ერთჯერადი გადაწყვეტილებით, 2026 წელს პირველ კლასში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები დარეგისტრირდებიან
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დღეს, 3 მარტს, განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 2026-2027 სასწავლო წეელს, ერთჯერადად, საგამონაკლისო წესით, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციებით მიიღეს.
უახლოეს დღეებში, მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს პარლამენტს, რომ შესაბამისი ცვლილება დაჩქარებული წესით დამტკიცდეს. ცვლილება არ შევა ზოგადი განათლების შესახებ კანონის იმ კონკრეტულ მუხლში, რომელიც სასკოლო ასაკს 15 სექტემბრის ჩათვლით განსაზღვრავს.
“გარდამავალ დებულებებს დაემატება ერთი დამატებითი მუხლი, რომელიც იტყვის, რომ საგამონაკლისო წესით, ეს [ზემოთხსენებული] მუხლი არ ვრცელდება 2020 წელს დდაბადებულ იმ ბავშვებზე, რომელთაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი. შესაბამისად, მათ შეეძლებათ, რომ ერთჯერადად ეს რეგისტრაცია გაიარონ”, – თქვა გივი მიქანაძემ
როგორ ახსნა განათლების მინისტრმა გადაწყვეტილება გამონაკლისის დაშვების შესახებ
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ზოგადი განათლების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, სკოლებში განათლების ხარისხის ზრდისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. მათ შორის, ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს – კერძოდ იმას, რომ რეფორმის ფარგლებში, ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ჩვენი ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას.
ბოლო პერიოდში, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში იქცა განხილვის საგნად. გვქონდა აქტიური დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვადასხვა რეგიონში პირადად შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის მშობლებს, რომელთა მხრიდან, სასკოლო ასაკის გარდა, არაერთი აქტუალური გამოწვევის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ამასთან, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვასა და განცხადებას. ამ ყველაფრის შემდეგ, საბოლოოდ შევჯერდით და გაცნობებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარდამავალი პერიოდი და მშობელთა საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინეს.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა. შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის. მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ამავე თემაზე:
პარლამენტმა გამონაკლისის დაშვებაზე უარი თქვა – 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში არ ჩარიცხავენ
-
განათლების სამინისტროს ახალი სამმართველო დაემატა – გაიწერა საქმიანობა და კომპეტენციები
by ARIS.GE-განათლება
-
მოსწავლის ტრადიციული შეფასების ხარვეზები და შეფასება, როგორც სწავლის მხარდამჭერი ინსტრუმენტი
by განათლებული ბლოგი
-
გაიზრდება თუ არა მინიმალური ზღვარი ამა თუ იმ საგანში – 2026 წლის აბიტურიენტებს NAEC-ის დირექტორი პასუხობს
by ARIS.GE-განათლება