თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კამპუსში კახა ბენდუქიძის კვირეული ჩატარდა
20-25 აპრილს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კამპუსში კახა ბენდუქიძის კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:
► 20 აპრილს საერთაშორისო რეიტინგის Doing Business-ის მეთოდოლოგიისა და რეიტინგის თანაავტორმა, სიმეონ ჯანკოვმა, წაიკითხა საჯარო ლექცია და ჩაატარა წიგნის „The Great Rebirth – Lessons from the Victory of Capitalism over Communism“ („დიდი აღორძინება – კაპიტალიზმის კომუნიზმზე გამარჯვების გაკვეთილები“) პრეზენტაცია. წიგნი დაწერილია კახა ბენდუქიძისა და მიხეილ სააკაშილის თანაავტორობით. წიგნის რედაქტორი, სიმეონ ჯანკოვი 2009-2013 წლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი იყო.
► 21 აპრილს, ჟურნალისტური წერის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსი თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მეთერთმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის.
დაჯილდოების შემდეგ ზაალ ჩხეიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია – “ლაკონიური წერის ხელოვნება”.
ზაალ ჩხეიძე პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ლექტორია. ლექცია ჩატარდა თავისუფალი უნივერსიტეტის ლაკონიური წერის კონკურსის “წერეთ ქართულად“ ფარგლებში. კონკურსის იდეა ეკუთვნის კახა ბენდუქიძეს.
► 22 აპრილს კამპუსის მუზეუმში ჩატარდა მოსწავლეებისათვის განკუთვნილი საბუნებისმეტყველო კონკურსის ფინალი. მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექციები, მათთვის სპეციალური ვიქტორინაც მოეწყო. მოსწავლეებმა დაჯილდოების წინ დაათვალიერეს კამპუსი. ტურის შემდეგ გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები და ჯილდოები.
კონკურსის დასრულების შემდეგ კამპუსის ხელოვნების ცენტრში დაიდგა სპექტაკლი “ფიროსმანი“.
დღის ბოლოს გაიმართა დისკუსია კახა ბენდუქიძის რეფორმების შესახებ. სპიკერებმა – გიგა ბოკერიამ, ვატო ლეჟავამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა – ისაუბრეს მთავრობაში კახა ბენდუქიძის მოღვაწეობის დროს განხორციელებულ რეფორმებსა და მის შედეგებზე.
► 23 აპრილს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმის გამომცემლობებთან “ინტელექტი“ და “არტანუჯი“.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გელა ჩარკვიანმა წაიკითხა ფრაგმენტები ავტობიოგრაფიული წიგნიდან “ნაცნობ ქიმერათა ფერხული“. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
დღის ბოლოს ჟურნალისტმა ვლადიმირ ფედორინმა საჯარო ლექციის და წიგნის “Farewell to Empire – Ґудбай, імперіє“ (მშვიდობით, იმპერიავ) პრეზენტაცია ჩაატარა.
წიგნი დაწერილია კახა ბედუქიძესთან ინტერვიუების საფუძველზე და წარმოდგენილია მისი საქმიანობის ეტაპები: მეცნიერი, ბიზნესმენი, სახელმწიფო მოღვაწე და რეფორმატორი, ფილანტროპი და წარმატებული უნივერსიტეტების დამაარსებელი. ასევე, აღწერილია კახა ბენდუქიძის მოსაზრებები საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და უკრაინაში გასატარებელი პოლიტიკის შესახებ.
► 24 აპრილს კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა საჯარო დისკუსია “ოკუპაციის 200 წელი“. სპიკერები – ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი კეკელიძე, ერეკლე ასტახიშვილი, ბექა მინდიაშვილი, ნუცა ბათიაშვილი,ზაალ ჩხეიძე, ირაკლი კიკნაველიძე, მერაბ ღაღანიძე.
“ოკუპაციის 200 წელი“ კახა ბენდუქიძისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო რომელზეც წლების განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ გუნდთან ერთად. დისკუსიის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ საინტერესო ისტორიები, დაესვათ კითხვები.
საღმოს კამპუსის ხელოვნების ცენტრში ჩატარდა კლასიკური მუსიკის საღამო.
► 25 აპრილს ჟურნალისტებმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, ინგა გრიგოლიამ და მიხეილ სესიაშვილმა ისაუბრეს კახა ბენდუქიძეზე, როგორც განსაკურებულ რესპონდენტზე.
კვირეულის ბოლო ღონისძიება კამპუსის ფოიეში შედგა. ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ტაბულას გამოცემული წიგნის, “სხვა არჩევანი არ გვაქვს“ პრეზენტაცია მოაწყო. წიგნში დაბეჭდილია კახა ბენდუქიძის დაწერილი 20 სვეტი ჟურნალ ტაბულასთვის.
კვირეულის ფოტოალბომი შეგიძლიათ იხილოთ აქ