მე-12 კლასის გაუქმების გადაწყვეტილება იცვლება? – რა განმარტებას აკეთებენ განათლების მინისტრი და მისი მოადგილე
დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის სრულად გაუქმებასთან დაკავშირებით თავდაპირველი საუბრები შეარბილა და უწყების წარმომადგენლებისგან ახლებურ განცხადებებს ვისმენთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ერთ თვეში უნდა გახდეს ცნობილი, მაშინ, როცა მოსახლეობას ზოგადი განათლების რეფორმის ხედვას გააცნობენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო რეფორმის კონცეფციის შემუშავება დასკვნით ეტაპზეა და მისი წარდგენა საზოგადოებისთვის მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იგეგმება.
როგორც მინისტრმა 11 ნოემბერს, სატელევიზიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, კონცეფცია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტს დაეფუძნება და გადაწყდება, მოსწავლეებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 11 წელი მოუწევთ თუ 12.
სკოლაში სწავლა 11-წლიანი გახდება – ირაკლი კობახიძის განცხადება
„11 თუ 12-წლიანი სწავლების საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. გვაქვს გარკვეული პოზიცია გამოკვეთილი, მაგრამ უახლოესი კვირების განმავლობაში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან კონსულტაციას გავმართავთ. რაც შემიძლია წინსწრებით გითხრათ, არის ის, რომ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოების ინტერესებზე მორგებული და ყველა ჯგუფისთვის მისაღები იქნება. მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა არგუმენტი მოვისმინოთ, ყველა ინფორმაცია შევკრიბოთ, შევაჯეროთ და შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ.
ჩვენ ვამზადებთ, ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზე გვაქვს სასკოლო რეფორმის კონცეფცია. ჩვენ ვთქვით ამის შესახებ, როდესაც უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია პრემიერმა წარადგინა, რომ სასკოლო რეფორმა განყენებულად ვერ იქნება. ეს არის პირდაპირ კავშირში პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება-განვითარებასთან და ამავდროულად, სასკოლო რეფორმასთან, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტზე უნდა იყოს დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, გვაქვს უკვე საკმაოდ საინტერესო ხედვა, რომელიც საზოგადოების მოთხოვნასა და ინტერესებზე, ჩვენი ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემაზე არის ორიენტირებული, რომელსაც საზოგადოებას ნოემბრის ბოლოს, მაქსიმუმ დეკემბრის პირველ რიცხვებში წარვუდგენთ. მანამდე გამართული კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოოდ შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, 11 კლასი იქნება თუ 12“, – განაცხადა გივი მიქანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
საჯარო სკოლებში სწავლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება 12 ნოემბერს, განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამაც გააკეთა და დააკონკრეტა, რომ 12 კლასი კერძო სკოლებში ოფციის სახით შენარჩუნდება, საჯარო სკოლებში კი – შესაძლებელია, გარკვეული ტიპის კლასების დამატებით.
ზვიად გაბისონიას თქმით, იმ მოსწავლეების რაოდენობის დადგენის მიზნით, რომლებსაც სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, შესაძლოა, წინასწარი რეგისტრაცია დაიწყოს. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, სწორედ ასეთი მოსწავლეების რაოდენობა განსაზღვრავს, საჯარო სკოლებში სპეციალიზებული მე-12 კლასის ნაწილის დამატების საკითხს.
„განათლების სამინისტრო ამუშავებს მოდელს, რომელიც დეკემბრის დასაწყისში იქნება ერთიან კონცეფციაში წარმოდგენილი და რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი წარადგენს. ეს იქნება ზოგადი განათლების რეფორმის მიმართულებით პრეზენტაცია, სადაც ძალიან ნათლად ვაჩვენებთ, საზოგადოებას რა ტიპის მოდელს ვთავაზობთ. პრაქტიკულად, ასეთი ტიპის ბავშვების [ვისაც სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს] ოდენობა სტატისტიკურად ძალიან მცირეა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბავშვის ინტერესი იყოს დაცული და არ ჰქონდეთ გარკვეული ბარიერები. ამიტომ, ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ 12 კლასი ოფციის სახით იქნება შენარჩუნებული როგორც კერძო სკოლებში, ასევე შესაძლებელია საჯარო სკოლებში გარკვეული ტიპის კლასების დამატებით. ეს დამოკიდებულია [მოსწავლეთა] რაოდენობაზე და ვფიქრობთ, რომ ამაზე უფრო დეტალებში მინისტრი ისაუბრებს. ვფიქრობთ, შეიძლება, გარკვეული ტიპის წინასწარი რეგისტრაციები დავიწყოთ, რომ ვნახოთ, რა რაოდენობის მოსწავლეებზეა ლაპარაკი და იმის მიხედვით, საჯარო სკოლებში სპეციალიზებული მე-12 კლასის ნაწილი დავამატოთ“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას.
შეგახსენებთ, სასკოლო წლების შემცირებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს, უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენისას ისაუბრა. მთავრობის მეთაური მაშინ აცხადებდა, რომ სკოლები 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდნენ, რადგან 11 წელში სასწავლო პროგრამის ათვისება სრულიად შესაძლებელია. რამდენად შეცვლის პირვანდელ გადაწყვეტილებას მთავრობა, განათლების სამინისტროსთან ერთად, ამას წესით ერთ თვეში გავიგებთ.
ასევე იხილეთ:
„რაც უფრო მალე დაასრულებენ ბავშვები და ახალგაზრდები ამ სიყალბეში „სწავლას“, მით უკეთესი მათთვის“
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება