ნიშანი, როგორც ცუდის ნიშანი – ტექნიკურ უნივერსიტეტში…
„ადვილი გამოცდების“ და არამხოლოდ გამოცდების გამო!
„შუალედური გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი. მოუმზადებელი ვიყავი. სამსახურიდან დავურეკე ლექტორს და ვთხოვე… დამიწერა! ნიშანი ტელეფონით – ამგვარი რამ ყოველ ნაბიჯზე ხდება-მეთქი ვერ დავიჩემებ, თუმცა არც გამონაკლისს წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი პედაგოგი, ამას რომ წაიკითხავს, ვერ მიხვდება, რომელმა მოწაფემ გასცა..“ – ამ სიტყვების ავტორი დ.გ. ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სამშენებლო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, ტექნიკური უნივერსიტეტი კი ამ შემთხვევაში არის წარმომადგენელი ქართული უმაღლესი სკოლისა, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებით მექრთამეობის სენი კი დაძლია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს, ცოდნაზე იყოს ორიენტირებული და ხშირ შემთხვევაში, დიპლომის გაცემით არის დაკავებული.
Aris.ge-განათლება ტექნიკური უნივერსიტეტის 5-6 სტუდენტს ესაუბრა, ვისაც ლექტორმა ნიშანი სატელეფონო თხოვნის შედეგად დაუწერა. მათი უმრავლესობა მაგისტრანტია და განმარტავს: „ტელეფონით საკუთარი მონაცემები ვუთხარი და ვთხოვე…“.
არც ბაკალავრები ამბობენ უარს სატელეფონო დახმარებაზე, თუმცა ისინი შედარებით ნაკლები სითამამით გამოირჩევიან და შუამავლად უფროსებს ირჩევენ. მათი თქმით, ცნებები – „მამაჩემის ძმაკაცი“, „ოჯახის ახლობელი“ ყოფილი გპი-ს შიდა საგამოცდო ციებ-ცხელებაში ისეთივე ახლობელია, როგორც ეს წლების წინ იყო.
მოკლედ, სტუდენტების ნაამბობიდან გაირკვა, რომ შუალედური და ფინალური გამოცდების ჩაბარება, სხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებელბთან შედარებით ტექნიკურ უნივერსიტეტში, რბილად რომ ვთქვათ, გაცილებით ადვილია: „ასე რომ არ იყოს, აქ რატომ ჩავაბარებდი…. ვმუშაობ და ლექციებზე საერთოდ არ დავდივარ. გამოცდებზე გადაწერები ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა. ერთხელ ვერ მოვახერხე – დამსწრე გვყავდა და თავი გაიგიჟა!“ – ეს მშრომელი ახალგაზრდა – გ. ა. ბაკალავრიატის სამართლამცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, ყველაზე უწყინარ მაგალითად მიიჩნევს საგამოცდო ბილეთების საკითხების „გარეთ გამოტანას“…
ჩვენ მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა განმარტებით, სუსტ სტუდენტებთან მიმართებაში ლექტორები სხვადასხვა დათმობებზე მიდიან დაწყებული ცნობილი ფორმულირებით – „მაშინ რაც იცი, ის მითხარი“ – დამთავრებული უწყინარი გარიგებით: „1-2 საკითხი მაინც გადმომიგზავნე მეილზე“ .
არადა, სუსტი ნაკადის პრობლემა ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საკმაოდ ახლობელია. ნაწყვეტი ერთი-ერთი ქალბატონის მონათხრობიდან, რომელიც თავად ლექტორია, ასევე არის ოთხი სტუდენტის მშობელი და ერთდროულად რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის შესახებ მოეპოვება ინფორმაცია: „ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 10 პროცენტი კარგად არის მომზადებული, დაახლოებით 20 პროცენტამდე, შეიძლება ითქვას, მონდომებულია, დანარჩენ 70 პროცენტზე რა მოგახსენოთ… სხვათა შორის, ძლიერი სტუდენტებით არც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოირჩევია, თუმცა პირადად მე არ მსმენია, რომ აქ შიდა გამოცდებს ისე აბარებენ და იბარებენ, როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტში… სტუდენტის სატელეფონო თხოვნის შედეგად დაწერილი ნიშანი ცუდის ნიშანია“…
სუსტი ნაკადის შესახებ ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი დარეჯან მეფარიშვილი გაურკვეველი შეკითხვით „პასუხობს“: „გამოცდებს ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. აბიტურიენტი, რომელიც აბარებს გამოცდებს და გადალახავს დადგენილ ზღვარს ხდება სტუდენტი. თქვენი კითხვის საპასუხოდ გკითხავთ – როგორ ფიქრობთ, ეროვნული ცენტრი არაკვალიფიციურად ატარებს გამოცდებს?“
არადა, ტექნიკურ უნივერსიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელს მეტი პასუხისმგებლობა და გულახდილობა რომ გამოეჩინა, გვერდს ვერ აუვლიდა საუბარს იმ სავალალო რეალობაზე, რომელშიც დღეს ჩვენი უმაღლესი სკოლა იმყოფება და რომლის ერთ-ერთი ტიპური წარმომადგენელი ტექნიკური უნივერსიტეტია. ქვეყანაში, სადაც უმაღლესი სასწავლებლების მიერ გამოცხადებული ადგილების რაოდენობა აღემატება აბიტურიენთა რიცხვს, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (გადასალახავი ბარიერი) კი 25 პროცენტს ვერ სცდება, კონკურენციაზე საუბარი არ შეიძლება. ასეთ რეალობაში ყველაზე სუსტ აბიტურიენტსაც კი სტუდენტად გახდომის საშუალება ეძლევა. სამწუხაროდ, ამგვარ სავალალო მდგომარებას ხშირ შემთხვევაში დუმილით ეთანხმებიან როგორც უმაღლესი სასწავლებლების მესვეურები (ფინანსური ინტერესის გამო), ასევე აბიტურიენტთა ოჯახის წევრები, რომლებიც სწავლის საფასურს იხდიან და რომელთათვისაც დიპლომი კვლავ საცდურად რჩება. (ამ წერილში არაფერს ვამბობთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაზე, საიდანაც ეს სუსტი ნაკადი მოდის).
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკური მონაცემები (2015-2016 სასწავლო წლისათვის), რომელიც წარმოადგენს აბიტურიენტთა საკონკურსო ქულებით რანჟირებულ სიას აკადემიურ (საბაკავლრო) პროგრამებზე, ერთგვარი ლუსტრაციაა იმისა, თუ როგორი ნაკადით არის დაკომპლექტებული ესა თუ ის უნივერსიტეტი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ტექნიკური უნივერსიტეტი იმ უმაღლეს სასწავლებელთა რიცხვს განეკუთვნება, სადაც სტუდენტთა უმრავლესობამ გრანტი ვერ მოიპვა.
პარადოქსია, როცა ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი ცდილობს, რეალობა სუსტი ნაკადის შესახებ „ერთი ფაკულტეტის მაგალითზე“ უარყოს (ამგვარი განზოგადების მცდელობა თავისთავად აბსურდულია), იქვე წუხს წლევანდელ 1816 გაუქმებულ ადგილზე…
ტექნიკური უნივერსიტეტის პრობლემებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა კადრების ნაკლებობა. ხელის თითებზე ჩამოსათვლელი რამდენიმე პედაგოგი (უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გვიგზავნის 6-კაციან სიას – მინაწერით „და სხვ.“) ამინდს ვერ ქმნის. ამასთანავე, ამ პრობლემის წინა პლანზე წამოწევა სულაც არ ნიშნავს ცნობილი და გამოჩენილი მეცნიერების იგნორირებას, მათ წინააღმდეგ წასვლას. საუბარია თაობათა შორის კავშირის წყვეტაზე. დღეს, როცა ახალგაზრდა თაობა ისედაც ნაკლებ ინტერესს იჩენს სამეცნიერო დარგებისადმი, აუცილებელი მისი დაინტერესება სხვადასხვა გზებით და მეთოდებით. ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა კი შენიშნავს, რომ აქ ახალგაზრდების უმრავლესობა ძირითადად მოწვეული პედაგოგების სტატუსით გვხვდება, მათი შრომის საათობრივი ანაზღაურება კი სამი ლარია…
და ბოლოს, წერილის დასაწყისში ნახსენებ „ადვილი გამოცდების“ თემას დავუბრუნდები ერთი პოზიტიური შტრიხით. სტუდენტებს ვთხოვე, დაესახელებინათ ერთ-ერთი სამართლიანი და მკაცრი ლექტორი, ვისთანაც „ჩაწყობა“ წარმოუდგენელია. ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობას იმ წამსვე ხიდების და გვირაბების კათედრის ასისტენტ-პროფესორის ბორის მაისურაძის გვარ-სახელი გაახსენდათ!
ავტორი – ვერიკო თევზაძე
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება