დეპუტატის ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობაზე დარჩენას მესამე ვადით აპირებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ზედიზედ მესამე ვადით აპირებს თანამდებობაზე დარჩენას.
როგორც ქუცნაშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ფრანგიშვილის მცდელობა ზედიზედ მესამე ვადით იყოს რექტორის თანამდებობაზე არჩეული, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ფრანგიშვილი ცდილობს ზედიზედ მესამე ვადით გაიგრძელოს რექტორის თანამდებობაზე ყოფნის უფლება. შესაბამისად, მინდა ვთხოვო, ყველამ დაიცვას უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელიც არავის არ აძლევს უფლებას, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმისა, ეს იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი თუ არაკომერციული იურიდიული პირი აიპ-ის სახით, ზედიზედ 2-ჯერ მეტი ვადით დაიკავოს რექტორის თანამდებობა. ჩემი ინფორმაციით, იანვრის თვეში, ანუ ნაახალწლევს ცდილობენ ეს წესი დარღვეული იყოს და უპირატესობა მიანიჭონ წესდების მოთხოვნებს, რომელსაც ვერ ექნება უპირატესი იურიდიული ძალა, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დაწესებულ მოთხოვნებთან“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.
დეპუტატის განმარტებით, მისი თხოვნა ეფუძნება სურვილს, რომ საქართთველოს მოქალაქეებს თანაბარი შესაძლებლობები და ის თავისუფლება ჰქონდეთ, რაც აუცილებელია, რომ გონივრული პერიოდულობით მოხდეს ყველა მაღალი რანგის თანამდებობის პირის შეცვლა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კი აცხადებენ, რომ რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 6 იანვარს დაიწყება და შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ცნობილი არ არის, ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
რაც შეეხება მოქმედი რექტორის უფლებას არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ, ტექნიკურ უნივერსიტეტში განვმარტავენ, რომ კანონის თანახმად, არჩილ ფრანგიშვილი უნივერსიტეტის რექტორი მეორე ვადით არ ყოფილა და მას აქვს უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, არჩევის შემთხვევაში კი ტექნიკურ უნივერსიტეტს უხელმძღვანელოს.
„2011 წლიდან საქართველოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ჩნდება ახალი ცნება – „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება“. ამავე წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რეგისტრირდება როგორც „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ და მის დამფუძნებლად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სახელმწიფო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახით (ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ მიუთითებს სამი ტიპის დაწესებულებათა ხელმძღვანელის (რექტორის) პირველ არჩევნებზე). წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული იქნა შესაბამისი დადგენილებები, სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებათა შესაბამისად დამტკიცდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2012 და 2013 წლის წესდებები. შესაბამისად, 2012 წელს „აიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“, როგორც ახლად რეგისტრირებულ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩატარდა რექტორის პირველი არჩევნები, ხოლო 2013 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტრეტი“ გარდაიქმნა „სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად“. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2016 წელს დაგეგმილი სტუ-ს რექტორის არჩევნები მიიჩნევა მეორე არჩევნებად. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სტუ-ს მოქმედ რექტორს არა აქვს დასრულებული კანონით ნებადართული ორი სრული ვადა და მის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირებას 2016 წელს დაგეგმილ არჩევნებში საკანონმდებლო დონეზე რაიმე შეზღუდვა საერთოდ არ შეიძლება ჰქონდეს”, – აცხადებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ნიშანი, როგორც ცუდის ნიშანი – ტექნიკურ უნივერსიტეტში…
წყარო: Pia.ge
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია