექტორსა და პოტენციურ მემკვიდრეებს შორის არსებული, ჯერ კიდევ ბატონი კახა ბენდუქიძის სიცოცხლეში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ცოდნის ფონდის დირექტორის ცვლილება მოხდება უფლებამონაცვლის გარკვევისთანავე.

ცოდნის ფონდი წუხილს გამოთქვამს შექმნილი ვითარების გამო და იმედს იტოვებს, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება სასამართლო დავა და გაირკვევა ბატონი კახა ბენდუქიძის მემკვიდრის და უფლებამონაცვლის საკითხი.

როგორც კახა ბენდუქიძის თანამოაზრენი პასუხისმგებლობით და პატივისცემით ვეკიდებით მის დანატოვარს და თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ა.წ. 29 ივლისის შეკვეთილ განცხადებაში გამოთქმულ დაუსაბუთებელ და ცრუ ბრალდებებზე პასუხისაგან”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კახა ბენდუქიძის ქვრივი ცოდნის ფონდში და თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ განცხადებას ავრცელებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური