GE

„გამოცდების ამ მოდელით კვლავ არათანაბარ პირობებში არიან აბიტურიენტები“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, პედაგოგი როლანდ შავაძე დღეს დაწყებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ეხმიანება, აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს, არსებულ გამოწვევებზე აკეთებს აქცენტს და განმარტავს, რა უნდა შეიცვალოს მისი აზრით:

“ორიოდე სიტყვა ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ:

უ️დაოდ, ამ ტიპის გამოცდებით მოისპო კორუფცია. შეიქმნა საყოველთაო შესაძლებლობები. ეროვნულ დონეზე უმაღლესი განათლების მიღების შანსი თითქოს ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს მიეცა. ამიტომ ზოგიერთისთვის დღესაც მიიჩნევა ერთ-ერთ სანდო რეფორმად.
თუმცა, გამოცდების ამ მოდელით კვლავ არათანაბარ პირობებში არიან აბიტურიენტები.

რატომ?

მარტივად რომ ავხსნათ: თუ გამიმართლა ქალაქში დავიბადე, ჩემს გარემოში კი თანამედროვე სტანდარტების სკოლა და პროფესიონალი მასწავლებლები არიან, ან მდიდარი ოჯახის შვილი ვარ და რამდენიმე წელია ძლიერ რეპეტიტორებთან ვემზადები, ძალიან დიდი შანსი მაქვს სოფლის სკოლების კურსდამთავრებულებს წავართვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესაძლებლობა და ასევე გრანტიც. ანუ, მე კარგ განათლებას პრესტიჟულ უნივერსიტეტში უფასოდ მივიღებ, ხოლო რეგიონის სკოლიდან ჩემი თანატოლი გიორგი თუ ჩაირიცხება პრესტიჟულ უნივერსიტეტში ე.ი მას ძალიან გაუმართლა, მაგრამ მისი ოჯახი სწავლის საფასურის გადახდას დიდი ალბათობით ვერ აიცილებს.

რა უნდა შეიცვალოს?

კაპიტალიზმის პრინციპია, მაღალი კონკურენცია წყვეტს ყველა სფეროში ადამიანების ბედს. ამიტომ, სამართლიანობა მოითხოვს, სწორად გაითვალოს პოტენციური რისკები. გამოცდების ამ მოდელს თუ ვტოვებთ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სკოლებში შეიქმნას თანაბარი პირობები, რაც შეუძლებელია, არ გვაქვს საკმარისი რესურსი, არც პოლიტიკური ნება. მაშინ უნდა შეიცვალოს ეს მოდელი და რეგიონის სკოლების კურსდამთავრებულებს უნდა შევუქმნათ განსხვავებული საგამოცდო მოთხოვნები (პოზიტიური დისკრიმინაცია).

გამოცდების ამ მოდელის ავკარგიანობაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ და ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ კიდეც.

მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს.
სამართლიან საქართველოში გეცხოვროთ!”, – აცხადებს საკუთარ წერილში როლანდ შავაძე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური