ცვლილება სასკოლო ასაკში – პირველ კლასში შევა მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღეს, 2 დეკემბერს, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გივი მიქანაძის თქმით, გამოვლინდა, რომ 6-წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან დღეს არსებული კანონმდებლობით, სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება უჭირთ.
„პირველ კლასში ჩარიცხვა მისამართის მიხედვით“ – რეგისტრაციის პროცესს ახალი ეტაპი ემატება
„ამიტომ, იმ კომპონენტიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
თემაზე დამატებითი განმარტებისას გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ორი ფაქტორი იყო განმაპირობებელი:
„პირველ რიგში, არის ის, რომ დავაკვირდით იმ ბავშვებს, რომლებიც შედიან სკოლაში მაშინ, როდესაც მათ 6 წელი ჯერ არ შესრულებიათ. მნიშვნელოვანია, რომ იყოს საკმაოდ ძლიერი ბმა სკოლამდელსა და სასკოლო მიმართულებებს შორის იმიტომ, რომ ეს გადასვლა არ არის მარტივი. ბავშვი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მისი სრული ინტეგრირება მოხდეს სასკოლო პროცესებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაკვირდებით. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რეალობა. მინდა გითხრათ, რომ ბევრ ევროპულ და მსოფლიოს ქვეყანაშიც ანალოგიური გამოწვევები ჩნდება კონკრეტულად რაც უკავშირდება იმას, რომ ბავშვის სოციალურ-ემოციური ფონი, მისი მზაობა, რომ ჩაერთოს სრულფასოვნად სასწავლო პროცესში, არ არის მზად და შესაბამისად, გარკვეულწილად ეს თავის არა დადებით გავლენას ახდენს ამ პროცესებზე.
„ამასთანავე, რადგანაც ჩვენ ძირითად კომპონენტად გადავდივართ 11 წლიან სასწავლო პროცესზე, აქ, რა თქმა უნდა, დამამთავრებელი ასაკი ასევე მცირდება. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ორი ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ წარმოდგენილ კონცეფციაში გვაქვს ხედვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს კონცეფცია ამ ფორმით დამტკიცდება, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვის ასაკი უნდა იყოს სკოლაში შესვლისთვის აუცილებლად ექვსი წელი. ამიტომ, ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით ვისაც შეუსრულდება ექვსი წელი, მხოლოდ ამ ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათი სკოლაში შესვლა და სასწავლო პროცესში ჩართულობა“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღემდე პირველ კლასში იღებდნენ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც 6 წელი შესრულებული ჰქონდათ 31 დეკემბრის ჩათვლით.
ასევე იხილეთ:
საბაზო განათლება ისევ 9-წლიანი ხდება – განათლების მინისტრმა სასკოლო საფეხურები წარმოადგინა
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება