განათლების მინისტრი ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას 2 დეკემბერს წარადგენს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ზოგადი განათლების კონცეფციას ხვალ, 2 დეკემბერს წარადგენს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 1-ელ დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობა უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციას დღეს ამტკიცებს.
„ბუნებრივია, განათლების რეფორმა თავისი შინაარსით უნდა იყოს კომპლექსური. უმაღლესი განათლების რეფორმასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც განხორციელდება ზოგადი განათლების სფეროში და ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას განათლების მინისტრი ხვალ გაუზიარებს საზოგადოებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი
ზოგადი განათლების რეფორმის წარდგენა ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს დაანონსდა. აი, რა თქვა მაშინ განათლების მინისტრმა და რა გეგმით მუშაობდა სამინისტრო კონცეფციაზე:
11-წლიანი სასწავლო რეჟიმი
„ბატონმა პრემიერმა პრეზენტაციაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაწყებულია მუშაობა, რომ სასკოლო-საგანმანათლებლო პერიოდი 12-წლიანი სწავლებიდან 11-წლიან სასწავლო რეჟიმზე გადავიდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ისევე, როგორც წარმოდგენილი კონცეფცია, შემდგომი განხილვებისა და პოზიციათა შეჯერებისთვის იქნება ფართოდ განხილული და წარდგენილი სხვადასხვა ფორმატში შესაბამის დაინტერესებულ პირებთან დისკუსიისთვის“.
საგნობრივი სტანდარტების ბმა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან
„ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარშან სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა დოკუმენტი, რომელსაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების სახელწოდებით ვიცნობთ. ეს არის სასკოლო განათლების ერთგვარი კონსტიტუცია და ამ დოკუმენტში, რომელიც შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა, 2004 წლის წინამორბედი დოკუმენტისგან განსხვავებით, არის ორიენტირი ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების დამკვიდრებაზე სასწავლო პროცესში.
სწორედ ამ ფასეულობების გათვალისწინებით, სამინისტროში მომზადდა შესაბამისი სტანდარტი, რომელიც თითოეული საგნის პროგრამასთან არის დაკავშირებული. ეს სტანდარტი შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად უახლოეს დღეებში უკვე ფართო განხილვაში განხორციელდება, რის შემდეგაც უკვე საბოლოოდ დამტკიცდება. ეს გახდება ფუნდამენტი იმისა, რომ სამინისტროში შეიქმნება ექსპერტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები და ეს სამუშაო ჯგუფები სწორედ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ახალი სტანდარტების გათვალისწინებით, იმ ეროვნული ღირებულებების კონცეპტუალური გათვალისწინებით, დაიწყებენ ახალი სახელმძღვანელოების, სტანდარტული სახელმძღვანელოების შემუშავებაზე მუშაობას, რომელიც მთლიანად სასკოლო საზოგადოებაში დაინერგება“.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელზეც ჩვენ სასკოლო რეფორმასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ სასკოლო რეფორმა ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. ამის თაობაზე ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება დამატებითი პრეზენტაცია, სადაც უფრო დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას, თუ რა გეგმები გვაქვს სასკოლო რეფორმასთან მიმართებით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
საკანონმდებლო სიახლე – კოდიფიცირება
„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი პრემიერის მხრიდან მხარდაჭერილ ინიციატივას, რომელზეც მუშაობა ამ დღეებში სამინისტროში დაიწყება. შეიქმნება შესაბამისი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს განათლებისა და მეცნიერების შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავებაზე. ეს იქნება მიმობნეული კანონების ერთად შეჯერება და კოდიფიცირება – ანუ ერთ სივრცეში თავმოყრა, რომელიც იქნება შესაბამისი პასუხი თანამედროვე გამოწვევებსა და იმ საჭიროებებზე, რომელის წინაშეც განათლებისა და მეცნიერების სისტემა, განათლების ყველა საფეხური დგას. შესაბამისად, 2026 წელს სამთავრობო-საკანონმდებლო ინიციატივით ეს კანონპროექტი, შესაბამისი განხილვისა და შემდგომში დამტკიცების მიზნით, პარლამენტს წარედგინება.
ძალიან ბევრი გეგმებია. საუნივერსიტეტო რეფორმა, რომელზეც დღეს პირველი საჯარო საუბარი შედგა, არის დასაწყისი იმისა, რომელიც როგორც გითხარით, პირდაპირ ბმაშია როგორც პროფესიული მიმართულების, ასევე სასკოლო განათლების რეფორმასთან. სამინისტრო, მთავრობის და პირადად პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, მაქსიმალურად მობილიზებული არის იმისთვის, რომ ეს რეფორმა საზოგადოების ჩართულობითა და მონაწილეობით, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების თვალსაზრისით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განვახორციელოთ“.
ასევე იხილეთ:
მთავრობა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას დღეს დაამტკიცებს – ცნობილია, რა სამუშაოები დაიწყება
სკოლაში სწავლა 11-წლიანი გახდება – ირაკლი კობახიძის განცხადება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება
