განათლების კომიტეტის თავმჯდომარე 6 წელს მიუღწეველი ბავშვების საკითხზე მშობლებს მიმართავს – „ამ ბავშვებს შევუნარჩუნოთ ბავშვობა“
„ყოველთვის არის მეორე დღე და ჩამკეტი უნდა არსებობდეს“, – ასე გამოეხმაურა 16 ნოემბერს, EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი პეტიციის ავტორების მოთხოვნას, რომ 2026-2027 სასწავლო წლის მსგავსად, 6 წელს მიუღწეველი ბავშვები პირველ კლასში 2027-2028 სასწავლო წელსაც ჩარიცხონ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პეტიცია 16 ნოემბერს დაახარვეზა და მზაობა გამოთქვა, მოქალაქეების მოთხოვნა კიდევ ერთხელ მიიღოს, თუკი პეტიცია პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების შესაბამისად მომზადდება. (იხ. საპროცედურო კომიტეტის დასკვნა). პეტიციის ავტორმა, ნანა ლომიძემ ხელმოწერების მოთხოვნის შესაბამისად შეგროვება უკვე დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოსთვის მათ ხელახლა წარდგენას რამდენიმე დღეში აპირებს. როგორც მშობელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, მთავრობამ 6 წელს მიუღწეველი ბავშვების სკოლაში შესვლის საკითხის შესწავლა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაც დაავალა.
მარიამ ლაშხი კი, რომელიც არც საგამონაკლისო წესის შემოღებამდე იყო მომხრე, ექვს წელს მიუღწეველი ბავშვების სკოლაში შესვლის, ახლაც აცხადებს, რომ „ბავშვებს ბავშვობა უნდა შევუნარჩუნოთ“.
ჩვენთან საუბრისას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გამოთქვამს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს პეტიციის ავტორებს, თუმცა ახსენებს მათ, რომ სასკოლო ასაკთან დაკავშირებული ცვლილების ინიციატორიც და განმახორციელებელიც განათლების სამინისტროა. ლაშხის თქმით, თუკი პეტიცია დღის წესრიგში ისევ დადგება, განათლების კომიტეტი საკითხს პროცედურების დაცვით, კომიტეტის წევრებთან ერთად განიხილავს.
მარიამ ლაშხი იხსენებს, რატომ შევიდა 2026-2027 სასწვლო წლისთვის „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში გარდამავალი დებულება, რომლის საფუძველზეც, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 6 წელს მიუღწეველ ბავშვებს პირველ კლასში სწავლის დაწყების უფლება მიეცათ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, მაშინ ცვლილების ინიცირება დაგვიანებით მოხდა, ბავშვებს ე.წ. Free School-ის პროგრამის გავლა მოუწევდათ მეორედ, თუკი პირველ კლასში არ შევიდოდნენ, ახლა, მისი თქმით, განსხვავებული ვითარებაა, მათ შორის განახლდა საჯარო საბავშვო ბაღის კურიკულუმი და საჭიროა, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება.
„ძალიან სწორი და მკაფიო ხედვა აქვს განათლების სამინისტროს, თუ რატომ დააინიცირა ეს ინიციატივა – იმიტომ, რომ ბავშვის ინტერესი იყოს დაცული და სასკოლო მზაობა არსებობდეს.
წლის დაკარგვა არის მენტალიტეტის თემა. მე-12 კლასი ხდება არჩევითი. ის, ვინც ირჩევს 11 კლასს, ისედაც ერთი წლით ადრე ამთავრებს. და ამ ბავშვებს შევუნარჩუნოთ ბავშვობა. თუ ბავშვის ინტერესიდან გამოვდივართ, განმავითარებელი, დამატებითი პროელემენტები არის ჩართული ბაღში, რათა სკოლაში შესასვლელად მოემზადონ. ყოველთვის იქნება თარიღი. მეც მაგალითად, მიმაჩნია, რომ თუ ორშაბათი 16 სექტემბერს მოუწევს და ამ დღეს დაიწყება სწავლა, რა დააშავა 16 სექტემბერს დაბადებულმა ბავშვმა? მაგრამ ყოველთვის არის მეორე დღე და ჩამკეტი უნდა არსებობდეს. ადრე 31 დეკემბერი იყო ჩამკეტი და იქ შეიძლება ნაკლები კითხვა იყო, მაგრამ 10 იანვარს დაბადებული ბავშვის მშობელმაც მომართა კომიტეტს მაშინ“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, 2026-2027 სასწავლო წლამდე, პირველ კლასში სწავლის დაწყების უფლება იმ წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს ჰქონდათ. ამჟამინდელმა განათლების მინისტრმა კი წინამორბედის გადაწყვეტილება ისევ შეცვალა და ძველ წესს დაუბრუნა – „პირველ კლასში უნდა ჩაირიცხოს ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება“. მიუხედავად ამისა, როგორც განათლების სამინისტროს, ასევე პარლამენტის განათლების კომიტეტის უარის შემდეგ, მშობლების მოთხოვნამ გაჭრა და გამონაკლისი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის საფუძველზე მაინც დაუშვეს.
შედეგად, 2026-2027 სასწავლო წელს მოხდა საგამონაკლისო წესის „ერთჯერადად დაშვება“ და პირველ კლასში შევიდნენ ის ბავშვებიც, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
ამავე თემაზე:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის ცოდნაში შეამოწმებენ – 15 წლის მოზარდებს AI წიგნიერების სერტიფიკატების მიღება შეეძლებათ
by ARIS.GE-განათლება
-
რა აქვს სათქმელი პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრისთვის სასკოლო მათემატიკის 50-მდე დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორს – მიმართვა
by ARIS.GE-განათლება
-
ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალი წესი დამტკიცდა – ვის მოუწევს ზოგადი უნარების ტესტის წერა
by ARIS.GE-განათლება
