GE

გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგები – რომელ უმაღლესებში გადავიდა მეტი სტუდენტი

უმაღლეს სასწავლებლებში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგები ცნობილია და ამ ეტაპზე სტუდენტების სხვა უმაღლესში გადასვლის პროცესი მიმდინარეობს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ EDU.ARIS.GE -სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უნივერსიტეტის შეცვლის სურვილი1 851-მა სტუდენტმა გამოთქვა, საიდანაც 172 სტუდენტს მობილობაზე უარი ეთქვა.

„2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო მობილობაზე სხვა დაწესებულებაში გადასვლის სურვილი, ელექტრონულ პორტალზე არჩევანის გაკეთების გზით, გამოთქვა 1851 სტუდენტმა. მათ შორის 1679 სტუდენტს ელექტრონულმა პორტალმა მიანიჭა მობილობის უფლება, ხოლო 172 სტუდენტს ეთქვა უარი. ის პირები, რომელთაც მობილობის ელექტრონულ პორტალზე მოიპოვეს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის უფლება, უფლებამოსილნი არიან, განცხადებით მიმართონ მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე. დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ. დაწესებულება, ამ წესით გათვალისწინებული პირობებისა და მობილობის მსურველი სტუდენტის თანხმობის საფუძველზე, შეიმუშავებს სამართლებრივი აქტის პროექტს სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის თაობაზე. აღნიშნულ ბრძანების პროექტზე მართვის სისტემის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ, 1-ლ მარტამდე გაზაფხულის სემესტრში“, – განმარტეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომელთაც მობილობაზე უარი ეთქვათ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამის მიზეზად სტუდენტის არასაკმარისად კონკურენტუნარიან სკალირებულ ქულას, ან მობილობის საფასურის გადაუხდელობას ასახელებენ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგად ყველაზე მეტი სტუდენტის მიღება საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეძლო. მობილობის კუთხით, ხუთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტის სია (ვაკანტური ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება:

სტუდენტების გადასვლის მაჩვენებლები:

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 743 სტუდენტი

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 637 სტუდენტი

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -479 სტუდენტი

შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ – 475 სტუდენტი

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 447 სტუდენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური