GE

ცვლილებების ჩამონათვალი და ტესტის ნიმუში 2022 წლის ქართულისა და გეოგრაფიის ეროვნული გამოცდისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალურად ასაჯაროებს იმ ცვლილებებს, რომელიც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე გეოგრაფიის ტესტებში შევა:

„გეოგრაფიაში ძალიან უმნიშვნელო ცვლილებაა, რამდენიმე ორქულიანი დავალება იშლება ერთქულიან დავალებებად. ასევე, რუკას ვურიგებდით მანამდე და ახლა აღარ დავურიგებთ რუკას და თვითონ ელექტრონულად იქნება ჩაშენებული რუკის ფრაგმენტი, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი. დაახლოებით ერთი ქულით შეიცვალა ჯამური ქულების რაოდენობა და მაქსიმალური ქულა იქნება განსხვავებული.

“რაც შეეხება ქართულს, ქართულში, შეიძლება ითქვას, უფრო საინტერესო ცვლილება შეიძლება იყოს აბიტურიენტებისთვის, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ ქართულ ენაში ჩვენ გვქონდა ღია დავალებები და ახლა ტესტი გახდება უფრო დაბალანსებული. ორი წერითი დავალების ნაცვლად, აბიტურიენტებს ევალებათ ერთი წერითი დავალების შესრულება, მეორე წერითი დავალება კი გარდაიქმნება უკვე სხვა ტიპის დავალებად, რომელსაც ქვია წაკითხულის გააზრება“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ დღეს, განათლების სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

20 ოქტომბერს სოფიო გორგოძის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ გარდა საგნების არჩევის სიახლისა, სიახლეა ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის 2022 წლის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხო გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.

მაშ ასე:

ცვლილება ქართული ენა და ლიტერატურა:

2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად).

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად.

იხილეთ: საგამოცდო ტესტის ნიმუში – ქართული ენა და ლიტერატურა

წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები

ცვლილება გეოგრაფია:

გეოგრაფიის ტესტში 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იგეგმება მცირეოდენი ცვლილებები. რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.

გეოგრაფიის კითხვების ნიმუშები:

  • რა მიმართულებით მდებარეობს ქ. ახალციხიდან ქ. გაგრა?

სწორი პასუხის ნიმუში: ქ. ახალციხიდან ქ. გაგრა მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით.

  • დაახლოებით რას უდრის მ. იარონის აბსოლუტური სიმაღლე?

  • სოფ. დეკიანის მოდამოებში მდებარე ქვანახშირის მაღაროს აქვს თუ არა სამრეწველო დანიშნულება? პასუხი დაასაბუთეთ.

სწორი პასუხის ნიმუში: მაღარო სამრეწველო მნიშვნელობისაა (1 ქ.), რადგან მაღაროდან ქარხანამდე მიყვანილია საავტომობილო გრუნტის გზა (1 ქ.).

გამოცდების ცენტრი ცვლილების მიზანსაც გამარტავს: საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით პერიოდულად იცვლება. სიახლეები მიზნად ისახავს ტესტის კიდევ უფრო მეტ დახვეწასა და სრულყოფას. გარდა ამისა, ცვლილებები მიმართულია ერთი და იმავე ფორმატით გამოცდის ჩატარებისას მოსალოდნელი კლიშეებიისა და ტრაფარეტების დამკვიდრების თავიდან ასაცილებლად, რათა აბიტურიენტებმა უკეთ შეძლონ საკუთარი ცოდნისა და უნარების წარმოჩენა.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის განმარტებით, 2022 წელს, ცვლილებები სხვა საგნების საგამოცდო ტესტებში არ იგეგმება.

ასევე იხილეთ:

რა მიმართულებაზე რა საგნის ან საგნების ჩაბარება მოუწევთ 2022 წლის აბიტურიენტებს – მინისტრის ბრძანება

ცნობილია რა სიახლეები დახვდებათ 2022 წლის აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – დეტალები

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური