დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“
დიმიტრი უზნაძე (1887-1950)
ნაწყვეტი – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“
დემოკრატიულად ორგანიზებული სახელმწიფო ესწრაფვის აღზარდოს არა მარტო პიროვნება, არამედ, პირველ ყოვლისა მოქალაქე, ამიტომ, ახალგაზრდა თაობის მოქალაქოებრივი აღზრდის საკითხი სახალხო განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი საკითხია. პედაგოგიურ პრაქტიკასა და ლიტერატურაში ამჟამად ამ საკითხზე ენერგიული სჯა-ბაასია გაჩაღებული. უდავოა, რომ დემოკრატია დაინტერესებულია შეგნებულ მოქალაქეთა აღზრდისთ, რომლებსაც უნარი ექნებათ შემოქმედებითად ჩაერიონ სახელმწიფოს ცხოვრების განვითარების პროცესში, მაგრამ რა საშუალებები აქვს სახალხო სკოლას ამ მნიშვნელოვანი მიზნის განსახორციელებლად?
პირველ ყოვლისა, აუცილებელია მივცეთ ბავშვებს ცოდნის გარკვეული რაოდენობა მოცემულ საკითხზე; სახალხო სკოლის პროგრამაში გათვალისწინებული უნდა იყოს ეს მოსაზრება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. არსებითია არა შეხედულებათა წრის შეთვისება, არამედ ხასიათისა და ნებისყოფის სამოქალაქო წრთობა. ეს მიზანი კი შეიძლება განხორციელდეს სასკოლო ცხოვრების პრაქტიკაში. სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს მოქალაქენი მისი აღსაზრდელები არიან. დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი, დაე, მისი მართვა, არსებითად, მოსწავლეთა ხელში გადავიდეს. მართვის ცოცხალი პრაქტიკა გამოაწრთობს მოზარდი თაობის მოქალაქეობრივ ხასიათს, იგი განავითარებს ბავშვებში მთლიანის ინტერესების მნიშვნელობისა და საერთო საქმისათვის პიროვნების შეზღუდვის აუცილებლობის შეგნებას. იგი განამტკიცებს ბავშვებში იმის რწმენას, რომ შემთხვევითი და დროებითი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ განამტკიცოს და განავითაროს მუდმივი და წარუვალი, რომ პრიმატია არა პირადული, რომელიც, არსებითად შემთხვევითია, არამედ საზოგადოებრივი, რომელიც წარუვალია, მუდმივია და აუცილებელი.
ეს რომ გაკეთდება, ხასიათის სამოქალაქო აღზრდა, უეჭველად, უზრუნველყოფილი იქნება. ამრიგად, მთელ რიგ საქმეებში (ექსკურსია, კლასი, დისციპლინა და ა.შ.) თვითმართველობის შემოღება არის მოქალაქეობრივი გრძნობების აღზრდის უმნიშვნელოვანესი საშუალება. დღეს თუ თანამედროვე სკოლა, მისი ხელმძღვანელები დროისა და ძალების უდიდეს ნაწილს ხარჯავენ სასწავლო პროგრამებისა და სწავლების მეთოდების დამუშავებაზე, მომავლის სკოლა, რომლის მიზანი და მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდა იქნება, აუცილებლად ბევრს იფიქრებს სასკოლო ცხოვრებაში მჩქეფარე პრაქტიკულ საქმიანობაზე, რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში თვითმოქმედებას, ინიციატივას, შეუპოვრობას. ყოველივე ეს შეფერილი იქნება საერთო საქმისადმი სამსახურის სურვილით, მუდვმივი და წარუვალის შექმნის მზაობის შეგნებით.
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება
- „რომ აპატიებ და მაინც რომ გახსოვს“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- როგორ იცვლებოდა პედაგოგების რიცხოვნობა საჯარო და კერძო სკოლებში – 2020-2024 წლები by ამბები ზოგადი განათლებიდან