ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრები იქმნება
თბილისსა და ქუთაისში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებების უზრუნველყოფისთვის მომსახურების საპილოტე ცენტრები იქმნება, სადაც ერთ სივრცეში მოხდება, როგორც ბავშვის დაკითხვა და ექსპერტიზა, ასევე მის რეაბილიტაციაზე მუშაობა.
„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში ქმნის მომსახურებას, რომელიც უპასუხებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებებს, უზრუნველყოფს ამ ბავშვების მოკლე და გრძელვადიან ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას. ამასთანავე, ამავე სივრცეში განხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა საჭირო ღონისძიებები, რათა ბავშვი დაცული იქნას ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციისაგან (მსხვერპლად ყოფნა). ცენტრის პილოტირება განხორციელდება 2021 წლის ბოლომდე. პილოტირების მონიტორინგის შედეგები გამოავლენს, ერთი მხრივ – ცვლილებების საჭიროებებს ცენტრის მომსახურების გაუმჯობესების/შემდგომი განვითარებისა და, მეორე მხრივ – საჭიროებებს ცენტრის ბენეფიციართა წრის გაფართოებისათვის“, – ნათქვამია ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციაში.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ გამოძიებისას გამოვლენილი სხვადასხვა სირთულე. იმის გამო, რომ გამოძიებაში სხვადასხვა ორგანო ერთვებოდა (მაგ. საგამოძიებო ორგანოები, ექსპერტიზის ბიურო, ფსიქოლოგი) საჭირო იყო ბავშვის რამდენიმე სტრუქტურაში მიყვანა, რაც მოზარდის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახებოდა.
„ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის გამოძიებისას, ბავშვის საჭიროების განსაზღვრის, შესაბამისი მომსახურების მიწოდების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნით, საქმეში, ძირითად შემთხვევებში ერთდროულად ერთვება რამდენიმე სტრუქტურა. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, საჭიროა ბავშვის არაერთ უწყებაში მიყვანა და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც, კვლევებისა და კლინიკური გამოცდილების თანახმად, იწვევს ბავშვის რეტრავმატიზებას. ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტრავმული გამოცდილება ბავშვში იწვევს მეხსიერების სირთულეებს, ჩვენებაში შეცდომების დაშვების ალბათობის ზრდას, რის შედეგადაც გამოძიება აგროვებს არარელევანტურ მტკიცებულებებს. ცხადია, აღნიშნული წარმოადგენს გამოწვევას, მით უფრო, როდესაც სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ბავშვს შეუქმნას უსაფრთხო და მასზე ორიენტირებული გარემო, იზრუნოს მისი ფიზიკური და ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გამოძიება და სასამართლო პროცესი“, – ვკითხულობთ კონცეფციაში.
ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის დამატებითი დეტალები შესაძლებელია იხილოთ ბმულზე.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE